„2012 წელთან შედარებით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20 მლნ ლარით არის გაზრდილი, თანამშრომელთა რაოდეონობა კი თითქმის იგივეა, უფრო სწორად, 15-16 ადამიანით არის გაზრდილი“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2016წელს სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურება 2012 წლის შესაბამის მაჩვენებელს 14.1 მლნ ლარით აღემატება. რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, 2016 წლის მონაცემებით, იუსტიციის სამინისტროში 122 ადამიანით ნაკლები მუშაობს, ვიდრე 2012 წელს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სამინისტროს შრომის ანაზღაურების ფონდი 2.6 მლნ ლარით, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 88 ადამიანით მცირდება.
ცხრილი 1:იუსტიციის სამინისტროში გაცემული შრომის ანაზღაურება (ათასი ლარი) და მომუშავეთა რიცხოვნობა
წელი | შრომის ანაზღაურება | მომუშავეთა რიცხოვნობა |
2012 | 23 998.7 | 1 875 |
2013 | 29 670.9 | 1 672 |
2014 | 35 659.5 | 1 787 |
2015 | 38 342.8 | 1 763 |
2016 | 38 103.0 | 1 753 |
2017 | 35 517.0 | 1 665 |
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გასულ წლებში იუსტიციის სამინისტროში შრომის ანაზღაურება მართლაც გაიზარდა, თუმცა, მისი თქმით, ეს ზრდა ძირითადად პროკურატურის ხარჯზე მოხდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს პროკურატურის შრომის ანაზღაურების ფონდმა 24 მლნ 732 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 9.5 მლნ ლარით აღემატება. 2012 წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდნეობა კი 30 ადამიანით არის გაზრდილი.
ცხრილი 2:პროკურატურის მიერ გაცემული შრომის ანაზღაურება (ათასი ლარი) და მომუშავეთა რიცხოვნობა
წელი | შრომის ანაზღაურება | მომუშავეთა რიცხოვნობა |
2012 | 15 214.0 | 830 |
2013 | 20 108.7 | 830 |
2014 | 24 743.2 | 830 |
2015 | 25 720.9 | 860 |
2016 | 24 732.0 | 860 |
2017 | 24 732.0 | 860 |
თუ იუსტიციის სამინისტროს შრომის ანაზღაურების ფონდს პროკურატურის შრომის ანაზღაურებას გამოვაკლებთ, ვნახავთ, რომ 2012-დან 2016 წლის ჩათვლით სამინისტროს შრომის ანაზღაურების ფონდი ყოველწლიურად დაახლოებით 1 მლნ ლარით იზრდებოდა. 2012 წელთან შედარებით, ჯამში, უწყებაში შრომის ანაზღაურების მუხლი (პროკურატურის შრომის ანაზღაურების გამოკლებით) 5 მლნ ლარით გაიზარდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2012 წლის შემდეგ უწყებაში გაზრდილი შრომის ანაზღაურების უმეტესი წილი სწორედ პროკურატურაზე მოდიოდა.
2012 წლიდან პროკურატურაში გაზრდილ შრომის ანაზღაურების ხარჯებთან დაკავშირებით IDFI-მა კვლევაგამოაქვეყნა. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2012 წლის შემდეგ ხელისუფლება აქტიურად აპელირებდა პროკურატურაში შესული განცხადებების დიდ რაოდენობაზე. კვლევის მიხედვით, „2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე პროკურატურაში 52 530 საჩივარი/განცხადება შევიდა, რომლებიც საჯარო მოხელეთა მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს შეეხებოდა“. კვლევაში აღნიშნულია, რომ პროკურატურაში შესული საქმეების მატება უწყებაში თანამშრომელთა რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენდა. თუმცა, იმავე კვლევაში ნათქვამია, რომ „პროკურატურა არ ასაჯაროებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შედეგებით დასრულდა და რა რეაგირება მოჰყვა უწყებაში შესულ იმ განცხადებებს, რომლებიც მოიცავდა ინფორმაციას საჯარო მოხელეთა მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე“.
დასკვნასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს იუსტიციის სამინისტროს შრომის ანაზღაურების ფონდი 2012 წლის მაჩვენებელს 14 მლნ ლარით აღემატება (და არა 20 მლნ-ით). სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა კი 122 ადამიანით არის შემცირებული. აღნიშნული 14 მლნ ლარიდან 9 მლნ ლარი პროკურატურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე მოდის. IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2012 წლის ოქტომბრიდან პროკურატურაში წინა ხელისუფლების საჯარო მოხელეთა წინააღმდეგ შესული საჩივრების მატება უწყებაში თანამშრომელთა რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების ზრდის წინაპირობას წარმოადგენდა.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2016 წელთან შედარებით, სამინისტროს შრომის ანაზღაურების ფონდი 2.6 მლნ ლარით, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 88 ადამიანით მცირდება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგი კაპანაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.