„საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის პარლამენტის წევრის კითხვა. წინა [მე-8] მოწვევის პარლამენტი ამ თვალსაზრისითაც იყო გამორჩეული, 816 კითხვა იყო დასმული. 2008-2012 წლის პარლამენტს რომ შევადაროთ, მხოლოდ 8 კითხვა იყო დასმული“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის221-ე მუხლი საპარლამენტო კონტროლის ფორმებს განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც „პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს: საქართველოს მთავრობას, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მათგან მიიღოს პასუხი. კითხვა შეიძლება დასმული იქნას მხოლოდ წერილობითი ფორმით. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს წერილობითი პასუხი. შესაბამის თანამდებობის პირს, კითხვის ავტორთან შეთანხმებით, კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით“.
ჩვენ გიორგი კახიანს დავუკავშირდით, რათა დაგვეზუსტებინა, თუ რა იგულისხმა მან განცხადების გაკეთებისას – საპარლამენტო სხდომებზე დეპუტატების მიერ ზეპირად დასმული, თუ წერილობით გაგზავნილი კითხვები. დეპუტატმა დაგვიდასტურა, რომ მის მიერ დასახელებულ რიცხვებში წერილობით გაგზავნილ შეკითხვებს მოიაზრებდა.
საქართველოს პარლამენტის მიერ ჩვენთვის მოწოდებული საჯარო ინფორმაციისმიხედვით, საქართველოს მეშვიდე მოწვევის (2008-2012 წლები) პარლამენტიდან, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს, საქართველოს მთავრობის, მთავრობის წევრის, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელის ან სახელმწიფო დაწესებულების მიმართ გაიგზავნა 44 შეკითხვა, აქედან 32 წერილობითი იყო, მათ შორის პარლამენტის წევრის - 8, პარლამენტის წევრთა ათკაციანი ჯგუფის - 1 და საპარლამენტო ფრაქციის - 23. დარჩენილი 12 კითხვა (44-32=12) კი, პარლამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, "ზეპირად გაიგზავნა". თუმცა, რას გულისხმობს შეკითხვების ზეპირად გაგზავნის ფორმა ჩვენთვის გაუგებარია, აღნიშნული არც პარლამენტის რეგლამენტში გვხვდება. დღესდღეობით, პარლამენტი ზეპირად დასმული კითხვების აღრიცხვას არ აწარმოებს. მათი ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა მხოლოდ სხდომების სტენოგრამების გაშიფვრის შედეგადაა შესაძლებელი. ამ საკითხზე ამომწურავი განმარტება ჩვენ პარლამენტის აპარატიდან ვერ მივიღეთ.
რაც შეეხება საქართველოს VIII მოწვევის (2012-2016 წლები) პარლამენტს, ანგარიშვალდებული ორგანოების მიმართ პარლამენტის წევრების მიერ დაისვა 817 წერილობითი შეკითხვა. აქედან 486 კითხვა საქართველოს მთავრობისა და მთავრობის წევრების მისამართით იყო გაგზავნილი.
აქვე, ინფორმაციისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ მერვე და მეცხრე (მოქმედი) მოწვევის პარლამენტარების მიერ წერილობით დასმული კითხვების ნახვა უკვე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზეცააშესაძლებელი.
დასკვნა
გიორგი კახიანის განცხადებით, 2008-2012 წლებში პარლამენტის წევრებმა წერილობით 8 კითხვა დასვეს, 2012-2016 წლებში (მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრებმა) კი, 816 კითხვა. პარლამენტიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრებმა წერილობით 8 კითხვა დასვეს, ასევე 1 წერილობითი შეკითხვა დაისვა პარლამენტის წევრთა ათკაციანი ჯგუფის მიერ, საპარლამენტო ფრაქციებმა კი, 23 შეკითხვა გაგზავნეს წერილობით. რაც შეეხება მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრებს, მათ 817 წერილობითი შეკითხვა დასვეს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კახიანის განცხადება არის სიმართლე.რედაქტორის შენიშვნა: ამ სტატიის თავდაპირველი ვერსია გასული წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, გიორგი კახიანი დაგვიკავშირდა და კვლევაში არსებული ხარვეზის შესახებ მიგვითითა. კერძოდ, სტატიის პირველ ვარიანტში გიორგი კახიანის მიერ ნახსენები შეკითხვების რაოდენობა, განცხადების კონტექტიდან გამომდინარე, აღქმული იქნა, როგორც მხოლოდ მთავრობისა და მთავრობის წევრებისადმი დასმული შეკითხვები. როგორც აღმოჩდა, გიორგი კახიანი გულისხმობდა არა მხოლოდ მთავრობის მისამართით, არამედ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს, საქართველოს მთავრობის, მთავრობის წევრის, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელის, სახელმწიფო დაწესებულების მიმართ გაგზავნილ შეკითხვებს. ამ გარემოებისა და, შესაბამისად, პარლამენტიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიღების შემდეგ სტატია დაკორექტირდა. ასევე, შეიცვალა ფაქტ-მეტრის ვერდიქტიც და გიორგი კახიანის განცხადება მეტწილად სიმართლის ნაცვლად სიმართლედ შეფასდა.