„ის მონაცემები, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა - 2.2% ეკონომიკური ზრდა, და მასზე ხელისუფლების მხრიდან იყო შეფასება, რომ მცირედით განსხვავდება დაგეგმილისგან. ეს 0.8%, რომელიც არის ცდომილება, მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 300 მილიონის შესაძლებლობის დაკარგვაა“.
ფაქტ-მეტრმა ზურაბ მელიქიშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
2016წლის ბიუჯეტის კანონის პირველი ვარიანტის მიხედვით, გასული წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 3% იყო. 2016 წლის დეკემბერში, ბიუჯეტის კანონის შეცვლილი ვერსიით, აღნიშნული მონაცემი შემცირდა და 2.7%-ს გაუტოლდა. თუმცა, საქსტატის წინასწარი იფნორმაციით, რეალური მშპ-ის ზრდის საბოლოო, ფაქტობრივი მაჩვენებელი 2.2%-ია, რაც 0.8% პუნქტით ნაკლებია თავდაპირველად პროგნოზირებულ 3%-ზე.
2015წელს საქართველოს ეკონომიკამ 26.3 მლრდ ლარი შეადგინა. როგორც ზურაბ მელიქიშვილი აღნიშნავს, ეკონომიკური ზრდის დაპროგნოზებულსა და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის 0.8% პუნქტით სხვაობა მართლაც ნიშნავს მნიშვნელოვანი ფულადი შესაძლებლობის დაკარგვას, მაგრამ არა დაახლოებით 300 მლნ-ის, არამედ 210 მლნ-ის სახით.
2011წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი კლების ტენდენციით ხასიათდება (გამონაკლისია 2014 წელი). თუმცა, 2016 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი (2.2%) 2010-2016 წლებში ყველაზე დაბალია.
გრაფიკი 1:
საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2010-2016 წლებში
წყარო: საქსტატი
არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად რეგიონში არსებულმა ვითარებამ განაპირობა, რაც პირველ რიგში საქართველოს ექსპორტის შემცირებაში და საზღვარგერეთიდან ფულადი გზავნილების კლებაში გამოიხატა.
ცხრილი 1:რეგიონში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები 2015-2016 წლებში
ქვეყანა | 2015 | 2016 |
სომხეთი | 3 | 2.4 |
აზერბაიჯანი | 1.1 | -3.0 |
საქართველო | 2.9 | 2.2 |
რუსეთი | -3.7 | -0.6 |
უკრაინა | -9.9 | 1.0 |
თურქეთი | 4.0 | 2.5 |
2016
წელს შემცირდა აზერბაიჯანისა (-3%) და რუსეთის (-0.6%) ეკონომიკა. 2015 წელთან შედარებით შენელდა სომხეთისა და თურქეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი. მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა უკრაინამ, ქვეყნის ეკონომიკა 1%-ით გაიზარდა.
2.2%-იანი ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის დაბალი მაჩვენებელია. მსოფლიო ბანკის 2017 წლის ანგარიშზედაყრდნობით, რეგიონში (ევროპა და ცენტრალური აზია) საქართველო ეკონომიკური ზრდის 2.2%-იანი ნიშნულით 23 ქვეყნიდან მხოლოდ 7 ქვეყანას უსწრებს. მეტი სიცხადისთვის, თუკი აღნიშნული მონაცემი შენარჩუნდება, საქართველო ბულგარეთს, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას, ვერასდროს დაეწევა.
დასკვნასაქართველოს ეკონომიკა 2016 წელს 2.2%-ით გაიზარდა, რაც 0.8% პუნქტით ჩამორჩება მთავრობის მიერ წლის დასაწყისში დაანონსებულ მონაცემს (3%).
2015წელს საქართველოს ეკონომიკამ 26.3 მლრდ ლარი შეადგინა. ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის არსებული 0.8% პუნქტიანი ცდომილება არა 300 მლნ-ის, არამედ 210 მლნ ლარის ტოლი შესაძლებლობის დაკარგვას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ მელიქიშვილის მიერ დასახელებული რიცხვი ბოლომდე ზუსტი არ არის, მისი ძირითადი აქცენტები ცდომილების მნიშვნელობასთან დაკავშირებით სწორია.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ მელიქიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.