ბოლო რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც პოლიტიკოსთა, ისე მოქალაქეთა დამოკიდებულება დაგეგმილი ცვლილებების მიმართ არაერთგვაროვანია. განსაკუთრებული ვნებათაღელვა პრეზიდენტის არჩევის წესმა გამოიწვია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორ აისახება საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები საკონსტიტუციო კანონზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“.
ბათუმში გამართულ საყოველთაო განხილვაზე სამოქალაქო საზოგადოების დიდ ნაწილს დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საკუთარი შეხედულების გამოხატვის საშუალება არ მიეცა, ამიტომ ფაქტ-მეტრმა აჭარაში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს რამდენიმე კითხვით მიმართა და საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასება სთხოვა.
როგორ შეაფასებთ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, შესძენს თუ არა ეს ცვლილებები მეტ ხარისხს რეგიონის დამოუკიდებლობას? ასლან ლორთქიფანიძე -
აჭარის დამოუკიდებელ ექსპერტთა თავმჯდომარე:
"საქართველოს კონსტიტუციური კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ განსაზღვრული ექსკლუზიური უფლებამოსილებები დუბლირებული იყო როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებთან, ისე ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებებთან. ეს უფლებამოსილებები ამოღებულია კონსტიტუციური კანონიდან. თუმცა რეგიონის უფლებამოსილება იზრდება აჭარის მთავრობის ფორმირების იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინების აჭარის ა/რ-ის მინისტრების უმაღლეს საბჭოში ისე წარდგენას, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის სამინისტროებთან შეთანხმებას აღარ საჭიროებს. ასევე, კონსტიტუციური კანონით, განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში აჭარას უფლება ექნება, ოთხი სამინისტროს ნაცვლად შექმნას იმდენი სამინისტრო, რამდენსაც ჩათვლის საჭიროდ. ამასთან, აჭარას შეეძლება ე.წ. „ნარჩენი კომპეტენციები“ გამოიყენოს. მთლიანობაში ეს ცვლილებები უფრო ტექნიკურ ხასიათს ატარებს და რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება რეგიონის ავტონომიურობის ზრდის ან შემცირების კუთხით არ არის. აჭარის სამართლებრივი სტატუსი უნდა განვიხილოთ ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ჭრილში და არა მისგან განცალკევებულად. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო კომისიამ უარი თქვა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხის გადაწყვეტაზე და მიზეზად ოკუპირებული ტერიტორიები დაასახელა. კარგი იქნება, თუ არ დაველოდებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და დანარჩენი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხს გადავწყვეტთ. დეოკუპაციამდე დანარჩენი საქართველოს განვითარებაზე უარი არ უნდა ვთქვათ“.
თამილა დოლიძე -გენდერის მედიაცენტრის დირექტორი, ჟურნალისტთა ქსელის „გენდერული თანასწორობისთვის“ კოორდინატორი რეგიონში: „ექვს თვეში აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ ახალი კონსტიტუცია უნდა მიიღოს და საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცოს. ავტონომიას რომ ეხება, იმ ხუთ მუხლში შესატანი კონკრეტული წინადადებები, განხილვებისას არ მომისმენია. ძალიან კარგია უფლებამოსილებების კონკრეტულად გაწერა. ცვლილებების შემდეგ ძალიან ბევრი უფლებამოსილების დელეგირება მოხდება და ესეც კარგია. დელეგირების შედეგი კი ფინანსური რესურსია. ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი დანიშნულების გზები ავტონომიური მნიშვნელობის გახდება, რადგან ყოველ დიდთოვლობაზე არ იქნება საჭირო იმის გარკვევა, ვინ უნდა მიხედოს გზებს. საუბარია თვითმმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს გაუმჯობესება თუ მხოლოდ არჩევნებისას მუნიციპალური საარჩევნო სიების შედგენით შემოიფარგლა, ეს ერთმნიშვნელოვნად ცუდია.
საერთო ჯამში, ეს ცვლილებები კარგია. გვიყურებს აფხაზეთი, იქნებ მოეწონოთ ავტონომია გაზრდილი უფლებებით“.
გიორგი ხიმშიაშვილი -საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე: „ცვლილებების შეფასება პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაწილებად შეიძლება გავყოთ. სამართლებრივი მიმართულებით, არსებითი ცვლილებები არ იგეგმება და ავტონომიური რესპუბლიკა რჩება იმ კომპეტენციის ნაწილში, რომელიც ამ დრომდე ჰქონდა. მიგვაჩნია, რომ ავტონომიის პრინციპი უნდა იყოს უფლებამოსილებათა მეტი დეცენტრალიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელშესახები გახდეს ავტონომია. ხოლო როგორ უნდა მოხდეს ეს, ამაზე შესაძლებელია მსჯელობა, რადგან დღეს ცენტრალური ხელისუფლება ბევრ კომპეტენციას ახორციელებს, დაწყებული ლიცენზიის გაცემიდან, დამთავრებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ნებართვის გაცემით. ის, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების - მინისტრების დანიშვნა ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად მოხდება, ზრდის ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობას. ასევე გაიზრდება ავტონომიის ფუნქციური ხარისხი, თუ გარკვეულ საკითხებზე უფლებამოსილება გადაეცემა ავტონომიურ რესპუბლიკას.
მაია მერკვილაძე -ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი: „ჩემი აზრით, ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ცნობილია, მინისტრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებთან შეთანხმების გარეშე დანიშნავს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სამინისტროების რიცხვიც გაზარდოს, თუმცა ეს რეგიონის მაცხოვრებლებისთვის არაფერს შეცვლის. ოდნავ გაიზრდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რეგიონის დამოუკიდებლობას და მის განვითარებას ეს ცვლილება ვერაფერს შემატებს“.
ეკატერინე დავითაძე -ჟურნალისტი, ტვ-25-ის საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერი: „მიმაჩნია, რომ დაგეგმილი ცვლილებები - უფლებამოსილების დელეგირება - ხელს შეუწყობს რეგიონის ფინანსურ განვითარებას, გაუმჯობესდება დამოუკიდებლობის ხარისხი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინისტრთა კაბინეტის დამოუკიდებლად დაკომპლექტება“.
საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა რამდენად უზრუნველყოფს ხალხის ნების გამოხატვას და ხომ არ იქნება ამ გზით არჩეული პრეზიდენტი ანგარიშვალდებული მხოლოდ მმართველი პარტიის წინაშე? ასლან ლორთქიფანიძე:
„საპარლამენტო რესპუბლიკების უმრავლესობაში პრეზიდენტს ირჩევენ არაპირდაპირი წესით, თუმცა ნატოსა და ევროკავშირის არაერთი წევრი საპარლამენტო ქვეყანაა, რომლებიც პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ, მაგალითად ხორვატია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, თურქეთი... ხორვატია 2000 წლამდე იყო ნახევრადსაპრეზიდენტო ქვეყანა, როგორც საქართველო 2012 წლამდე. 2013 წლამდე ჩეხეთში პრეზიდენტი აირჩეოდა არაპირდაპირი გზით. საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი სახელისუფლებო შტოებს შორის არბიტრის ფუნქციას ასრულებს. საქართველოს შემთხვევაში 300 ხმოსანიდან უმრავლესობა ერთი პარტიის წარმომადგენელი იქნება, ანუ პრეზიდენტი არჩეული იქნება ერთი პარტიის მიერ და შესაბამისად, ანგარიშვალდებული მის წინაშე, რის გამოც ის ვერ შეასრულებს არბიტრის ფუნქციას, არც სათანადო ლეგიტიმაცია ექნება. ამიტომაც, კონსტიტუციის გარდამავალი დებულებით, შესაძლოა განისაზღვროს, რომ არაპირდაპირი წესით არჩევა ძალაში 2023 წელს შევა და 2018 წლის არჩევნები კვლავ პირდაპირი წესით ჩატარდება. მომავალში, როცა საქართველოში განვითარდება პარტიული სისტემა, რამდენიმე პარტიის კონსენსუსის გზით, არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი ისევე კარგად შეასრულებს არბიტრის ფუნქციას, როგორც პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი და მისი ლეგიტიმაციაც შედარებით მაღალი იქნება“.
თამილა დოლიძე:„ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს, პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს!“
გიორგი ხიმშიაშვილი:„სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ თუ პოლიტიკურ ხელისუფლებას მხოლოდ პოლიტიკურ სუბიექტებს ერთპიროვნულად მივანდობთ, მაღალია რისკი იმისა, რომ გადაწყვეტილება იქნება მიკერძოებული, ვიწრო პოლიტიკურ ჭრილში მიღებული. ამიტომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არჩევითი. საარჩევნო ბარიერმა კი უნდა დაიწიოს, რათა მეტი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდეს პარლამენტში და პოლიტიკური პლურალიზმი მივიღოთ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ მუდმივად ვივლით ერთპარტიული მმართველობის გზაზე, რაც, ზოგადად, აფერხებს ქვეყნის განვითარებას“.
მაია მერკვილაძე:„მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება აირჩევს წარმომადგენლებს, რამდენიმე ასეული ადამიანის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენა ცალკეულ ჯგუფებს უფრო ადვილად შეეძლებათ, ვიდრე პირდაპირი წესით არჩევნების დროს. აჭარის დეპუტაციის წევრებმა რეგიონის მოსახლეობას ჯერჯერობით მხოლოდ მმართველი გუნდის ერთგულებით დაამახსოვრეს თავი. იგივე მოლოდინი მაქვს პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაშიც“.
ეკატერინე დავითაძე:„ქართული საზოგადოება არ არის მზად პრეზიდენტის არჩევის წესის შესაცვლელად. სახელმწიფომ უნდა იმუშაოს სამოქალაქო საზოგადოების გასააქტიურებლად, რათა მან სწორად აირჩიოს ტერიტორიულ ორგანოებში საკუთარი წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ პრეზიდენტს ლეგიტიმაციას მიანიჭებენ. ის დეპუტაცია, რომელიც ახლა აჭარიდან პარლამენტშია წარმოდგენილი, არ მაძლევს იმის მოლოდინს, რომ მოსახლეობის აზრი გამოხატონ. თუმცა არც ერთი ხელისუფლების დროს არ გვყოლია აქტიური პარლამენტარები“.
თვლით თუ არა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით მოქალაქეების დამოკიდებულების განსაზღვრის საუკეთესო საშუალება პლებისციტია? ასლან ლორთქიფანიძე:
„არამგონია პლებისციტი საჭირო იყოს ამ საკითხის გადასაწყვეტად. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, ფართო საზოგადოების კონსენსუსის, ვენეციის კომისიის დასკვნის შედეგად შესაძლებელია ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება“.
თამილა დოლიძე:„პლებისციტის ჩატარება თანხის ხარჯვასთანაა დაკავშირებული. სჯობს, პრეზიდენტის არჩევის წესი ისევ კონსტიტუციით განისაზღვროს. თუ ეს წესი ისე არ განისაზღვრა, როგორც ხალხს სურს, მაშინ პლებისციტი გარდაუვალი აუცილებლობა იქნება“.
გიორგი ხიმშიაშვილი:„იმისთვის, რომ საზოგადოების აზრი გაიგო, რა თქმა უნდა, ყველა დემოკრატიული ფორმა მისაღებია. თუმცა ვფიქრობ, კონსტიტუციის პროექტების საყოველთაო განხილვის ფონზეც იკვეთება საზოგადოების სურვილი და განწყობა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მიმართ. ამიტომ ვფიქრობ, ესეც საკმარისი უნდა იყოს დღევანდელი პოლიტიკური ხელისუფლებისთვის გადაწყვეტილების შესაცვლელად.“
მაია მერკვილაძე:„ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორიც პრეზიდენტის არჩევის წესია, რა თქმა უნდა, მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება და ამ მხრივ პლებისციტი საუკეთესო საშუალებაა. ალბათობა იმისა, რომ მმართველი გუნდი რეფერენდუმის ჩატარების დროს საკუთარ რესურსს გამოიყენებს, მაღალია, მაგრამ ეს პროცესი მაინც საინტერესო იქნება, რადგან გვიჩვენებს რა ფასს გაიღებს ხალხის მხარდაჭერის მისაღებად ხელისუფლება და რამდენად გაიაზრებს საზოგადოება პლებისციტის მნიშვნელობას“.
ეკატერინე დავითაძე:„შესაძლებელია მმართველმა ძალამ გამოიყენოს კიდეც საკუთარი სახელისუფლებო რესურსები. თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას ხშირად ისმის კრიტიკული კითხვები. ამიტომ მიმაჩნია, რომ საზოგადოების აზრის გასათვალისწინებლად, პლებისციტი საუკეთესო გამოსავალია".
ფაქტ-მეტრმა ამ საკითხებზე კომენტარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერს, მალხაზ ჭკადუასაც სთხოვა, თუმცა მან ამ ეტაპზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა, იმ მიზეზით, რომ რამდენიმე საკითხზე ორგანიზაცია ჯერ კიდევ მუშაობს.