მიმდინარე წლის 19 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, უმრავლესობის წევრმა ოთარ დანელიამ 
განაცხადა: „ჩინეთი სერიოზულად დაწინაურდა და ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით მეორე ადგილზეა. ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი პრაქტიკულად 4-ჯერ გაიზარდა. არსებული მდგომარეობით, უკვე 15 მლნ ბოთლამდეა ჯამში გასული და 2 მლნ გახლავთ ჩინეთზე“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს 
ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მარტში ექსპორტზე 14 199 018 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 85 %-ით აღემატება. ამ პერიოდში ექსპორტირებულმა ღვინის ღირებულებამ 32.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 77 %-ით აღემატება.
 
 ცხრილი 1: ღვინის ექსპორტის სტატისტიკა, 2011-2017 წლები
| წლები | ათასი დოლარი | ზრდა/კლება % | 
| 2011 | 54 086 | - | 
| 2012 | 64 827 | 20 | 
| 2013 | 128 299 | 98 | 
| 2014 | 180 401 | 41 | 
| 2015 | 95 795 | -46 | 
| 2016 | 113 496 | 16 | 
| 2017 (იანვარი-მარტი) | 31 338 | 64 | 
წყარო: საქსტატი
 
როგორც ცხრილიდან ჩანს, საქსტატის ინფორმაციით, 2011 წლიდან 2015 წლამდე ექსპორტის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდებოდა. 2015 წელს  ღვინის ექსპორტი 46 %-ით შემცირდა. 2016 წლიდან დღემდე კი კვლავ ზრდა ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს, სადაც მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ექსპორტირებული პროდუქციის 13 % გავიდა (1 794 000 ბოთლი), რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 383 %-ით აღემატება.
რაც შეეხება 2016 წელს ჩინეთის ბაზარზე გასული ქართული ღვინის ოდენობას, გასულ წელს ჩინეთში 5 299 149 ბოთლი გავიდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 98 %-ით აღემატება. 2016 წელს ჩინეთის წილი ექსპორტირებულ ღვინოში 11 % იყო.
 
ცხრილი 2: უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები (ბოთლი ღვინო)
| ქვეყნები | 2015 | 2016 | 2017 (პირველი კვარტალი) | 
| რუსეთი | 18 308 177 | 27 222 076 | 8 987 745 | 
| ჩინეთი | 2 672 154 | 5 299 149 | 1 794 200 | 
| უკრაინა | 3 412 453 | 5 811 050 | 1 305 508 | 
| პოლონეთი | 1 600 302 | 2 329 820 | 561 294 | 
| ყაზახეთი | 5 195 949 | 3 393 435 | 473 515 | 
წყარო: საქსტატი
 
როგორც ცხრილიდან ჩანს, ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულს რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და ყაზახეთი შეადგენენ.
 
დასკვნა
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ექსპორტზე 14 199 018 ბოთლი ღვინო გავიდა. საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთში 1 794 000 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც მთლიანად ექსპორტირებული ღვინის 13 %-ია და 383 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწიურად იზრდება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ დანელიას განცხადება არის
 სიმართლე.