„2013 წელს 1 700 012 ადამიანი იყო დასაქმებული, დღეს ეს რიცხვი 1 700 080-ია, თუმცა ამ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი საჯარო სამსახურშია დასაქმებული. ეს არის პარტიული აქტივი“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. სანამ უშუალოდ ფაქტის გადამოწმებაზე გადავალთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ, როგორც ჩანს, თინა ბოკუჩავამ რიცხვების დასახელებისას მექანიკური შეცდომა დაუშვა და რიცხვების - 1 712 000-სა და 1 780 000 ნაცვლად 1 700 012 და 1 700 080 დაასახელა. რადგან ამ მონაცემების არასწორად დასახელებაში არავითარი ლოგიკური მიზანი არ იკვეთება, ვერდიქტის გამოტანისას ფაქტ-მეტრი აღნიშნულ უზუსტობას არ გაითვალისწინებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობას ყოველწლიურად აქვეყნებს,თუმცა 2016 წლის დასაქმების მაჩვენებლი ჯერჯერობით ცნობილი არაა. 2013 წლის მონაცემებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 712 100 ადამიანი შეადგინა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 1 779 900 იყო, რაც 2013 წლის მონაცემს 67 800-ით აღემატება.
ცხრილი 1:დასაქმებულთა განაწილება ინსტიტუციური სექტორების მიხედვით (ათასი კაცი)
წელი | სულ | სახელმწიფო სექტორი | % | არასახელმწიფო სექტორი | % |
2009 | 1 656,1 | 298,8 | 18 | 1 357,8 | 82 |
2010 | 1 628,1 | 285,8 | 17.6 | 1 342,2 | 82.4 |
2011 | 1 664,2 | 266,4 | 16 | 1 397,8 | 84 |
2012 | 1 724,0 | 273,7 | 15.9 | 1 450,4 | 84.1 |
2013 | 1 712,1 | 247,3 | 14.4 | 1 464,7 | 85.6 |
2014 | 1 745,2 | 251,2 | 14.4 | 1 494,0 | 85.6 |
2015 | 1 779,9 | 274,9 | 15.4 | 1 505,0 | 84.6 |
2013
წლის მონაცემებით, ქვეყანაში დასაქმებულთა 14.4% საჯარო სექტორიში მუშაობდა, რაც 247 300 დასაქმებულს უდრიდა. არასახელმწიფო სექტორში მომუშავეთა რიცხოვნობა კი 1 464 700 იყო და მთლიანი რაოდენობის 85.6%-ს შეადგენდა. 2015 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2013 წელთან შედარებით 27 600-ით არის გაზრდილი. დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში კი მათი წილი 14.4%-დან 15.4%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება არასაჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას, 2015 წელს 1 505 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 40 300-ით აღემატება.
თუ გასული წლების სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2009 წლიდან 2011 წლის ჩათვლით საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. 2012 წელს საჯარო სექტორში მომუშავეთა რიცხვი დაახლოებით 7 ათასით გაიზარდა. 2014 წლიდან 2015 წლის ჩათვლით ეს მაჩვენებლი ასევე ყოველწლიურად იზრდებოდა. რაც შეეხება არასახელმწიფო სექტორს, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა 2009 წლიდან 2015 წლამდე, გარდა 2010 წლისა, ყოველწლიურად ფიქსირდება.
დასკვნა 2013წლის მონაცემებით, ქვეყანაში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 1 712 100 ადამიანი შეადგინა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 1 779 900 იყო, რაც 67 800-ით აღემატება 2013 წლის მონაცემს. 2013 წელს საჯარო სექტორში 247 300 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც ქვეყანაში დასაქმებულთა 14.4%-ს უდრიდა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 274 900-მდე გაიზარდა, რაც 2013 წლის მაჩვენებელს 27 600-ით აღემატება და დასაქმებულთა რაოდენობის 15.4%-ს შეადგენს.
საჯარო სექტორში დასაქმებულთა ზრდის ტენდენცია, რომელზეც დეპუტატი საუბრობს, ნამდვილად ფიქსირდება, თუმცა საანგარიშო პერიოდში არასაჯარო სექტორში მაინც უფრო მეტი ადამიანი დასაქმდა, ვიდრე საჯაროში (თანაფარდობა 60/40-ზეა).
იქიდან გამომდინარე, რომ ცალსახად რთული შესაფასებელია, საჯარო სექტორის რა ოდენობით ზრდა შეიძლება ჩაითვალოს „ძალიან დიდ ნაწილად“, ფაქტ-მეტრი თინა ბოკუჩავას განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.