იტვირთება

ევროპის საბჭოს ვებგვერდზე მიმდინარე წლის 27 იანვარს გამოქვეყნებული დოკუმენტის

მიხედვით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩავარდნის მიზეზი არაკვალიფიციურობა გახდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელს - მოსამართლე ნონა წოწორიას უფლებამოსილების ვადა 2017 წლის 31 იანვარს ეწურება. მისი შემცვლელის შერჩევის პროცედურა ერთი წლის წინ, შესაბამისი ეროვნული კომისიის შექმნით დაიწყო. ეროვნულ ეტაპზე ჩატარებული კონკურსის შედეგად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროპის საბჭოს სამი კანდიდატისგან შემდგარი სია გაეგზავნა (ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი).

2017

წლის 25 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების სია დაწუნებული იქნა (5 წევრი 1-ის წინააღმდეგ) და საქართველოს ახალი სიის წარდგენა დაევალა.

ამ ფაქტს საქართველოში მწვავე პოლიტიკური დებატები მოყვა. ოპოზიცია ხელისუფლებას მოსამართლეთა შერჩევის შიდა ეტაპზე პროცედურების დარღვევასა და შერჩეული კანდიდატების არაპროფესიონალიზმზე მიუთითებდა,

ხოლო ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას, ძირითადად, პროცედურულ ხარვეზებს მიაწერდა. ასევე, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სიის ჩაგდების მიზეზად საერთაშორისო ასპარეზზე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ სიის საწინააღმდეგოდ მიმართული აქტიური კამპანია დაასახელა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, რომელიც კომიტეტის სხდომას უშუალოდ ესწრებოდა, სიის ჩავარდნა იმ ახალ, ძალიან მაღალ სტანდარტებს უკავშირდება, რომლითაც კომიტეტი მოსამართლეთა შერჩევისას ხელმძღვანელობს. მართალია, ბესელია არ ასახლებს, კონკრეტულად რა კომპონენტში არ აკმაყოფილებს წარდგენილი სია მაღალ სტანდარტებს, თუმცა ის ირიბ მინიშნებას შიდა პროცედურებზე აკეთებს.

„კომიტეტს აქვს ახალი და ძალიან მაღალი სტანდარტები. ეს სტანდარტები გულისხმობს იმას, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურები კომიტეტისთვის, რაც სასამართლოში მოსამართლეთა განწესებას ეხება. საბოლოოდ, კომიტეტმა ხანგრძლივი განხილვის შემდეგ ჩათვალა, რომ უმჯობესი იქნება, თუ თავიდან იქნება განხილული შიდაეროვნულ დონეზე ახალი სიის წარდგენის პროცედურა და სია ხელახლა წარედგინება კომიტეტს“, - განაცხადა

ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლი ზვიად ძიძიგური სიის დაწუნების მიზეზად კანდიდატთა კომპეტენციას გამორიცხავდა. „შევარჩევთ ახალ კანდიდატებს და ისინი იქნებიან წარდგენილი სტრასბურგის სასამართლოსთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესი. ასეთი რამ ხდება ყველგან, ყველა ქვეყანაში და მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან ბევრნაირი, მაგრამ ერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ არც კომპეტენციაში, არც კეთილსინდისიერებაში, არც საიმედოობაში ამ ადამიანების, როგორც იურისტების, ეჭვი არავის ეპარება“, - განაცხადა

ძიძიგურმა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კანდიდატთა სიის ჩავარდნის მიზეზი სწორედ ერთერთის ან რამდენიმეს არაკვალიფიციურობა გახდა. „ვინაიდან ყველა კანდიდატს არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, კომიტეტი გასცემს ასამბლეის მიერ სიის უარყოფისა და საქართველოს მთავრობის მიერ ახალი სიის წარდგენის რეკომენდაციას“, - ნათქვამია ოფიციალურ დოკუმენტში.

123

იმავე მიზეზით კომიტეტმა კანდიდატთა სია აზერბაიჯანისა და სლოვაკეთის შემთხვევაშიც დაიწუნა. აზერბაიჯანის შემთხვევაში, საქართველოსგან განსხვავებით, კომისიამ პირდაპირი მინიშნება

გააკეთა, რომ არცერთი წევრი არ არის საკმარისად კვალიფიციური.

2

აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში კომიტეტი სიის უარყოფისას დასაბუთებაში სხვადასხვა მიზეზს ასახელებს. მაგალითისთვის, ალბანეთის მიერ წარდგენილი სიის დაწუნებისას, მათ მიზეზად შიდაეროვნული პროცედურების ევროპის საბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამოდ წარმართვა დაასახელეს.

1234

საქართველოს შემთხვევაში კომიტეტს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი კანდიდატის/კანდიდატების კვალიფიკაცია გახდა სიის ჩაგდების მიზეზი. ამასთან, მართალია კომიტეტს შიდა პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით პირდაპირი მითითება არ გაუკეთებია, თუმცა არაკვალიფიციური კანდიდატის წარდგენა შესაძლოა პროცედურებში არსებულ ხარვეზებზე ირიბად მიანიშნებდეს.

აქვე აღსანიშნავია, რომ კანდიდატების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით საქართველოში ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა.

როგორც ცნობილია, კანდიდატთა მომდევნო სიის წარდგენა აპრილამდე იგეგმება, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელს უფლებამოსილების ვადა უკვე ამ თვის ბოლოს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

2836 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი