„უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით ჩვენ პრაქტიკულად პოზიტიურად გადახრილი ვართ საერთაშორისო ტრენდიდან, ზოგადად, საერთაშორისო ინვესტიციების ტენდენცია მსოფლიოში ძალიან შემცირებულია, საქართველოში - გაზრდილი“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
მსოფლიო მასშტაბით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) დინამიკას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. ბანკის მონაცემებით, 2012-2014 წლებში ინვესტიციები მცირდებოდა. 2015 წლისთვის კი, წინა წელთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა 20%-ით გაიზარდა და 2 136 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება გასულ წელს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკი ამ დროისთვის 2016 წლის მაჩვენებელს არ აქვეყნებს, წინასწარი მონაცემებით,გლობალური მასშტაბით 2016 წელს ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია.
გრაფიკი 1:პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა მსოფლიოში, 2010-2015 წლები
წყარო: მსოფლიო ბანკისაქსტატის ინფორმაციით, 2011-2012
წლებში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა მსოფლიო ტენდენციას ემთხვეოდა. 2013-2014 წლებში ქვეყანა პოზიტიურად იყო გადახრილი მსოფლიო ტრენდიდან - საქართველოში შემოსული ინვესტიციების მოცულობა იზრდებოდა მაშინ, როცა ანალოგიური მაჩვენებლი მსოფლიოში მცირდებოდა. 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში შემოსული ინვესტიციების რაოდენობა შემცირდა, მსოფლიოში კი გაიზარდა. გასული წლის წინასწარი მონაცემებით კი, საქართველოში პუი-ის მოცულობა დაახლოებით 5.4%-ითაა გაზრდილი.
გრაფიკი 2:პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა საქართველოში, 2010-2015 წლები
*წინასწარი მონაცემები
წყარო: საქსტატი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეალური ცვლილების განსასაზღვრად საჭიროა დავინახოთ მისი მიმართება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან. აღსანიშნავია, რომ აღებულ საანგარიშო პერიოდში პუი-ს მიმართება მშპ-თან მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს შემცირდა. ყოველ სხვა შემთხვევაში სიდიდე ან უცვლელი იყო ან იზრდებოდა. მან ყველაზე დიდ მნიშვნელობას 2016 წელს მიაღწია და 11.5% გახდა. აღსანიშნავია, რომ 2015-2016 წლების მაჩვენებლებზე გავლენა ჰქონდა მოცემულ პერიოდში ლარის დოლართან მიმართ გაუფასურებას. მაგალითად, 2015 წელს ლარის გაუფასურების გამო დოლარში ნომინირებული მშპ-ის მნიშვნელობა შემცირდა, შემცირდა პუი-ის მონაცემიც, თუმცა გაიზარდა მათი მიმართების პროცენტული მაჩვენებელი.
გრაფიკი 3:საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართება მშპ-თან 2010-2016 წლებში
*წინასწარი მონაცემები
წყარო: საქსტატი2010-2016 წლებში
საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან განხორციელდა. საქართველოს ტოპ ინვესტორებს შორის გვხვდება ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, ლუქსემბურგი და აშშ. ასევე აღსანიშნავია, რომ აღებულ საანგარიშო პერიოდში დსთ-ის წევრი ქვეყნების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 2.2-ჯერ ჩამოუვარდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს.
დასკვნა 2010-2015წლებში საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მსოფლიოში არსებულ დინამიკას მიჰყვებოდა, ან ტენდენციიდან პოზიტიურად იყო გადახრილი. გამონაკლისი მხოლოდ 2015 წელი იყო, როცა მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 20%-ით გაიზარდა, საქართველოში კი 11%-ით შემცირდა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არ გვხვდება 2016 წლის შესაბამისი მაჩვენებელი, ანალოგიური მონაცემი საქართველოსთვისაც (საქსტატის ინფორმაციით) წინასწარია, თუმცა, გავრცელებული პროგნოზით, 2016 წელს გლობალური მასშტაბით ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია, საქართველოში კი გაზრდილი.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკოლოზ გაგუას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.