ფაქტ-მეტრი ხმაურიანი და დღემდე ბურუსით მოცული საქმეების ქრონიკის გაგრძელებას გთავაზობთ. ამჯერად, მკითხველის თხოვნით, ინფორმაცია სამ გახმაურებულ საქმეზე შევაგროვეთ: ე.წ. „ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე“, „ჯიჰადის მუქარის საქმე“ და „მაღაზიის თავზე აღმოჩენილი ცხედრების საქმე“.
ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე
2012 წლის 25 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ხუთი ადგილობრივი ახალგაზრდა მამაკაცი დაიკარგა. თავდაპირველად, სოფელმა საკუთარი ძალებით სცადა დაკარგულების მოძებნა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ ლოპოტას ხეობის ტყეში შეიარაღებული ჯგუფი შენიშნეს, შესაბამის უწყებებს აცნობეს. საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო და ანტიტერორისტული ცენტრი ჩაერთო. სამძებრო ოპერაციას შსს-დან იმდროინდელი მინისტრის - ბაჩანა ახალაიას მოადგილე გია ლორთქიფანიძე, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ზურაბ მაისურაძე და ამავე ცენტრის კახეთის უფროსი სანდრო ამირიძე ხელმძღვანელობდნენ. სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციით, დაკარგული ახალგაზრდები გაიტაცეს. გამტაცებელი 18 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი იყო, რომლებმაც, მოგვიანებით, დაკარგული ლაფანყურელები გაათავისუფლეს.
გია ლორთქიფანიძის განცხადებით, შეიარაღებული ჯგუფის ვიზუალიდან და მათი მეტყველებიდან გამომდინარე, შესაბამისმა ორგანოებმა დაასკვნეს, რომ ისინი ჩეჩნები ან/და დაღესტნელები იყვნენ და მათთან მოლაპარაკების მიზნით ამ წრეებში ავტორიტეტი აჰმედ ჩატაევი მიიწვიეს. მისივე თქმით, შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებაზე აჰმედ ჩატაევი, სანდრო ამირიძე და ზურაბ მაისურაძე წავიდნენ. თუმცა, მოლაპარაკება იარაღის დაყრასთან და ჩაბარებასთან დაკავშირებით ვერ შედგა. ამირიძე და მაისურაძე უკან დაბრუნდნენ, ჩატაევი კი, იმ მიზეზით, რომ მის მუსლიმ ძმებს ვერ დატოვებდა, ჯგუფთან დარჩა.
სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციით, გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკება იმავე დღეს არ შედგა, 2012 წლის 28 აგვისტოს შსს-მ და კონტრტერორისტულმა ცენტრმა ერთობლივი სპეცოპერაცია დაიწყო. ოპერაციის შედეგად, შსს-ს განცხადებით, ჯგუფის 11 წევრი ლიკვიდირებული იქნა, აქედან ორი საქართველოს მოქალაქე და ხუთი რუსეთის მოქალაქე. სროლისას ასევე ორი ქართველი სპეცრაზმელი და ერთი ექიმი დაიღუპნენ. დანარჩენი წევრების დაპატიმრება ვერ მოხერხდა. ლორთქიფანიძის განცხადებით, ისინი ტყეში მიიმალნენ. შსს-მ აჰმედ ჩატაევი დააპატიმრა, რომელიც, მოგვიანებით, ახალი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლის დეკემბერში წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა, 2013 წლის 18 იანვარს კი მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.
დივერსანტების წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლით აღიძრა, რომელიც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და 7 დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
2013 წელს სახალხო დამცველის აპარატთან სპეციალური საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა, რომლის მიზანი სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლა და დოკუმენტირება იყო. 2014 წელს სახალხო დამცველის აპარატმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც, გარკვეულწილად, წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს ოფიციალურ ვერსიასთან. უჩა ნანუშვილის განცხადებით, ინციდენტის შესწავლამ გამოავლინა ფაქტები, რომლებიც მიუთითებენ, რომ შეტაკებაში მონაწილე შეიარაღებული დაჯგუფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ჩამოაყალიბა, აღჭურვა და გაწვრთნა. ამ საქმის სამართლიანად გამოძიების პასუხისმგებლობა ახალმა ხელისუფლებამ აიღო.
9 სექტემბერი, 2012
- ბიძინა ივანიშვილი: „მე მინდა, ჩვენმა ქისტებმა, ჩვენმა თანამემამულეებმა, დაღუპულების ნათესავებმა და ახლობლებმა აუცილებლად იცოდნენ, რომ ლოპოტას ხეობაში მომხდარ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ. ყველაფერს გავარკვევთ და გპირდებით, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი“.
- არჩილ კბილაშვილი (იმდროინდელი მთავარი პროკურორი): „ერთ-ერთი პირველი, რა დავალებაც იქნება ჩემგან მიცემული პროკურორებისთვის, ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებული საქმის შესწავლაა. ვვარაუდობ, რომ პარასკევისთვის (16 ნოემბერი) უკვე უნდა მქონდეს დეტალური მონაცემები თუ სად, რა სტადიაზეა გამოძიება და კიდევ თუ არის რაიმე გასაკეთებელი“.
- ირაკლი ღარიბაშვილი: "ფაქტობრივად, ლაფანყურის საქმის გამოძიების ბოლო ეტაპზე ვართ, ძალიან მალე გაიგებს საზოგადოება, რა მოხდა რეალურად ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, საიდან აღმოჩნდნენ ჩრდილო-კავკასიელი მებრძოლები ლაფანყურში. ამ ძალიან ბუნდოვანი სპეცოპერაციის გარშემო ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი".
- ბიძინა ივანიშვილი: „უახლოეს დროში გამოძიება დასრულდება და ჩვენ ძალიან ბევრ სიახლეს გავიგებთ. ძალიან ბევრ, მე მგონი, შოკის მომგვრელსაც კი, რომ ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობა - ამაზე ეჭვებია - იგივე ბოევიკებთან და ტერორისტებთან და ეს შოკის მომგვრელი იქნება, ჩემთვის პირადად, თუ ეს დადასტურდა... და მთელი მსოფლიოსთვის“.
- ირაკლი ღარიბაშვილი: „ლაფანყურის საქმის გამოძიება წარმატებულად მიმდინარეობს. ეს სპეცოპერაცია წინა ხელისუფლების დროს სხვა ადამიანების მიერ ჩატარდა და ახლა სულ სხვა ადამიანები იძიებენ აღნიშნულ საქმეს“.
- ირაკლი ღარიბაშვილი: „ლაფანყურის საქმე მართლაც გაიწელა, მაგრამ რთული საქმეც იყო... მე მაქვს ინფორმაცია გამოძიებიდან, რომ ეს საქმე არის პრაქტიკულად ბოლომდე მიყვანილი... პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავენ ერთობლივად ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას, გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას“.
- ირაკლი ღარიბაშვილი: „მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებმა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს და ეს ურთულესი საქმე გახსნეს. ამერიკული მხარე გვეხმარებოდა აქტიურად აღნიშნული დანაშაულის გამოძიების საქმეში. დანარჩენი დეტალებისგან თავს შევიკავებ, რადგან გამოძიება გრძელდება, სანამ არ გავარკვევთ რეალურ მიზეზებს, თუ რატომ იქნა ეს ვიდეო დამზადებული, რატომ იქნა ატვირთული, რას ემსახურებოდა, რა მოტივაცია ჰქონდა ამ ადამიანს და ვინ იყო მისი მხარდამჭერი. ამ ეტაპისთვის მე ვფიქრობ, რომ საკმარისი ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას“.
- შსს: „ინტენსიური მუშაობა მიმდინარებს ჩვენს უწყებაში. ვამზადებთ შესაბამის მასალებს, რომელიც აუცილებელია პირის მიმართ (სამარ ჩოკუტაევი) წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებისთვის და ამ მასალების მომზადების შემდგომ მივაწვდით თბილისის ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს. იგი თავის მხრივ ამ მასალებს გადაუგზავნის ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს და ყოველივე ამის შემდგომ პირის მიმართ ძებნა გამოცხადდება“.