სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატში, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ინიციატივებს განიხილავს. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის განსაზღვრის საკონსტიტუციო კანონიც განიხილეს. როგორც ცნობილია, კომისიის მუშაობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებიც არიან ჩართული.

3

თებერვალს, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის დავით გაბაიძის ინიციატივით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს. შეხვედრის მიზანი საზოგადოებისგან წინადადებების მოსმენა, განხილვა და შემდგომში ინიციატივებად ქცევა იყო.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, არსებობს რამდენიმე საკანონმდებლო ხარვეზი, მათ შორის, მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის და მის მიერ ვეტოს უფლების გამოყენებასთან  დაკავშირებით, რომელთა გამოსწორება აუცილებელია. როგორც გაბაიძემ აღნიშნა, ამის შესახებ საკუთარი მოსაზრებები საკონსტიტუციო კომისიას მან უკვე წარუდგინა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებები ფაქტობრივად ერთმანეთს დაემთხვა ავტონომიისთვის მეტი ფისკალური დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხში. მათი აზრით, ფინანსური დამოუკიდებლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ავტონომიის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჰქონდეს გარკვეულ ზღვრულ რაოდენობამდე გრანტებისა და სესხის აღების უფლება ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის გარეშე, ასევე გარკვეულ სფეროებში ლიცენზიების მოპოვების უფლებაც.

შეხვედრაზე არაერთხელ გაიჟღერა მოსაზრებამ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და აჭარის ავტონომიის უფლებამოსილებების დუბლირების შესახებ. „ჩემი მოსაზრებები ძირითადად ეხება აჭარის სახელისუფლებო ორგანოების ფორმირების წესს. ასევე აჭარის ა/რ  განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს. ამ საკითხების გადაწყვეტის კომპეტენციის რაღაც ნაწილი წაიღო ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ძალიან დიდი ნაწილი გახდა ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, საჭიროა, მოხდეს გადაწყობა“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ. მისივე თქმით, ამ უფლებამოსილებების დახვეწა და გამიჯვნა აუცილებელია. რაც შეეხება სტატუსთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა: „ძირითადი საკითხები განისაზღვრება კონსტიტუციური კანონითა და ორგანული კანონით, რომლითაც მტკიცდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია. რაც შეეხება მის დეტალიზაციას, ამაზე უფლებამოსილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. უკვე გამოჩნდა მოსაზრებები, რომლებიც შეიძლება გახდეს საკონსტიტუციო კომისიის მსჯელობის საგანი და მათ მიეცემა პროექტის სახე. მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით დიდი ცვლილებები არ არის დაგეგმილი, უბრალოდ, არსებობს მოსაზრება, რომ მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცების შემდეგ უმაღლეს საბჭოში მინისტრების კანდიდატურების განხილვისას აღარ იყოს საჭირო ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმება. ეს მოსაზრება უკვე დგას საკონსტიტუციო კომისიის წინაშე“.

აჭარის ავტონომიის ტერიტორიული მოწყობის შესახებ საკუთარი მოსაზრება შეხვედრის მონაწილეებს პოლიტოლოგმა ასლან ლორთქიფანიძემაც გააცნო. მისი თქმით, ავტონომიის მოსახლეობამ პირდაპირი არჩევის წესით უნდა აირჩიოს ავტონომიის გამგებელი, რაც დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ავტონომიის ხელისუფლების გარეშე წყდება, არის აჭარის სამართალდამცავ სტრუქტურებში თანამდებობის პირების დანიშვნა. შეხვედრაზე ითქვა, რომ კარგი იქნებოდა, კანდიდატების განხილვის პროცესში აჭარის ხელისუფლებაც იყოს ჩართული და ის ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშნულთა ვინაობას მედიასაშუალებებით არ იგებდეს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მსჯელობისას აღნიშნა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ავტონომიის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს უხერხული სიტუაცია ექმნება. მაგალითად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კანონში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ ვინ შეასრულებს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას მისი გადადგომის შემდეგ, ან რა პროცედურები უნდა გატარდეს, თუ უმაღლესმა საბჭომ თავმჯდომარის ვეტო ვერ დაძლია. დავით გაბაიძემ განაცხადა, რომ ტექნიკური ხარვეზები არსებობს და უნდა აღმოიფხვრას. „საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, რამდენად აუცილებელია, არსებობდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. ამ მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს და მე მზად ვარ, ყველა მოქალაქის აზრი მოვისმინო“, - აღნიშნა შეხვედრის ორგანიზატორმა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელსაც ფაქტ-მეტრმა ყურადღება მიაქცია, ისაა, რომ შეხვედრას არ ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. დავით გაბაიძემ შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რომ ზოგიერთი კოლეგა წინადადებებისა და მოსაზრებების განხილვის ასეთ ფორმატში მონაწილეობას საჭიროდ არ მიიჩნევს. ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციას და ვცადეთ გაგვერკვია, რატომ არ მონაწილეობდნენ ისინი წინადადებების განხილვაში. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ის არ იყო ინფორმირებული ამ შეხვედრის შესახებ და რომ ცოდნოდა, აუცილებლად დაესწრებოდა, რადგან თვლის, რომ აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება ნამდვილად საჭიროა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია დასახვეწია. როდესაც საკონსტიტუციო კომისია უნდა შექმნილიყო, ჩვენ მივმართეთ დავით გაბაიძეს წერილობით და ვთხოვეთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი შეეყვანა ამ კომისიაში. წერილობითი პასუხი არ მიგვიღია, სიტყვიერად კი გვიპასუხა, რომ ეს კომისია პარლამენტში იქმნებოდა. ჩვენ გვაქვს ინიციატივები და მათ აუცილებლად წარვადგენთ საგაზაფხულო სესიაზე“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო კომისიაში ინიციატივების წარდგენის ვადა აპრილის ბოლომდეა. შემდეგ ისინი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. საკანონმდებლო ინიციატივების მოსმენა საქართველს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, დაუჭერს თუ არა მხარს ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო აჭარის უმაღლესი საბჭოს მოსაზრებებს ავტონომიის სტატუსის დახვეწის შესახებ.