საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ეკონომიკური ზრდით რეგიონში ჩვენ ვიყავით აუთსაიდერი 2004 წლიდან 2012 წლამდე. აგვისტოს ომამდე ვუსწრებდით მხოლოდ მოლდოვას, ომის შემდეგ ვუსწრებდით მხოლოდ უკრაინას. 2012 წლის შემდეგ საქართველო გახდა ერთ-ერთი ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. პირველად მივაღწიეთ იმას, რომ 10 000 დოლარს გადასცდა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი. 2013-2015 წლებში, სამ წელში, 90 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა მარტო დაქირავებით, მაშინ, როდესაც მანამდე იგივე მაჩვენებელი 9 წლის განმავლობაში იყო 45 000, ანუ ამ სამი წლის განმავლობაში ორჯერ მეტი ადამიანი დასაქმდა დაქირავებით, ვიდრე წინა 9 წელში". ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა. ქვეყანათა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. ფონდს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ჩამონათვალში გაჰყავს, თუმცა, ვინაიდან ქვეყანა 2009 წლიდან თანამეგობრობის წევრი აღარ არის და მას ოფიციალურად აქვს დეკლარირებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი, მართებულად მიგვაჩნია საქართველოს რეგიონზე საუბრისას, გარდა დსთ-ისა, გავითვალისწინოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც (იხ. ბმული). სავალუტო ფონდის მონაცემებით, აღებულ საანგარიშო პერიოდში რეგიონში შემავალი 24 ქვეყნიდან აუთსაიდერთა1 რიგებში საქართველო წინა ხელისუფლების პირობებში 2004, 2008 და 2009 წლებში, შესაბამისად, მე-17, მე-20 და მე-15 ადგილით, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში 2015 და 2016 წელს, შესაბამისად, მე-15 და მე-14 ადგილით მოექცა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2008 და 2009 წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დიდწილად ქვეყანაში მიმდინარე ომითა და კრიზისული საგარეო ფაქტორებით იყო განპირობებული. რაც შეეხება დანარჩენ წლებს, რეგიონის მასშტაბით 2005 და 2012 წლებში ჩვენს ქვეყანას მე-5, 2006 და 2011 წლებში მე-6, 2010 წელს მე-8, ხოლო 2007 წელს აღებულ საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი, მე-3 პოზიცია ეკავა. 2013 წელს საქართველო 3.4% პუნქტიანი ეკონომიკური ზრდით აუთსაიდერობის ზღვარზე (მე-12 ადგილი) იყო, 2014 წელს კი ქვეყანამ ჩამონათვალში მე-6 პოზიცია დაიკავა. ირაკლი კობახიძის განცხადებაში ისე ჩანს, თითქოს 2004-2007/2009-2012 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდით რეგიონში მხოლოდ ერთ ქვეყანას უსწრებდა (მოლდოვას ან უკრაინას), რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 2004-2007 წლებში, ყოველ წელს, საქართველოსთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდით მხოლოდ აზერბაიჯანი გამოირჩეოდა. ხსენებულ პერიოდში არსებობდა ერთი ისეთი წელი მაინც, რომელშიც საქართველოს ეკონომიკური ზრდა დარჩენილი 22 ქვეყნის ანალოგიურ მონაცემს აჭარბებდა. 2009-2012 წლებში რეგიონიდან საქართველო მუდმივად არც ერთ ქვეყანას არ ჩამორჩებოდა. 2013-2016 წლებში კი ქვეყანა მხოლოდ ერთხელ, 2014 წელს აღმოჩნდა ჩამონათვალის პირველ ათეულში, მე-6 პოზიციაზე.

გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდის დინამიკა საქართველოში, 2004-2016 წლები Screenshot from 2017-05-08 11-19-29 წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ირაკლი კობახიძე თავის განცხადებაში ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარში მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით დათვლილ მშპ-ს გულისხმობს. აღნიშნული მეთოდით, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში პროდუქციის დაბალი ფასების გამო არსებული შემოსავლის მსყიდველობითი უნარი მეტია, ვიდრე იმავე მოცულობის შემოსავლის უფრო მდიდარ ქვეყნებში. მაგალითად, 2011 წელს ერთი და იმავე რაოდენობის პროდუქციის შესაძენად ერთ ადამიანს საქართველოში 3 231, ამერიკაში კი 7 287 დოლარი დაეხარჯებოდა. შესაბამისად, საქართველოში დახარჯულ ყოველ დოლარს აშშ-ში დახარჯულთან შედარებით 2.25-ჯერ (7 287 გაყოფილი 3 231-ზე) მეტი მსყიდველობითი უნარი ჰქონდა. ერთ სულზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით დათვლილი მშპ-ის მოცულობა საანგარიშო პერიოდში იზრდებოდა. გამონაკლისია 2009 წელი, როდესაც მონაცემი წინა წელთან მიმართებით შემცირებულია. ამ მიდგომით დათვლილმა მშპ-მა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს - 10 044 დოლარს, 2016 წელს მიაღწია. თუმცა, მაჩვენებლის ზრდაზე პოზიტიური გავლენა იქონია საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებმაც, რომლის მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 700 ათასით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკით იყო აღრიცხული. მოსახლეობის შემცირებამ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გაზარდა. ამასთან, თუ გვინდა გავიგოთ, როგორ იცვლება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი საქართველოში, ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი რეალურ (ინფლაციის გამოკლებით) ლარებში (რადგან საქართველოში ძირითადი საგადამხდელო ვალუტა ლარია) და არა საერთაშორისო დოლარებში. საერთაშორისო დოლარებში შემოსავალი შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ფასების დონე საქართველოში და აშშ-ში, როგორი იქნება ლარის კურსი დოლარის მიმართ. ის არ არის დამოკიდებული მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.

გრაფიკი 2: საქართველოს მშპ ერთ სულზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, 2004-2016 წლები Screenshot from 2017-05-08 11-19-58 წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ირაკლი კობახიძე განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის დასაქმების მაჩვენებლებზეც. 2004-2012 წლებში დაქირავებით დასაქმებული ადამიანების რიცხვი 44 ათასით გაიზარდა, 2013-2015 წლებში კი 91 ათასით. მიუხედავად იმისა, რომ რიცხვები სწორად არის დასახელებული, გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ ეკონომიკის რომელ სექტორში შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები - სახელმწიფო სექტორში, თუ არასახელმწიფო სექტორში. საქსტატი დასაქმების სექტორულ განაწილებას 2006 წლიდან აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ 2006 წლის შემდეგ, 2012 წლის ჩათვლით სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 86.6 ათასი კაცით შემცირდა, ხოლო არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა 63.4 ათასით გაიზარდა. 2013-2015 წლებში კი სახელმწიფო სექტორში დასაქმება 1.2 ათასით გაიზარდა, კერძოში - 54.7 ათასით. 2010-2012 წლებში სახელმწიფო სექტორში დასაქმება 24.7 ათასით შემცირდა, ხოლო არასახელმწიფოში 92.5 ათასით გაიზარდა. ანუ, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 3 წლიან პერიოდს, წინა ხელისუფლების ბოლო სამ წლიან პერიოდს (2010-2012 წლები) შევადარებთ აშკარაა, რომ არასახელმწიფო სექტორში (რომელიც ძირითადად კერძო სექტორისგან შედგება) სამუშაო ადგილები წინა ხელისუფლების დროს უფრო მეტად იქმნებოდა.

ცხრილი 1: დასაქმებულთა განაწილება ინსტიტუციური სექტორების მიხედვით (ათასი კაცი)
2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015
სულ 1 747 1 704 1 602 1 656 1 628 1 664 1 724 1 712 1 745 1 780
სახელმწიფო სექტორი 360 327 275 298 286 266 274 247 251 275
არასახელმწიფო სექტორი 1 387 1377 1327 1358 1342 1398 1450 1465 1494 1505
წყარო: საქსტატი

დასკვნა ირაკლი კობახიძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ არაზუსტ დასკვნებს აკეთებს. 2004-2012 წლებში რეგიონში შემავალი 24 ქვეყნიდან საქართველო აუთსაიდერთა რიგებში მხოლოდ 2004, 2008 და 2009 წლებში მოექცა. აქედან 2008 და 2009 წლების შედეგები განპირობებული იყო საომარი ვითარებითა და გლობალური რეცესიით. 2013-2016 წლებში კი ქვეყანა 2-ჯერ აუთსაიდერთა რიგებში, ერთხელ კი ამ კატეგორიის ზღვარზე იყო. გარდა ამისა, სერთაშორისო სავალუტო ფონდის მაჩვენებლების გათვალისწინებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ეკონომიკური ზრდის მონაცემებით რეგიონში შემავალ არც ერთ ქვეყანას საქართველო ცხრავე წლის განმავლობაში არ ჩამორჩებოდა. ამდენად, ირაკლი კობახიძის მტკიცება, რომ ომამდე მხოლოდ მოლდოვას, ომის შემდეგ კი მხოლოდ უკრაინას ვუსწრებდით, სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით დაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2004-2016 წლებში (2009 წლის გარდა) იზრდებოდა, 2016 წელს კი მონაცემმა 10 044 დოლარი შეადგინა. თუმცა, ეს ნაწილობრივ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობრივმა კლებამაც განაპირობა და გარდა ამისა, თუ გვინდა ვნახოთ საქართველოში შემოსავლების ზრდის როგორი ტენდენციაა, ყველაზე გამართლებულია რეალურ ლარებში გამოსახული ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის შესწავლა. რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს, აქ ირაკლი კობახიძე სწორ რიცხვებს ასახელებს, თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდებოდა, ხოლო არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე 2013-2015 წლებში. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

1 მე-13 ან უფრო დაბალი პოზიცია რეგიონში შემავალი ქვეყნების ჩამონათვალში

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია