დღეს, პარლამენტის ტრიბუნიდან, პრეზიდენტი მარგველაშვილი საზოგადოებას გასული წლის ანგარიშს ჩააბარებს. ეს მოსმენაც, შარშანდელივით, საგაზაფხულო სესიის შუა პერიოდში იმართება. არადა, კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს და საზოგადოებას თებერვალში, საგაზაფხულო სესიის გახსნისას მიმართავს.

ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტი პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ დებატების ფორმატს დათანხმდა (დებატები ბოლოს 2014 წელს გაიმართა).

რაც შეეხება წინა პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილი მისი ყოველწლიური საანგარიშო მოხსნების შემდეგ გამართულ დებატებში 2009 წლიდან მონაწილეობდა (იხ. შესაბამისი ბმულები: 2009 წელი2010 წელი2011 წელი2012 წელი).

მანამდე კი, 2005 წლიდან, ის მოხსენების გაკეთების შემდეგ ტოვებდა პარლამენტს, სადაც დეპუტატები უკვე მის გარეშე, იმავე ან მომდევნო სხდომაზე, თავიანთ გამოსვლებში პრეზიდენტის ანგარიშს აფასებდნენ.

როგორც აღვნიშნეთ, 2015-2016 წლებში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები აღარ გამართულა. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ასევე პრობლემა იყო პრეზიდენტის გამოსვლისას მთავრობის და მთავრობის მეთაურის დასწრებაც, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობად ჩაითვალა.

ფაქტ-მეტრმა გასულ წლებში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშების ფორმატი და მათი მთავარი აქცენტები მიმოიხილა.

2013  წელი 2012

წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლება ორ პარტიას შორის იყო გაყოფილი, ერთი წლის განმავლობაში ქვეყნა ე.წ. კოჰაბიტაციის რეჟიმში იმართებოდა. თუმცა, კოჰაბიტაციაც მხოლოდ ფორმალობა იყო.

ახალ ხელისუფლებას ძველი პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა, რაც კონსტიტუციური ვალდებულებაა, მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს უწევდა, თუმცა მოსმენა არ შედგა. თავდაპირველად დაანონსებული იყო, რომ პრეზიდენტის მიმართვა 2013 წლის 8 თებერვალს გაიმართებოდა, მაგრამ განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, რადგან როგორც პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა,

პრეზიდენტს მას შემდეგ მიეცემოდა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის საშუალება, რაც მას და მის გუნდს ცალსახა პოზიცია ექნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც მმართველი პარტიის მიერ იყო ინიცირებული. ეს ცვლილება კი, მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას ითვალისწინებდა.

მმართველი გუნდის უარს ბიძგი მაშინდელი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებამაც მისცა - მან განაცხადა, რომ ის და მისი მთავრობა პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრებას არ აპირებდა. „რა უნდა თქვას ახალი? ალბათ, ახალ სიცრუეებს შემოიტანს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

პარლამენტის უარის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ანგარიში საზოგადოებისთვის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩაებარებინა. ბიბლიოთეკაში მისი გამოსვლა 8 თებერვალს, 18:00 საათზე დაინიშნა, რომლსაც, სხვა სტუმრებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უნდა დასწრებოდნენ. თუმცა, ანგარიშის წარდგენა არ შედგა, რადგან 2012 წლის არჩევნების შემდგომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლებული პირების ნაწილმა ბიბლიოთეკასთან არეულობა მოაწყო, მათ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. მართალია, პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ მათ ხალხის შეჩერება და ინციდენტის აღკვეთა ვერ შეძლეს. ამ არეულობის გამო სააკაშვილის ეს გამოსვლაც გადაიდო და მოგვიანებით პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს „თანამშრომლობისა და თანაცხოვრებისკენ“ მოუწოდა. მისი თქმით, საჭირო იყო ერთობის მიღწევა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი, დემოკრატია და კონსტიტუციის უზენაესობა.

2014  წელი 2014

წელს შესაბამისი ანგარიშის წარდგენა უკვე პრეზიდენტ მარგველაშვილს მოუწია და იმის გამო, რომ მისი და მმართველი პარტიის დაპირისპირება ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო, ამ გამოსვლას რაიმე განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნია. გამოსვლა 21 თებერვალს გაიმართა. პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ გამოვიდნენ დეპუტატები, ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარე და დასკვნითი სიტყვა ისევ პრეზიდენტმა წარმოთქვა. თუმცა, პრეზიდენტ მარგველაშვილის ამ გამოსვლას პრემიერი და მთავრობის წევრები არ დასწრებიან.

რაც შეეხება თავად ანგარიშის შინაარსს, მარგველაშვილმა თავისი 47 წუთიანი გამოსვლა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრით დაიწყო. თავისი სიტყვის შესავალ ნაწილში გიორგი მარგველაშვილმა ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტის როლზეც ისაუბრა.

მის ამ გამოსვლაში აქცენტი კიდევ რამდენიმე თემაზე გაკეთდა, მათ შორის, „ადამიანზე ორიენტირებულ მთავრობაზე“, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთთან ურთიერთობებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე. „მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სრული რწმენით ვაცხადებდი და ვიმეორებ - საქართველოში ევროპული არჩევანი არასდროს გადაიხედება“, - განაცხადა მან.

საპარლამენტო ოპოზიციის - „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პრეზიდენტი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მის გამოსვლაში "არ იყო კონკრეტიკა", ხოლო მმართვალმა კოალიციამ გამოსვლა „სწორი აქცენტების“ დასმის გამო მოიწონა.

ეს იყო მარგველაშვილის პრეზიდენტობისას პირველი და ჯერჯერობით ბოლო გამოსვლა, რომელიც მმართველმა ძალამ მოიწონა. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ინსტიტუციურად, პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილებების თვალსაზრისით და მარგველაშვილის პერსონის თვალსაზრისით, ქვეყანას ახლა ჰყავს პრეზიდენტი, "რომლისაც არ გვრცხვენია, პრეზიდენტი, რომლისაც არ გვეშინია, პრეზიდენტი, რომელიც არ გვიყვარს და პრეზიდენტი, რომლის იმედიც გვაქვს".

2015 წელი   2014

წლის შემდეგ ყოველი საპარლამენტო გამოსვლის წინ პრეზიდენტ მარგველაშვილს მმართველი გუნდის მიერ შექმნილი წინააღმდეგობების გადალახვა უწევდა. მარგველაშვილის გამოსვლის ჩანიშვნა-გადადება 2015 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად ითქვა, რომ გამოსვლა 18 თებერვალს უნდა გამართულიყო, საბოლოოდ კი, 31 მარტს გაიმართა. მანამდე კი, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ "სიმბოლურ გამოსვლაზე" დასწრებას ის საჭიროდ არ მიიჩნევს.

გამოსვლამ ისევ დებატების გარეშე ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დებატებს ითხოვდა. მმართველმა გუნდმა კი განაცხადა, რომ ისინი დებატების საჭიროებას  ვერ ხედავდნენ. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა, რომ ფრაქციის ხელმძღვანელებს შესაძლებლობა მისცემოდათ, თავიანთი 15 წუთიანი გამოსვლის დრო გაეყოთ სხვა თანაფრაქციელებს შორის, მაგრამ უმრავლესობაში არც ეს გაითვალისწინეს.

აღნიშნული გამოსვლა 50 წუთიანი იყო. პრეზიდენტმა უკვე მთავრობის საქმიანობა გააკრიტიკა. პრეზიდენტმა მთავრობაში მართვის ხარვეზებზე და სტრუქტურების დუბლირებაზე ისაუბრა, მან აღნიშნა, რომ ეს "განაპირობებს ინსტიტუტების მდგრადობის დასუსტებას, მართვის არაეფექტურობას და პროცესების გაჭიანურებას... უნდა ვიზრუნოთ ისეთი მართვის სისტემის ფორმირებაზე, რომელიც მკაფიოდ გამოკვეთს პასუხისმგებელ პირებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ხელისუფლების მთავარ ამოცანად ეკონომიკური ზრდის და დასაქმების უზრუნველყოფა დაასახელა. ასევე, ის მიესალმა ჯანდაცვის, აგრარულ და ბიზნესის წამახალისებელ სამთავრობო პროექტებს. მან ასევე ისაუბრა სასამართლოს გაძლიერების, პროკურატურისა და შსს-ს გადაუდებელ რეფორმირებაზე. გარდა ამისა, მისი თქმით, პრინციპული იყო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა და ამ ცვლილების საგაზაფხულო სესიაზე ინიცირება.

2016 წელი

გიორგი მარგველაშვილის ეს გამოსვლა იმით იყო გამორჩეული, რომ გამოსვლის თარიღი კანონმდებლობის დაცვით, ანუ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე გაიმართა და მას ახალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და მთავარობის წევრები დაესწრნენ. თუმცა, ფორმატთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა არც შარშან არ გაითვალისწინეს. ოპოზიციონერი დეპუტატები, "ნაციონალური მოძრაობიდან" და "თავისუფალი დემოკრატებიდან", დებატების ისეთ ფორმატს ითხოვდნენ, რომელიც ფრაქციების ლიდერთა გამოსვლებთან ერთად პარლამენტის ცალკეული წევრების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას უზრუნველყოფდა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობასმ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

2012

წლის მოწვევის პარლამენტში ბოლო გამოსვლისას პრეზიდენტმა ქვეყნის შესაძლებლობების მაქსიმალური ათვისების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ "გამოუყენებელი შესაძლებლობები უკან დახევას ნიშნავს".

პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ზურაბ ჟვანიას გახსენებით დაიწყო და ითხოვა, რომ მისი ტრაგიკული გარდაცვალებიდან მე-11 წლისთავზე წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ მისი, როგორც "საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის" ხსოვნისთვის.

პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი თემები კვლავ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სასამართლო სისტემის რეფორმირება და ქვეყანაში ინსტიტუტების გამართული მუშაობის საჭიროება იყო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რეფორმირება სჭირდება სამართალდამცავ ორგანოებს და პროკურატურას.

მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა პროაქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებისა და მსოფლიოს დღის წესრიგში საქართველოს თემატიკის აქტიურად წარმოჩენის საჭიროებაზე. მან განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოების პრიორიტეტად ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება. პრეზიდენტმა რუსული "რბილი ძალის" შეტევების განეიტრალების საჭიროებასაც გაუსვა ხაზი.

გიორგი მარგველაშვილმა მთავარ პოლიტიკურ გამოწვევად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დაასახელა და განაცხადა, რომ არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა დასმულიყო. პრეზიდენტმა პარლამენტს 2016 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

2017 წელი გიორგი მარგველაშვილის წლევანდელი ანგარიშის ფორმატი ცნობილია, თუმცა, საინტერესოა რა ძირითად აქცენტებს გააკეთებს ის დღეს და რამდენად კრიტიკული იქნება მისი გამოსვლა.

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია