საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე გადაწყვეტილებებს იღებს. თეორიულად, პროექტის შემუშავება საბოლოო გადაწყვეტილებას არ ნიშნავს, მაგრამ ხელისუფლების პოზიციის გათვალისწინებით, უფრო სავარაუდოა, რომ სწორედ ის იქცევა ნორმად, რასაც ახლა პროექტში ჩაწერენ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, თუ რა ჩაიწერება პროექტში.
საკამათო და მნიშვნელოვანი საკითხი საკმაოდ ბევრია, თუმცა, ამ შემთხვევაში კონსტიტუციაში ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების ასახვას გამოვყოფთ. პირველ რიგში იმის გამო, რომ ჩანაწერი მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, როგორი ქვეყნის მშენებლობა სურს საქართველოს მოსახლეობას.
We the People of the United States, in Order to form a more perfect Union, establish Justice, insure domestic Tranquility, provide for the common defence, promote the general Welfare, and secure the Blessings of Liberty to ourselves and our Posterity, do ordain and establish this Constitution for the United States of America - ეს აშშ-ის კონსტიტუციისპრეამბულაა, სადაც ჩამოყალიბებულია, თუ როგორი სახელმწიფოს მშენებლობა სურდა მაშინ ამერიკის მოსახლეობას და მას შემდეგ ეს პრინციპი ფაქტობრივად ყველგან დაცულია.
საქართველოს კონსტიტუციისპრეამბულაში კი წერია: „ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას“.
არასამთვრობო სექტორი და ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, სწორედ აქ, პრეამბულაში ჩაიწეროს, რომ მოსახლეობის მიზანია ქვეყნის ევროინტეგრაცია, რაზეც ხელისუფლებისგან უარს იღებს.
მოთხოვნის ისტორია კონსტიტუციაში ქვეყნის ევროინტეგრაციის მისწრაფების ჩაწერის მოთხოვნა ახალი არ არის. ინიციატივა პირველად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2013 წლის დასაწყისში წამოაყენა, მას შემდეგ, რაც მაშინდელმა პრემიერმა ივანიშვილმა სომხეთში ვიზიტისას განაცხადა,რომ „ქვეყნები, ხალხი, საზოგადოება ვითარდება და პრიორიტეტები იცვლება, თუმცა უახლოეს მომავალში საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება“.
ამას ისიც დაემთხვა, რომ როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხაილ ევდოკიმოვმა აღნიშნა, საქართველოსა და დსთ-ს შორის მიმდინარეობდა საუბრები საქართველოს ორგანიზაციაში დაბრუნების თაობაზე. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევდოკიმოვის სიტყვები არასწორად გაიგეს, მაგრამ განცხადებების დამთხვევამ და ხელისუფლებისადმი უნდობლომამ ეს საკითხი გაამწვავა.
მაშინ ხელისუფლებამ ოპოზიციის ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ევროპული ორიენტაციის დადასტურება იმით სცადა, რომ ოპოზიციას საგარე კურსის შესახებ ინტერფრაქციული შეთანხმების პროექტიწარუდგინა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაერთიანება. თუმცა, მასში არაფერი იყო ნათქვამი ისეთ ცენტრალურ საკითხზე, როგორიცაა საქართველოს არშესვლა დსთ-ის მსგავს პოსტსაბჭოთა სივრცის გაერთიანებებში. ასევე, ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს თავი უნდა შეეკავებინა მსოფლიო თუ რეგიონული მასშტაბების დაპირისპირებებში სტრატეგიული როლის შესრულებისგან.
მოგვიანებით, როდესაც წინა მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებათა კომისია შეიქმნა, მაშინ ისევ ოპოზიციის მხრიდან გაჟღერდა, რომ კონსტიტუციაში ეს საკითხი უნდა ჩაწერილიყო, თუმცა, საბოლოოდ ეს საკითხი არ განხილულა. საერთოდაც, იმ კომისიამ მუშაობა ყოველგვარი საკანონმდებლო პროექტის გარეშე დაასრულა.
2016წელს ეს საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურდა, როდესაც არჩევნების წინ ნინო ბურჯანაძის პარტიამ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს საქართველოს ე.წ. ნეიტრალური სტატუსის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ვერცერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის ნატო-სა და ევროკავშირში, ვერ გაწევრიანდება. ცხადია, ამ ინიციატივას პოლიტიკური სპექტრის ძალიან დიდი ნაწილი და არასამთავრობო სექტორი უარყოფითად შეხვდა.
მოთხოვნის და უარის არგუმენტები წელს ეს თემა უკვე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პარალელურად გააქტიურდა და კონსტიტუციაში დასავლური კურსის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას ახლა ოპოზიციასთან ერთად ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს.
არასამთავრობოთა „კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო კომისიას ჩანაწერის ფორმულირებასაც სთავაზობს.
„პრეამბულაში იმის დაფიქსირება, რომ ჩვენ ვართ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, ანუ ევროკავშირის და ნატოს წევრობა გვინდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება მსოფლიოსთვის, ყველასთვის ჩვენება, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული, ურყევი ამოცანა. ამის საერთაშორისო პრაქტიკაც არსებობს, ეს არ არის უნიკალური მოთხოვნა“, – აცხადებს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ელენე ხოშტარია.
„რესპუბლიკური“ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ „რესპუბლიკელებს“ აღნიშული ინიციატივა ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში ჰქონდათ და ახლა ამ იდეას სრულად უჭერენ მხარს.
ოპოზიციის მოთხოვნას არ იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ საქართველო დასავლური ორიენტაციის არის იმის გამო, რომ ის პატივს სცემს დასავლურ ღირებულებებს და არა იმიტომ, რომ გეოგრაფიულად სხვაგან ვერ ხედავს განვითარების შესაძლებლობას.
„ჩვენ დასავლური ორიენტაციის მომხრეები ვიყავით და ვრჩებით არა იმის გამო, რომ გეოგრაფულად სხვაგან ვერ ვხედავთ საქართველოს განვითარების შესაძლებლობას, ჩვენ ვიყავით და ვრჩებით იმის გამო, რომ დასავლურ ფასეულობებს ვაღიარებდით და ვცემთ პატივს. ამიტომაც, თუ ძირითადი კანონით ფასეულობები იქნა კონსტიტუციის დონეზე განმტკიცებული და რეალურ ცხოვრებაში მოქმედი, ასეთ შემთხვევაში ამის დეკლარირება მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი გემოვნების საკითხია. ბევრ ქვეყანას, რომელიც თავისი არსით ავტოკრატიულია, უწერია ასეთი რამ, დასავლური ორიენტაცია და ა.შ. მაგრამ, თუ ეს იურიდიულ დონეზე დეკლარირებული არ არის და რეალურ ცხოვრებაში კონსიტუციური პრინციპები რეალიზებული არ არის, რა აზრი აქვს ჩაწერას?“ - აღნიშნავს ქუცნაშვილი.
ამასთან, მმართველი გუნდი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ეს ჩანაწერი დასავლური ქვეყნების კონსტიტუციებში არ არის და ეს მათ ორიენტაციას კითხვის ქვეშ არ აყენებს.
ფორმულირების ევროპული გამოცდილება
ხელისუფლების წინააღმდეგობისას, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში ქვეყნის ევროინტეგრაციული მისწრაფება ჩაიწეროს, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის ევროპის ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკის არარსებობა.
არადა, რეალურად, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა, ალიანსებში შესვლის პირობები და გადაწყვეტილებები ბევრ სახელმწიფოში კონსტიტუციით რეგულირდება. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების კონსტიტუციებშია მსგავსი ჩანაწერები, რომლებსაც აქვთ სხვა ქვეყნების გავლენის ქვეშ მოქცევის გარკვეული ისტორიული გამოცდილება.
მაგალითად, ლიტვის კონსტიტუციურ აქტში,რომელიც 1992 წელს არის მიღებული, წერია, რომ ლიტვას ეკრძალება პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოქმნილი სტრუქტურების წევრობა. მაგალითად ისეთის, როგორიცაა დსთ. ითვლება, რომ ეს ჩანაწერი სწორედ ევროინტეგრაციის მისწრაფების განაცხადია.
ხორვატიის კონსტიტუციაში (მუხლი 141) წერია, რომ ხორვატია არ გახდება ისეთი ალიანსის თუ ასოციაციის წევრი, რომელიც სამხრეთ სლავური სახელმწიფოების ან ბალკანური სახელმწიფოების თანამეგობრობის განახლებას ისახავს მიზნად.
გარდა ამისა, ევროპის არაერთი ქვეყნის კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომელიც გარკვეულ მექანიზმს წარმოადგენს იმისთვის, რომ არჩეული კურსი და ალიანსებში გაწევრიანება-დატოვება არა რომელიმე კონკრეტული მთავრობის ნებით, არამედ საზოგადოების გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს. ამისთვის კი, რეფერენდუმებია გათვალისწინებული.
საქართველოს გამოცდილება კი აჩვენებს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
2008წელს ჩატარებული პლებისციტით, საქართველოს მოსახლეობის 77%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.
ეს კი, როგორც ჩვენთან საუბრისას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, სრული საფუძველია იმისა, რომ ხელისუფლებამ ამაზე უარი ვერ თქვას.
„პირველ რიგში, აქ არასწორი ინტერპრეტაცია ხდება ამ თემის და მოსახლეობას მიეწოდება ისე, თითქოს მე ან სხვა ვითხოვთ კონსტიტუციაში ნატო-ში გაწევრიანების ჩაწერას. სინამდვილეში, ის ინიციატივა, რომელიც მე გავაჟღერე, იქ სიტყვასიტყვით წერია, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, საქართველომ დაიმკვიდროს თავისი ღირსეული ადგილი ევროატლანტიკური თანამშრომლობის და უსაფრთხოების სისტემაში. ამ თვალსაზრისით ეს განაცხადი ნიშნავს ორ რამეს: ერთი მხრივ, თუ ჩვენ მართლა წარმოგვიდგენია, გვჯერა და გვინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი ქვეყანა მაშინ ეს არის დემოკრატიული სამყარო, რომელზეც მივუთითებთ, ანუ ევროატლანტიკური სივრცე. მეორე მხრივ, თუ ჩვენ უკან ვიყურებით, ჩვენს ტრადიციას და კულტურას შევხედავთ და ვამბოთ, რომ ჩვენი ქვეყანა იშვა და განვითარდა ქრისტიანული ცივილიზაციის პირობებში, მაშინ ესაა სწორედ ქრისტიანული ცივილიზაციის დღევანდელობა. ასე რომ, წარსულიც და მომავალიც თავს იყრის ამ კონცეპტუალურ ხედვაში და რა არ მოსწონთ ამაში, ან რა ხიფათის შემცველია, მე არ მესმის“, - აცხადებს უსუფაშვილი.