„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისას მანდატების განაწილების ახლებურ წესზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, 5%-იანი ბარიერის შენარჩუნებისა და ბლოკების არ არსებობის პირობებში, გადაუნაწილებელი მანდატები ავტომატურად გამარჯვებულ პარტიას მიეკუთვნება. „არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელშიც პროპორციული არჩევნების დროს ბარიერი 5%-ია და ყველა ბარიერგადაულახავ ხმას გამარჯვებული იღებს“, - განაცხადა კაპანაძემ.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის პროექტის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი. ამჟამად, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში მოქმედებს შერეული საარჩევნო სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ტარდება როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით. პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პროპორციული საარჩევნო სისტემის ნაწილში 77 მანდატი მხოლოდ იმ პარტიებს შორის ნაწილდება, რომლებიც ამომრჩეველთა სულ მცირე 5%-იან მხარდაჭერას მიიღებენ.
ბარიერგადალახულ პარტიებს შორის მანდატების გადანაწილება საარჩვნო კოდექსით დადგენილი სპეციალური ფორმულით ხდება. იმ შემთხვევაში, თუ პარტიათა მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა 77-ზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში იმ პარტიებს დაემატებათ რიგითობის მიხედვით, რომლებსაც 6-ზე ნაკლები მანდატი აქვთ და ის 6-მდე შეევსებათ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ კვლავ დარჩება გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი მანდატების ამოწურვამდე რიგითობის მიხედვით იმ საარჩევნო სუბიექტებზე გადანაწილდება, რომლებმაც შევსების გარეშე 6 მანდატზე მეტი მიიღეს. გადაუნაწილებელი მანდატების განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნული საარჩევნო კოდექსის ჩანაწერები ცდილობს უზრუნველყოს განაწილება, რომ მხოლოდ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ არ მიიღოს ყველა გადაუნაწილებელი მანდატი, როგორც ეს ახალი კონსტიტუციის პროექტშია.
მანდატების გადანაწილების განსხვავებულ წესს გვთავაზობს კონსტიტუციის პროექტი, რომლის 37.6-ე მუხლის ბოლო წინადადების მიხედვით, გაუნაწილებელი მანდატები ავტომატურად იმ პარტიას გადაეცემა, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო მეტ ხმას მიიღებს, თუნდაც ეს განსხვავება ძალიან მცირე იყოს.
სერგი კაპანაძემ იმ თეორიულ შანსებზეც ისაუბრა, რომელიც შეიძლება ასეთი სისტემის მოქმედების შემთხვევაში განვითარდეს. მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული 20%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტიამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც კი შეძლოს. შესაძლოა აღნიშნული სცენარი ერთი შეხედვით არარეალისტური იყოს, თუმცა კონსტიტუციის პროექტით ასეთი რისკები ჯერჯერობით გათვალისწინებული და დაზღვეული არ არის.
აღსანიშნავია, რომ "მოამბესთან" ინტერვიუში აღნიშნული რისკების თეორიული არსებობა პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურა. „შესაძლოა პარტიამ არჩევნებში 30% აიღოს და ბონუსის წყალობით მან 70% მიიღოს პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ამგვარი რისკების გამორიცხვის მიზნით, ბონუსებთან მიმართებით გარკვეული ზღვრების დაწესების პირობა დადო.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კონსტიტუციის პროექტი აღარ ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების შექმნას, რის შესაძლებლობასაც მოქმედი კონსტიტუცია იძლევა. რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ცალკეული პარტიების მიერ 5%-იანი ზღვარის გადალახვის შესაძლებლობა.
ფაქტ-მეტრი შეეცადა გადაემოწმებინა მსოფლიოში არსებული პროპორციული საარჩევნო სისტემის მქონე ის ქვეყნები, სადაც 5%-იანი საარჩევნო ბარიერის არსებობის პირობებში, ყველა ბარიერგადაულახავ ხმას გამარჯვებული პარტია ბონუსის სახით იღებს.
ჩვენ ცალკე შევისწავლეთ ისეთი ქვეყნები, რომელთაც 5%-იანი ბარიერი აქვთ დაწესებული (მაგ. გერმანია, ბელგია, ესტონეთი, უნგრეთი, მოლდოვა და სხვა), თუმცა, არცერთ შემთხვევაში ბონუსის კანონპროექტით შემოთავაზებული სისტემა არ შეგვხვედრია. ასევე ცალკე შევისწვალეთ ის ქვეყნები (საბერძნეთი, იტალია, სანმარინო და სხვა), სადაც ბონუსის სისტემა გამოიყენება, თუმცა საქართველოს მსგავსი სისტემა არც ამ შემთხვევაში დაფიქსირებულა.
აღნიშნული კვლევის შედეგად, საბოლოოდ ფაქტ-მეტრი მივიდა დასკვნამდე, რომ მართლაც არ არსებობს არც ერთი ისეთი საპარლამენტო არჩევნების სისტემის მქონე ქვეყანა, რომელშიც ბარიერი 5%-ია და გამარჯვებულს ყველა ბარიერგადაულახავი პარტიის ხმა ბონუსის სახით გადაეცემა.
კონსტიუტუციის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, გამარჯვებული პარტიისთვის გაუნაწილებელი მანდატების მინიჭება, დემოკრატიული სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. „გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნების წესი ქმნის მცირე დამატებით შესაძლებლოას სისტემის სტაბილური ფუნქციონირებისათვის. ამასთან, ეს წესი ბევრად რბილია გამარჯვებული პარტიისთვის ფორის მიცემის იტალიურ და ბერძნულ მოდელებთან შედარებით“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში. ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა იტალიის და საბერძნეთის სისტემების მიმოხილვა და საქართველოს მოდელთან მათი შედარება.
იტალია
2015 წლიდან იტალიაში პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით მინიმალური ბარიერი 3%-ია და ამასთან დაშვებულია საარჩევნო ბლოკების შექმნა (კონსტიტუციის პროექტის მიხედვით ბლოკების შექმნა აკრძალულია). ამასთან, გამარჯვებული პარტია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს დამატებით მანდატებს თუ მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 40%-ზე მეტი იქნება. თუმცა, არც დამატებითი მანდატების მიღება არის შეუზღუდავი. კერძოდ, იტალიაში დაწესებულია ზედა ზღვარი, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულ პარტიას მხოლოდ 54%-მდე შეიძლება შეევსოს მანდატების რაოდენობა, რაც აღნიშნული წესით პარტიის მიერ კონსტიტუციური უმრავლესობის მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს. საქართველოს შემთხვევაში კი ბონუსის საფუძველზე დაბალი მხარდაჭერის მქონე პარტიამ შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობაც მოიპოვოს, რადგან არ არსებობს რაიმე ჩანაწერი, რაც ასეთ განვითარებას გამორიცხავს.
თუკი იტალიაში პირველ ტურში ვერცერთი პარტია ვერ შელძებს 40%-ის მოგროვებას, ორი კვირის შემდეგ მეორე ტური ინიშნება, რომელშიც პირველი ტურის შედეგებით ორი ყველაზე მაღალპროცენტიანი პარტია მიიღებს მონაწილეობას. ამ ტურში გამარჯვებულს მანდატების 54% მიენიჭება, ხოლო დარჩენილი მანდატები პარტიებს შორის პირველი ტურის შედეგების მიხედვით განაწილდება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რეგულირებამდე იტალიაში 2005-2014 წლებში სხვაგვარი სისტემა მოქმედებდა, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გამარჯვებულს ყოველგვარი ზღვარის გარეშე ავტომატურად ანიჭებდა მანდატების 54%-ს, რაც იტალიის საკონსიტუციო სასამართლოს 2014 წლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
სწორედ ამის შემდგომ დაწესდა იტალიაში 40%-იანი მინიმალური ზღვარი იმისათვის, რომ რომელიმე პარტიამ აღნიშნული ბონუსი მოიპოვოს. საქართველოს შემთხვევაში კი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით არ არსებობს რაიმე სახის წინაპირობა, გარდა გამარჯვებისა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს პარტიამ იმისათვის, რომ ყველა გაუნაწილებელი მანდატი მან აიღოს.
