თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და გადავიდეთ პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებზე".
ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელიც ამავე დროს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა. კომისია კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობს, სადაც ცვლილებები არაერთი მიმართულებებით უნდა შევიდეს. ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება 4 მარტს, საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გააკეთა. შესაბამისად, განცხადება ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციად ითვლება და ეს არ წამოადგენს ერთი კონკრეტული პირის პოზიციას, თუ „ემოციურ განცხადებას“, როგორც ამას მისი თანაგუნდელები უწოდებენ.
განცხადების შინაარსი - რა თქვა კობახიძემ?წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ ეს განცხადება კობახიძეს არ გაუკეთებია, საერთოდაც, საქართველოში არ თქმულა. გვაქვს განცხადება, არ ვიცით მთქმელის ვინაობა, უბრალოდ ვიცით, რომ ეს ადამიანი რომელიღაც ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა, განცხადებას კი კომისიის სხდომაზე აკეთებს. გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს ნათქვამი. ამის შემდეგ, უფრო ადვილად მოვახდენთ ქვეყნის დეფინიციას.
ნათქვამიდან ირკვევა, რომ
- მთქმელი ქვეყნის პრეზიდენტზეა გაბრაზებული, რომელიღაც კონკრეტული განცხადების გამო;
- მთქმელს არ მოსწონს პრეზიდენტი, არ არის „მისიანი“, რადგან „მისიანებისთვის“ მოსაწონ განცხადებებს არ აკეთებს;
- თუ პრეზიდენტი ასე გააგრძელებს, ანუ ისევ გააკეთებს „მისიანებისთვის“ არმოსაწონ განცხადებებს, მაშინ პრეზიდენტი უნდა დაისაჯოს;
- სასჯელის ფორმა არის კონკრეტული ნორმის ადრე ამოქმედება;
- ეს ნორმა, რომელიც ახლა ან მერე ამოქმედდება, არის სადამსჯელო ზომა, ანუ ცუდი რამ.
კობახიძის ამ განცხადებაში ორი საკითხია მნიშვნელოვანი. ერთი ის, რომ პრეზიდენტს ემუქრება პარლამენტის თავმჯდომარე და მეორე - სადამსჯელო ღონისძიების ზომა.
კობახიძის მარგველაშვილისადმი მუქარა იმან განაპირობა, რომ მმართველ გუნდს არ მოსწონს პრეზიდენტი. არ მოწონებისთვის კი, მიზეზი ერთადერთია - მოქმედი პრეზიდენტი მათ ყველაფერში არ ეთანხმება.
ცხადია, „ქართული ოცნების“ მიერ მარგველაშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ახალი არ არის და ეს დაპირისპირება რეალურად ივანიშვილის დამოკიდებულებამ განაპირობა, რომელიც მას მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევისთანავე ჩამოუყალიბდა და სულ უფრო მძაფრ ხასიათს იღებს. მაგრამ, ეს კიდევ სხვა საკითხია და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი თავად პარლამენტის სპიკერის პრეზიდენტისადმი მუქარაა.
დემოკრატიულ სისტემაში ხელისუფლება დაყოფილია სამ შტოდ - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო. სამივე შტოს თავისი ფუნქცია და უფლებამოსილება გააჩნია და, რაც მთავარია, ძალაუფლება დაყოფილია ისე, რომ მოხდეს ამ შტოების დაბალანსება. პრეზიდენტი, იქნება ეს საპარლამენტო თუ ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკა, სახელმწიფოს მეთაურია და მისი ფუნქცია რეალურად არბიტრის როლის შესრულებაა. ცხადია, მას აქვს სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც.
შესაბამისად, თუკი პრეზიდენტი არ იმეორებს მმართველი გუნდის პოზიციებს, ეს არც ტრაგედიაა და არც დანაშაული. უფრო მეტიც, პრეზიდენტის როლიდან გამომდინარე, ის სწორედ იმ შეცდომებზე უნდა მიუთითებდეს, რასაც ხელისუფლების შტოები შეიძლება უშვებდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარე კი, რომელიც საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტია, პრეზიდენტს სწორედ იმის გამო ემუქრება, რომ ის თავის მოვალეობას ასრულებს. ანუ, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდი პრეზიდენტისგან ითხოვს, არ შეასრულოს მოვალეობა და იყოს მათი აზრების უსიტყვო გამზიარებელი. ეს კი, სხვა არაფერია თუ არა ძალაუფლების მიტაცების მცდელობა. მით უმეტეს, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და თითქმის არ იზიარებს სხვის აზრს. ასეთ შემთხვევაში დემოკრატიაზე ლაპარაკი შეუძლებელია.
ზემოაღნიშნულ საკითხს პირდაპირ უკავშირდება კობახიძის განცხადების მეორე ნაწილი - სადამსჯელო ღონისძიება. როგორც კობახიძე აცხადებს, თუკი პრეზიდენტი არ მოიქცევა მმართველი გუნდის მოსაწონად, მაშინ იმ ნორმას, რომლის ამოქმედებას დღევანდელი მმართველი გუნდი 2023 წლისთვის გეგმავს, 2018 წელს, ანუ პრეზიდენტის უახლოესი არჩევნებისთვის აამოქმედებს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ეს ნორმა ცუდია და ამით მმართველი გუნდი პრეზიდენტს ემუქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ნათქვამს აზრი ეკარგება. საუბარია პრეზიდენტის არჩევის წესზე.
პრეზიდენტის არჩევის წესზე ცუდის ან კარგის თქმა შეუძლებელია, თუკი არ ვილაპარაკებთ იმაზე, რა ფუნქცია ექნება ამა თუ იმ წესით არჩეულ პრეზიდენტს. ცხადია, პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს მეტი ლეგიტიმაცია აქვს და მას მეტი უფლებებიც გააჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაპირდაპირი წესით არჩეული მხოლოდ სახელის მატარებელი უნდა იყოს. ხელისუფლების შტოებს შორის არბიტრის როლს არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტიც ინარჩუნებს, მაგრამ საკითხავია, ამ უფლებაში კონკრეტულად რა იქნება ასახული.
კონსტიტუციის ცვლილების პროექტი ჯერ არ დაწერილა, ამიტომ, კონკრეტულ ნორმებზე დაბეჯითებით საუბარი ძნელია. თუმცა, კობახიძის მხოლოდ ამ განცხადებიდან გამომდინარეც შეიძლება ითქვას, რომ საუბარი სწორედ პრეზიდენტის უფლებების კიდევ უფრო მეტად შეკვეცაზე იქნება. ეს კი, იმ ხაზის გაგრძელებაა, რასაც ხელისუფლების მიტაცების მცდელობა ჰქვია. პოლიტიკის მეცნიერების ენაზე კი, ამას ავტორიტარიზმს უწოდებენ, რისი ნიშნებიც დღევანდელ ქართულ რეალობაში უკვე აშკარად გამოჩნდა.