პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში მთავრობის ადმინისტრირების ხარჯების შემცირება".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ადმინისტრაციული ხარჯები საქონელსა და მომსახურებაზე დახარჯულ თანხებსა და შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილ ფინანსებს მოიცავს. მისი შემცირება „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის ნაწილია და მთავრობამ იგი 2015 წლის მარტში დააანონსა, თუმცა, 2015-2016 წლებში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). 2012წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოს ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები ძირითადად მთლიანი ხარჯების 30%-იან შუალედში მერყეობს (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1:
ადმინისტრაციული ხარჯები 2013-2017 წლებში (მლნ ლარი)
წელი | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
მთლიანი ხარჯი | 7 248,5 | 7 539 | 8 128 | 8 543 | 9 121 |
ადმინისტრაციული ხარჯი | 2 035 | 2 172 | 2 322 | 2 480 | 2 538 |
წილი (%) | 28 | 29 | 28,5 | 29 | 28 |
2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ადმინისტრაციულმა ხარჯებმა დაახლოებით 2 მლრდ 538 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტის მთლიანი ხარჯვითი ნაწილის 28 %-ია. 2016 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 2 მლრდ 480 მილიონი ლარი იყო და მაშინდელი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაახლოებით 29%-ს უდრიდა. 2015 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიულმა ხარჯებმა 2 მილიარდ 322 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი ბიუჯეტის 28.5% იყო. 2014 წელს
ადმინისტრაციული ხარჯი ბიუჯეტის 29%-ს შეადგენდა - 2 მლრდ 172 მილიონი ლარი. 2013 წელს კი, ხარჯი 2 მლრდ 35 მილიონი ლარი იყო - მთლიანი ბიუჯეტის 28%.
როგორც ვხედავთ, 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯი წინა წელთან მიმართებით 58 მილიონი ლარითაა გაზრდილი. ბიუჯეტის მიხედვით, შრომითი ანაზღაურება შემცირებულია 50 მლნ ლარით, თუმცა, გაზრდილია „საქონლისა და მომსახურების“ ხარჯები და, საბოლოო ჯამში, მთლიანი ადმინისტრაციული ხარჯი წინა წლის მონაცემებს მაინც აჭარბებს.
ლევან კობერიძემ აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან კამათის დროს გააკეთა. წინა ხელისუფლების დროს ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა ასევე მზარდი იყო.
ცხრილი 2:
ადმინისტრაციული ხარჯები 2009-2012 წლებში (მლნ ლარი)
წელი | 2009 | 2010 | 2011 | 2012 |
მთლიანი ხარჯი | 5 367 | 5 466 | 5 824 | 6 882 |
ადმინისტრაციული ხარჯი | 1 821 | 1 875 | 2 001 | 2 132 |
წილი (%) | 34 | 34 | 34 | 31 |
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, 2012 წელს ადმინისტრაციული ხარჯების შეფარდება მთლიან ხარჯებთან 3%-ით შემცირდა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 2013 წლის ბიუჯეტი ჯერ კიდევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდშია შედგენილი და ინიცირებული (
ინიცირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2012 წელი), 2013 წელს საქართველოს ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების წილის 31%-იდან 28%-მდე შემცირებაც წინა ხელისუფლების ინიციატივით მოხდა.
დასკვნა
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 2017 წლის ბიუჯეტში შემცირებულია მხოლოდ შრომის ანაზღაურების პუნქტი, რაც ყოველთვის მზარდი იყო, თუმცა, ადმინისტრაციული ხარჯები შემცირებული არ არის და პირიქით, 58 მლნ ლარით არის გაზრდილი.
ადმინისტრაციული ხარჯების ხვედრითი წილი მთლიან ბიუჯეტში ასევე არ არის მნიშვნელოვნად შემცირებული (დაახლ. 1%), თუმცა, ეს ასეც რომ იყოს, ადმინისტრაციული ხარჯების მთლიან ხარჯებთან შეფარდების შემცირება არ არის უპრეცედენტო შემთხვევა და 2012-2013 წლების ბიუჯეტში ამ მაჩვენებლის კლება 3-3%-ია.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან კობერიძის განცხადება არის ტყუილი.