კალაძემ.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის განკარგულებით,სოფლების გაზიფიცირებისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო. განკარგულების თანახმად, პანკისის ხეობის ყველა სოფლის (ბაყილოვანის, საკობიანოს, ყვარელწყალის, დედისფერულის, ქორეთის, დუისის, წინუბანის, ჯოყოლოს, ბირკიანის, ხორბალოს, ზემო ხალაწანის, შუა ხალაწანის, ქვემო ხალაწანის, დუმასტურის და ომალოს) გაზიფიცირება უნდა განხორციელებულიყო. პანკისის ხეობის სოფლებში ათი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.
პანკისის ხეობის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები 2016 წლის მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის 4 მაისს დასრულდა.ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ 167.5 კილომეტრიანი გაზსადენი ააშენა. სამუშაო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 6 243 818 ლარი შეადგინა.
პანკისის ხეობაში გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას „სოკარ ჯორჯია გაზი“ ახორციელებს. კახა კალაძის განცხადების გადასამოწმებლად ფაქტ-მეტრი „სოკარ ჯორჯია გაზის“ ახმეტის სერვისცენტრის მენეჯერს დაუკავშირდა. შოთა ლომიძის ინფორმაციით, თითო ოჯახს გაზის შეყვანა 400 ლარი დაუჯდება და ამ თანხის გადანაწილება შესაძლებელია 16 თვეზე (თვეშ 25 ლარი). მისივე თქმით, მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.
„გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ პანკისი ხეობის 18 სოფლის გაზიფიცირება ცოტა ხნის წინ დაასრულა. გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კი ჩვენი კომპანია ახორციელებს. თითო ოჯახს გაზის შეყვანა 400 ლარი დაუჯდება და ამ თანხის ეტაპობრივად, განვადებით გადახდა შეუძლიათ. დაინტერესებულმა პირებმა სოფელში გამგებლის წარმომადგენლებისგან ცნობა უნდა აიღონ საცხოვრებელი ადგილის შესახებ. იმისთვის, რომ აბონენტებს ზედმეტი დანახარჯები არ ჰქონდეთ, აღნიშნული ცნობები სოფლის ტერიტორიული ორგანოდან ჩვენ წარმომადგენლებს მოაქვთ, რის შემდეგაც დაახლოებით 10 დღეში ბუნებრივი აირი შეგვყვავს. განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ხეობის 2 712 ადგილობრივ ოჯახს აქვს. ყველა სოფელში გვყვავს აბონენტი გაზიფიცირებული და მათი რიცხვი ამ დროისთვის 350-მდეა“, - განუცხადა ფაქტ-მეტრს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ახმეტის სერვისცენტრის მენეჯერმა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას მოსახლეობასთანაც შეეცადა. გამოვკითხეთ სოფელ საკობიანოს, ომალოს და დუისის მაცხოვრებლები. ადგილობრივებმა - ხათუნა თანდილაშვილმა, შენგელი ტოხოსაშვილმა და თამარ მარგოშვილმა დაგვიდასტურეს, რომ ხეობის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები დაწყებულია და ბუნებრივი აირის შეყვანის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
„დღემდე პანკისში შეშით ვთბებოდით და თხევადი გაზის ბალონებს ვიყენებდით, რაც დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ხეობაში ბუნებრივი აირი არასოდეს ყოფილა და ახლა ყველა ცდილობს, რომ ზამთრამდე შეიყვანოს გაზი. ჩვენ უკვე შევიყვანეთ და ასე ცხოვრება გაგვიადვილდება“, - უთხრა ფაქტ-მეტრს ხათუნა თანდილაშვილმა.
დასკვნა
მთავრობის განკარგულების საფუძველზე გავარკვიეთ, რომ 2016 წელს პანკისი ხეობის სოფლების გაზიფიცირება განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 6 243 818 ლარი შეადგინა. „სოკარ ჯორჯია გაზიდან“ და ასევე პანკისის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ბუნებრივი აირის შეყვანა დაწყებულია. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ახმეტის სერვისცენტრის მენეჯერის შოთა ლომიძის ინფორმაციით, განხორციელებული გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ხეობაში მცხოვრებ 2 712 ოჯახს აქვს.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის სიმართლე.