საბერძნეთი
საბერძნეთის შემთხვევაშიც, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ნაწილდება, რომლებიც შეძლებენ სულ მცირე ამომრჩეველთა 3%-ის ხმების მიღებას. ამასთან, დასაშვებია საარჩევნო ბლოკების შექმნა. რაც შეეხება ბონუსის მიღების სისტემას, ამ შემთხვევაში ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტია, 300 მანდატიდან ავტომატურად იღებს ფიქსირებულ 50 მანდატს, ანუ საერთო რაოდენობის 16.7%-ს.
მართალია საბერძნეთში ამჟამად ასეთი სისტემა მოქმედებს, თუმცა 2016 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, რომელიც ძალაში ორი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევა, აღნიშნული 50 მანდატიანი ბონუსი უქმდება.
აშკარაა განსხვავებები საქართველოს საკონსტიტუციო პროექტის პროპორციულ სისტემასა და საბერძნეთის მოდელს შორის. ერთადერთი, რითაც ეს ორი სისტემა ერთმანეთს ჰგავს არის დამატებითი მანდატების მიღების ნაწილში მსგავსება, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში 50 მანდატის პირდაპირ გადაცემას ითვალისწინებს. ამასთან, საბერძნეთში ეს რაოდენობა კონკრეტულად განსაზღვრულია, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის პროექტში ის გაწერილი არ არის, რამაც შესაძლოა ბევრად მაღალ პროცენტულ მაჩვენებლამდე მიგვიყვანოს ბონუსის სახით ვიდრე ეს საბერძნეთშია. ეს კი მაშინ, როცა აღნიშნული მოდელი თავად საბერძნეთში სულ რამდენიმე წელიწადში გაუქმდება.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტებით ბარათში გამოთქმული აზრი, რომ ქართული სისტემა უფრო რბილია იტალიასა და საბერძნეთში არსებულ მოდელებთან შედარებით არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ჩვენს მოდელში არ არსებობს გარანტიები და გამარჯვებული პარტიის მიერ განუსაზღვრელი ძალაუფლების მოპოვების რისკების დაზღვევის მექანიზმები, რამაც შესაძლოა დემოკრატიულობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.
დასკვნა
მსოფლიოში მართლაც არ არსებობს ისეთი სისტემა, სადაც პარტიის მიერ გადასალახი ზღვარი 5%-ია და ამავე დროს გამარჯვებულ პარტიას ბონუსის სახით ყველა ბარიერგადაულახავი ხმა მიაქვს.
ასევე, თითქმის მსგავსება არ არის საბერძნეთისა და იტალიის მოდელებთან. პირიქით, იტალიის შემთხვევაში კანონმდებლობა კონკრეტულ 40%-იან ზღვარს უწესებს საარჩევნო სუბიექტს და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიჩნევს დასაშვებად ბონუსის სისტემის გამოყენებას. ხოლო, საბერძნეთის შემთხვევაში, მართალია გამარჯვებული პარტია პირდაპირ 16.7%-იან ბონუსს იღებს, მაგრამ აღნიშნული წესიც ორი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ იცვლება. ჩვენ კი აღნიშნული შინაარსის კონსტიტუცია შესაძლოა სწორედ ახლა მივიღოთ, რომელიც გამარჯვებულ პარტიას განუსაზღვრელი რაოდენობის მანდატებს ბონუსის სახით ყოველგვარი გონივრული ზღვარის დაწესების გარეშე მისცემს. კონსტიტუციით გარანტიების არ არსებობის გამო არსებობს იმის შანსი, რომ მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიამ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ პროპორციული სისტემის ასეთი მოწესრიგება გადაიხედება და შეიცვლება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგი კაპანაძის განცხადება არის სიმართლე.
თეგები: