2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენები კიდევ დიდხანს იქნება განსჯის საგანი. ამ მოვლენების შესახებ ფაქტ-მეტრი 14 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში

წერდა. მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა კვლავ ბევრი უპასუხო კითხვა რჩება.

ბათუმში მომხდარი დარბევის ორგანიზატორებად დღეს უკვე ორი პიროვნება ოფიციალურად სახელდება. ისინი რადიკალურად განსხვავებული, ერთმანეთთან დაპირისპირებული შეხედულებების ადამიანები არიან. სწორედ ამ და კიდევ სხვა ფაქტორებმა საზოგადოების დიდ ნაწილს სამართლიანად გაუჩინა კითხვა - შეძლებდნენ კი ისინი საერთო ძალით აღნიშნული საპროტესტო აქციის ორგანიზებასა და მართვას, მით უმეტეს, რომ, როგორც პოლიტიკოსები აღნიშნავენ, არც ერთს და არც მეორეს ბათუმში ამ დონის ავტორიტეტი არ გააჩნია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრი ირაკლი ჩხვირკია და არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით 23 აპრილს დააკავეს, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით,

რომელიც მასობრივი არეულობის ორგანიზებას გულისხმობს. დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვა, მაგრამ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო პროცესი 20 ივნისს, 12 საათზე ჩაინიშნა.

  დამნაშავე, მსხვერპლი თუ მძევალი

მოსამართლის გადაწყვეტილებას დაკავებულთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ, ირაკლი ჩხვირკიას რეპლიკა მოჰყვა: „მე ივანიშვილის კიდევ ერთი ტყვე გახლავართ“.

12 მარტს, გამთენიისას, ირაკლი ჩხვირკია ბათუმიდან TV "პირველის" ეთერში ჩაერთო და თქვა, რომ აქციაზე დაახლოებით ორი საათის წინ მივიდა, ანუ მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი აქცია უკვე აგრესიულ ქმედებებში გადაზრდილი იყო. ისმის კითხვა - შეეძლო მას პროცესების მართვა შორი დისტანციიდან? საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩხვირკია და ღოღობერიძე რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

გადაცემის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილმა წევრმა ღოღობერიძეს უთხრა, რომ ის ნორმალური ხელისუფლების პირობებში ციხეში უნდა იჯდეს. შეურაცხმყოფელი სიტყვები ოპონენტის მიმართ არც ღოღობერიძემ დაიშურა. სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა კითხვა, რამდენად მოახერხებდა ორი რადიკალურად განსხვავებული, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მდგარი ადამიანი ერთი და იმავე აქციის ორგანიზებასა და მართვას.

მეორე ადამიანი, რომელიც თავს მსხვერპლად მიიჩნევს, გია ხალვაშია, რომლის სახელმაც არაერთხელ გაიჟღერა 11-12 მარტის მოვლენებთან მიმართებით. შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს უკვე ყოფილი თანამშრომელის, გია ხალვაშის მეწყვილე მაშინ, როცა მან „პლაზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი მძღოლი თანამშრომლის მისამართით შეგინების გამო დააკავა და სამმართველოში გადაიყვანა, მეგი ხუნწელია იყო. მათ მიერ მძღოლის დაკავებას მოჰყვა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის პირველი ტალღა, თუმცა გია ხალვაში თვლის, რომ პროტესტი მოგვიანებით კიდევ ოთხი მძღოლის დაკავების ფაქტმა გამოიწვია და ამ დროს ის მოვლენების ეპიცენტრში არ ყოფილა, რადგან მის მიერ დაკავებული მძღოლი სამმართველოში ჰყავდა გადაყვანილი და ოქმს ადგენდა. ამის შესახებ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის ეთერშიც ისაუბრა.

