3 მაისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა: „ქორწინებასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქორწინების დეფინიციის მიმართ ვენეციის კომისიის შეფასება იქნება პოზიტიური, რადგან ქორწინების შემოთავაზებული დეფინიცია არ არის უცხო ევროკავშირის ქვეყნებისთვის. შემიძლია, დაგისახელოთ ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, სადაც მსგავსად არის დარეგულირებული ქორწინების საკითხი“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ხელისუფლების პოზიციით, კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ დასავლური ინტეგრაცია შესაძლოა ეროვნული იდენტობისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს და კონკრეტულ პრობლემად ერთი და იმავე სქესის წყვილთა ქორწინების შესაძლო დაკანონებას ასახელებენ. შესაბამისად, ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთება საზოგადოების სწორედ ამ შიშის გასაბათილებლად და ამ თემაზე შემდგომი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად იქნა ინიცირებული.
თუმცა, ეს ინიციატივა დღემდე დებატების თემად რჩება, რადგან საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ჩანაწერის გაკეთებაც კი ზედმეტია, რადგან ქორწინებასთან დაკავშირებით დეფინიცია ცალკე კანონში ისედაც არსებობს და კონსტიტუციაში მისი ჩაწერა საჭირო არ არის. ამასთან, სრულიად საფუძველს მოკლებულია ის შიში, რომ ევროინტეგრაციის სანაცვლოდ საქართველოს ერთი და იმავე სქესის წყვილთა ქორწინების დაკანონებას მოთხოვენ. ეს მხოლოდ ანტიდასავლური რიტორიკის ნაწილია, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია. ამ რიტორიკის არარეალურობა ფაქტ-მეტრის მიერ მიმოხილული ქვეყნების მაგალითზეც დასტურდება, რადგან ისინი ევროკავშირის წევრები არიან და მათთვის კონსტიტუციაში ერთი და იმავე სქესის წყვილთა ქორწინების ჩაწერა არავის მოუთხოვია.
საქართველოს კონსტიტუციის ცვლილების პროექტში ქორწინებისა და ოჯახის შესახებ ასეთი ჩანაწერია: 1. „ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. 2. სახელმწიფო იცავს ოჯახის კეთილდღეობას. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით (მუხლი 30)“.
პოლონეთი
პოლონეთის კონსტიტუციის მე-18 მუხლში აღნიშნულია, რომ „ქორწინება, როგორც კაცისა და ქალის კავშირი, ისევე როგორც ოჯახი, დედობა, მშობლობა, უნდა იყოს პოლონეთის რესპუბლიკის მიერ დაცული და უზრუნველყოფილი“.
ლატვია
ლატვიის კონსტიტუციის 110-ე მუხლში ნათქვამია, რომ „სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და მხარი დაუჭიროს ქორწინებას - კავშირს ქალსა და მამაკაცს შორის, ოჯახს, მშობლების უფლებებს და ბავშვების უფლებებს. სახელმწიფომ უნდა განახორციელოს განსაკუთრებული მზრუნველობა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებზე, მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვებზე, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ან ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე“.
ლიტვა
ლიტვის კონსტიტუციაში ქორწინებასა და ოჯახთან დაკავშირებით უფრო მეტი ჩანაწერია, ვიდრე პოლონეთის და ლატვიის კონსტიტუციებში. ქორწინებასა და ოჯახთან დაკავშირებით რეგულაციები მოცემულია კონსტიტუციის მესამე თავში, რომლის სახელწოდებაა „საზოგადოება და სახელმწიფო“. ტერმინი "ქორწინება" ნახსენებია სულ სამჯერ და 38-ე მუხლის მე-3 პუნქტში ნათქვამია, რომ „ქორწინება ხდება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი თანხმობის საფუძველზე“. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მოახდინოს ქორწინების რეგისტრაცია და ასევე აღიარებს საეკლესიო ქორწინებას.
ანრი ოხანაშვილის მიერ დასახელებული სამი მაგალითის გარდა, მსგავსი ჩანაწერი ევროკავშირის სხვა ქვეყნების კონსტიტუციებშიც გვხვდება. მაგალითად, ქორწინების ანალოგიური დეფინიცია გვხვდება ბულგარეთის (მუხლი 46) და უნგრეთის (მუხლი L) კონსტიტუციებშიც.
დასკვნა ფაქტ-მეტრის კვლევამ აჩვენა, რომ, საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მსგავსად, ქორწინების დეფინიციის შესახებ ჩანაწერი მართლაც გვხვდება პოლონეთის, ლატვიის, ლიტვის, ასევე ბულგარეთისა და უნგრეთის კონსტიტუციებში. ყველა მათგანში ქორწინება განსაზღვრულია როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ანრი ოხანაშვილის განცხადება არის სიმართლე.
თეგები: