აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა: „საქსტატმა საარსებო მინიმუმის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით ჩანს, როგორ გაძვირდა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება. 2016 წლის მარტთან შედარებით, ერთ ადამიანს ცხოვრება საშუალოდ 7 ლარით გაუძვირდა, ხოლო ოჯახს - 14 ლარით. ამ პირობებში, ოქტომბრიდან მოყოლებული უკვე 53 000 ადამიანს საარსებო შემწეობა მოეხსნა“.
ფაქტ-მეტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადების სიზუტე გადაამოწმა.
საარსებო მინიმუმით შემოსავლის ის მინიმალური დონე განისაზღვრება, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური ცხოვრებისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნებისთვის. საქსტატი საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ითვლის.სასურსათო კალათით სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვებისა და კალორიების რაოდენობაა განსაზღვრული. სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და ჯამში 2 300 კილოკალორიას შეადგენს. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სურსათის წილი 70%-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.
2017 წლის მარტის მონაცემებით,შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 169.7 ლარს, საშუალო მოხმარების საარსებო მინიმუმი 150.3 ლარს, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 284.7 ლარს შეადგენს. ბოლო ერთ წელიწადში, საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 8.1 ლარით, საშუალო ოჯახისთვის 13.6 ლარით, საშუალო მოხმარების საარსებო მინიმუმი კი 7.1 ლარით გაიზარდა.
სურათის უკეთ დასანახად ჩვენ საარსებო მინიმუმის წინა წლების ანალოგიური თვის (მარტის) მაჩვენებლები ავიღეთ. როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2017 წლის მარტში საარსებო მინიმუმის მაჩვენებლები წინა წლებთან შედარებით ყველაზე მეტად გაიზარდა.
გრაფიკი 1:
საარსებო მინიმუმი 2011-2017 წლებში, მარტის თვე
ცხოვრების გაძვირებაზე მიუთითებს ინფლაციის დონეც. 2017 წლის მარტის მონაცემებით,
წლიური ინფლაცია 5.4%-ია. ბოლო ერთ წელიწადში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა: ტრანსპორტის ჯგუფში - 18.7%-ით, ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე - 16%-ით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე - 5.4%-ით, ჯანმრთელობის დაცვაზე - 4.2%-ით.
ზურაბ ჭიაბერაშვილი თავის განცხადებაში გაძვირებული ცხოვრების ფონზე 53 ათასი ადამიანისთვის საარსებო შემწეობის მოხსნაზე საუბრობს. 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ყოველთვიურად მცირდება. 2017 წლის მარტის მონაცემებით, ბოლო 5 თვეში საარსებო შემწეობა 52 748 მოქალაქეს (125 354 ოჯახს) შეუჩერდა/შეუწყდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, ოქტომბრის ჩათვლით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოქალაქეების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატიაამ თემაზე).
დასკვნა 2017წლის მარტის მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის ღირებულება 8.1 ლარით, საშუალო მოხმარების საარსებო მინიმუმი 7.1 ლარით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 13.6 ლარით გაიზარდა. 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ საარსებო შემწეობა 52 748 მოქალაქეს (125 354 ოჯახს) შეუჩერდა/შეუწყდა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის სიმართლე.