საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის უახლესი მონაცემები გამოაქვეყნა. 2017 წლის იანვარში ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ 176.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54.6 მლნ-ით (44.7%) აღემატება 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
როგორც პირველი ცხრილიდან ჩანს, გასული წლის იანვართან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ფეროშენადნობების (610%), სპირტიანი სასმელების, ღვინის, ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვისა და სამკურნალო საშუალებების ექსპორტის მაჩვენებლები.
ცხრილი 1:
უმსხვილესი საექსპორტო საქონელი და მათი პოზიციების ცვლილება (ათასი აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
უმსხვილეს საექსპორტო პოზიციებს შორის კლების მაჩვენებელი გამოკვეთილად მაღალია თხილის/კაკლის შემთხვევაში. გარდა თხილისა, შემცირებულია მსუბუქი ავტომობილების, ტრიკოტაჟის ნაწარმისა და ნავთობის საექსპორტო ღირებულებაც, უმნიშვნელოდ იკლო ოქროს ნედლეულის ექსპორტმაც.
საგარეო ვაჭრობის გეოგრაფიის თვალსაზრისით აუცილებელია აღინიშნოს, რომ 2017 წლის იანვარში, გასული პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ექსპორტი საკმაოდ მაღალი ტემპით გაიზარდა ქვეყნების ყოველი ჯგუფის შემთხვევაში. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დსთ-ის (120.4%) და სუამ-ის (118.8%) ქვეყნებში ფიქსირდება, 38.52%-ით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. ყველაზე დაბალი (14.8%) ზრდის ტემპი კი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი, ანუ მაღალი განვითარების მქონე ქვეყნების შემთხვევაშია.
ცხრილი 2:
ექსპორტი ქვეყნების ჯგუფების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ცალკეული ქვეყნების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში და 32.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 22.5 მლნ-ით (230%) აღემატება გასული წლის იანვრის მაჩვენებელს. შედეგად, 2017 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, რუსეთი ექსპორტის უმსხვილესი ბაზარია და მოცულობით 2-ჯერ აღემატება მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ ჩინეთისა და თურქეთის ბაზრებს.
მიმდინარე წლის იანვარში დაფიქსირებული ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დიდწილად დსთ-ის ქვეყნებში გაზრდილი ექსპორტითაა განპირობებული, თუმცა, თავისთავად საკმაოდ მაღალია ზრდა ევროკავშირის ქვეყნების შემთხვევაშიც. ძირითად საექსპორტო პროდუქციად ტრადიციულად სხვადასხვა სახეობის მადანი, ფეროშენადნობები და ალკოჰოლური სასმელები რჩება, მსუბუქ ავტომობილებთან ერთად.