როცა სასამართლომ გია ხალვაში დაკითხვაზე დაიბარა, მან ხუნწელიას სთხოვა, მოწმის სახით ჩვენება მიეცა და დაკავებული მძღოლის მიერ საპატრულო პოლიციის მისამართით გინება დაედასტურებინა. ყოფილი პოლიციელი აცხადებს, რომ ხუნწელია ჯერ დაეთანხმა, ხოლო შემდეგ უარი უთხრა, რადგან მისმა მეუღლემ, რომელიც სუს-ის თანამშრომელია, ჩვენების მიცემა აუკრძალა. ხალვაში ასევე აცხადებს, რომ მას სურდა სასამართლოსთვის მძღოლის დაკავების ამსახველი ვიდეოფირი წარედგინა, რაზეც ხელმძღვანელისგან უარი მიიღო. საერთოდ, როგორც ხალვაში ამბობს, შსს 11 მარტს განვითარებულ მოვლენებში დამნაშავეს ეძებდა, რომელიც სამაგალითოდ უნდა დასჯილიყო. ხალვაში დარწმუნებულია, რომ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა სწორედ ის აითვალწუნა, რადგან მანამდე არაერთხელ შეეწინააღმდეგა უფროსს, როცა ის ზედმეტად მკაცრი ჯარიმების დაწერასა და ზოგადად, პოლიციელებისადმი აგრესიულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა.

ყოფილი პოლიციელი იმავე გადაცემაში აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროს კახა ბუხრაძესა და სუს-ს შორის არსებულ დაპირისპირებაზეც საუბრობს. მისი თქმით, ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ ჯერ სუს-ის თანამშრომლის, ვინმე ყიფიანის ძმა დააკავა, ხოლო შემდეგ თვითონ სუს-ის თანამშრომელი. ამის შემდეგ, როგორც ხალვაში ამბობს, სამმართველოში ყიფიანის მეგობრები მივიდნენ, რასაც შედეგად დაკავებულების გათავისუფლება მოჰყვა. როცა მათ სამმართველოს შენობა დატოვეს, ხალვაშის მტკიცებით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაიგონა, როგორ მოიხსენია ბუხრაძემ აჭარლები უდიერად. ხალვაში ამბობს, რომ პირადად ეს ფრაზა არ მოუსმენია, მაგრამ ვინც გაიგონა, მას ეშინია და ვეღარ ადასტურებს. თავად ბუხრაძე კი მსგავს გამონათქვამებს კატეგორიულად უარყოფს.  დღეს ხალვაში სამსახურიდან დათხოვნილია და მიაჩნია, რომ ბუხრაძისა და სუს-ის დაპირისპირების მსხვერპლია. ხალვაშმა ფაქტ-მეტრისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ უკვე შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში და საკუთარი უფლებების დაცვას აპირებს. მან ასევე გვითხრა, რომ რამდენჯერმე იყო მისი პროვოცირების მცდელობაც.

რაც შეეხება მეგი ხუნწელიას, გია ხალვაშმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მას პრობლემები თვითონ თანამშრომელთა მხრიდან შეექმნა, რადგან მისი მეწყვილეობა აღარავის არ სურს და ხელმძღვანელობამ ახალი თანამშრომელი მიამაგრა. არის თუ არა ის შექმნილი ვითარების მსხვერპლი, ჯერ უცნობია.

კიდევ ერთი, ვინც თავს შსს-სა და სუს-ს შორის არსებული კონფლიქტის მსხვერპლად მიიჩნევს, მერაბ ღოღობერიძეა. ადვოკატმა პაატა შავაძემ, მას შემდეგ, რაც თავისი დაცვის ქვეშ მყოფი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა, მედიასთან განაცხადა,

რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სტუმრობის შესახებ უამბო: „ღოღობერიძის თქმით, 2017 წლის 25 აპრილს მასთან იმყოფებოდა თანამდებობის პირი, თუმცა თავისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ის ამ პირის ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ მან განმარტა, რომ სასამართლოში მოახდენს აღნიშნული პირის იდენტიფიცირებას. მან უთხრა ღოღობერიძეს, მოეთხოვა მისი საქმის გამომძიებლის, უჩა კახიძის გამოძახება წინასწარი დაკავების დაწესებულებაში და ემხილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ვინმე ყიფიანი, როგორც დამკვეთი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მასობრივი ძალადობისა და არეულობისა“. ადვოკატის თქმით, ღოღობერიძემ ეს შეთავაზება უარყო და მაღალჩინოსანს აუხსნა, რომ მას სუს-თან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, არც ყიფიანს იცნობდა და არც თვითონ არ ყოფილა არანაირი მასობრივი არეულობის ორგანიზატორი. პაატა შავაძე ამბობს, რომ ღოღობერიძე თავს ორ ძალოვან უწყებას შორის არსებული დაპირისპირების მსხვერპლად მიიჩნევს. ფაქტ-მეტრთან ადვოკატმა არ დააკონკრეტა, წარმოადგინა თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა რაიმე არგუმენტი, რომელიც მისი და მაღალჩინოსნის შეხვედრასა და საუბარს დაადასტურებდა, რადგან დეტალებზე საუბარი, დაცვის ტაქტიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

დაპირისპირება ადვოკატებს შორის აღნიშნულ საქმეში კიდევ ერთი კითხვის ნიშანი გააჩინა ღოღობერიძის ადვოკატის შეცვლამ. მისი დაკავების მომენტიდან ადვოკატი ზაზა პაპიძე იყო. სწორედ მან გააკეთა პირველი კომენტარი

საქმეში პაატა შავაძის ჩართვის შესახებ: „სად იყო აქამდე პაატა შავაძე და რატომ ახლა, როდესაც ასე განვითარდა მოვლენები, ახლა ჩაერთო პაატა შავაძე? ... პაატა შავაძეს ბესიკ ამირანაშვილთან შსს-ს მინისტრის მოადგილესთან ნათლობა აკავშირებს. მე დაანონსებული მქონდა, რომ თავს ვიკავებდით დაცვის ტაქტიკასთან დაკავშირებით და შემდგომ ჩვენ მიერ იქნებოდა კიდევ ღოღობერიძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ეს არ აწყობდა ბესიკ ამირანაშვილს. დიდი ალბათობით, პაატა შავაძე ახლა მის საწინააღმდეგო განცხადებებს არ გააკეთებს. ამდენად, ვფიქრობ, რომ ეს იყო პირდაპირი დავალება, რომ პაატა შავაძე ჩართულიყო ამ საქმეში“.

ადვოკატის შეცვლასთან დაკავშირებით ღოღობერიძის მეუღლე მალვინა ღომიძე და ზაზა პაპიძე განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ. პირველი ამბობს, რომ ოჯახმა ადვოკატის შეცვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებად მიიღო. პაპიძე კი აცხადებს, რომ მერაბ ღოღობერიძესთან მის დაკავებამდე თანამშრომლობდა და ისინი მასალებს ერთად აგროვებდნენ. პაპიძისვე თქმით, ღოღობერიძე საქმეში პაატა შავაძის ჩართვის წინააღმდეგი იყო და ეს უთხრა კიდეც. ღოღობერიძისთვის რომ პაატა შავაძე „ძალით თავსმოხვეული“ ადვოკატი იყო,  ეს იზოლატორში თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებისასაც იგრძნო, როცა დაკავებულთან შესახვედრად მისულს, იქ პაატა შავაძე დახვდა.

პაატა შავაძის თქმით, ღოღობერიძემ დაკავებისთანავე სთხოვა საქმეში ჩართულიყო. ადვოკატი ამირანაშვილთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ მას საქმეზე რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია. რაც შეეხება პაპიძის განცხადებას, პაატა შავაძემ გვითხრა, რომ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის, ასევე ცილისწამებისთვის, სასამართლოში პაპიძის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. მანვე ფაქტ-მეტრს განუცხადა, რომ დაცვის ტაქტიკიდან გამომდინარე, წყვეტს საუბარს შსს-სა და სუს-ის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ რაიმე ინტერესის არსებობის შესახებ.

  ძალოვანი უწყებების პოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, პაატა შავაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია [იგულისხმება წინასწარი დაკავების იზოლატორში მერაბ ღოღობერიძის მონახულება მაღალჩინოსნის მიერ] უარყო:

„არის თუ არა ვინმე ყიფიანი უსაფრთხოების სამსახურში, ამაზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი შემიძლია დადასტურებით გითხრათ - იმის გათვალისწინებით, რომ მე მიწევს პასუხისმგებლობა იზოლატორების საქმიანობაზე, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განგიცხადოთ, რომ არანაირი შეხვედრა ღოღობერიძეს წინასწარი დაკავების ადგილში, როგორც ამას ადვოკატი ამბობს, არ ჰქონია არავისთან, გარდა გამომძიებლისა, სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და თავისი ადვოკატისა“.

ფაქტ-მეტრმა სცადა, სუს-ში გადაემოწმებინა, ირიცხებოდა თუ არა მეგი ხუნწელიას მეუღლე უწყების შემადგენლობაში. ნინო გიორგობიანმა გვითხრა, რომ მისი ინფორმაციით, ის ამ უწყებაში არ მუშაობს, თუმცა კითხვაზე, მუშაობდა თუ არა ადრე, პასუხი ვერ გაგვცა და დაგვპირდა, რომ გაარკვევდა და შეგვატყობინებდა. სტატიაზე მუშაობის პროცესში ჩვენ კვლავ ვცადეთ გიორგობიანთან დაკავშირება, მაგრამ ამჯერად მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

რაც შეეხება ორ ძალოვან უწყებას შორის დაპირისპირებას, სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ამ ინფორმაციას აბსურდული უწოდა. შსს-ში ფაქტ-მეტრს იგივე უთხრეს უწყებებს შორის დაპირისპირებაზე, თუმცა სტატიაზე მუშაობის მომენტში შსს-ს მიერ ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული. ის, რომ მეგი ხუნწელიას მეუღლე სუს-ის თანამშრომელია, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც უარყვეს. ჩვენს დანარჩენ კითხვებზე პასუხების მისაღებად კი ორივე უწყებამ  გვირჩია, მათთვის წერილობით მიგვემართა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელზეც ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს, არის სახალხო დამცველის დამოკიდებულება 11-12 მარტის მოვლენების მიმართ. უჩა ნანუაშვილმა ბათუმის მოვლენების შეფასებისას აღნიშნა,

რომ საზოგადოებაში გარკვეული მიზეზები არსებობს და მათი არარსებობის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა აქციის სპონტანურად, ერთ დღეში დაგეგმვა. სახალხო დამცველმა ხელისუფლებას სწორედ ამ მიზეზების შესწავლის რეკომენდაცია მისცა.

  პოლიტიკური „პანჩური“ თუ იმიჯის გადარჩენის მცდელობა 25 აპრილის „არჩევანში“ სტუმრობისას „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა წევრმა პეტრე ზამბახიძემ განაცხადა,

რომ ირაკლი ჩხვირკია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან უპასუხისმგებლო განცხადებების გამო გარიცხეს და ამან „წყალი ხელისუფლების წისქვილზე დაასხა“ და „ხელისუფლების თამაში ითამაშა“. ჩხვირკია და მისი ოჯახი, ზამბახიძის აზრით, ფაქტობრივად დაუცველ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მან ასევე არ გამორიცხა ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან სუს-ის კავშირი და აღნიშნა, რომ მერაბ ღოღობერიძეს ხელისუფლება, კერძოდ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ძალოვანი სტრუქტურები ხშირად იყენებდნენ და ახალისებდნენ ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ სამოქმედოდ.

რაც შეეხება აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრს „ქართული ოცნებიდან“, ნინო ჩხეტიას, იმავე გადაცემაში მან თქვა:

„არც ღოღობერიძე და არც ჩხვირკია არ არის ის ჯგუფი ადამიანებისა, რომელზეც ასე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი დამნაშავეები არიან. მოვუწოდებ ყველას, რომ, მიუხედავად გარკვეული პოლიტიკური შეხედულებებისა, დამოკიდებულებებისა გარკვეული პერსონების მიმართ, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია“.

ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე სიტყვიერი დაპირისპირებისას ერთმანეთს „პანჩურამორტყმულს“ უწოდებენ. თუმცა, ამაზე მეტად მნიშვნელოვანი იმის გარკვევაა, თვითონ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვინ ვის საწინააღმდეგოდ დაგეგმა ან გამოიყენა ბათუმში განვითარებული მოვლენა, რომელმაც ზედაპირზე რამდენიმე სერიოზული პრობლემა ამოატივტივა.

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი