აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ამჟამად უკვე ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ბერძენიშვილის განცხადებით, „ტურისტების რაოდენობა, რომლებმაც მოინახულეს მთიანი აჭარა, 2016 წელს 90%-ით მეტია ვიდრე 2015 წელს“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტატისტიკა დეპარტამენტის მიერ მარკირებულ ტურისტულ მარშრუტებზე ტურისტების რაოდენობას ეყრდნობა. მაღალმთიან აჭარაში სამი ტურისტული მარშრუტია მონიშნული - მაჭახელას ისტორიული, ქედის ღვინის/გასტრონომიული და ხიხანის სათავგადასავლო. ტურისტთა რაოდენობა ამ მარშრუტების არეალში არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროებში განთავსებულთა რიცხვით დგინდება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, მაჭახელას, ქედისა და ხიხანის ტურისტულ მარშრუტებზე ღამისთევების რაოდენობა 5 151-ია, რაც 2015 წელთან (2 603) შედარებით 97%-ით მეტია.
ცხრილი 1: ტურისტების რაოდენობა საოჯახო სასტუმროების მონაცემების მიხედვით
საოჯახო სასტუმროები
2014 წელი
2015 წელი
2016 წელი
მაჭახელას საოჯახო სასტუმროები
18
120
334
ქედის საოჯახო სასტუმროები
0
2 240
4 450
ხულოს საოჯახო სასტუმროები
106
243
367
ჯამური რაოდენობა
124
2 603
5 151
წყარო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მაღალმთიანეთში ტურისტების სტატისტიკის დასადგენად საინფორმაციო ტურისტული ცენტრებიდან მიღებული მონაცემებითაც ხელმძღვანელობს. აჭარაში სულ რვა ტურისტული ცენტრია. მათგან სამი აჭარის მაღალმთიანეთში - ქედაში, შუახევსა და ხულოშია. ქედის და შუახევის საინფორმაციო ცენტრები ნოემბრიდან მაისამდე არ ფუნქციონირებს, ხულოს ცენტრი კი, კურორტ გოდერძის ამოქმედების შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში მუშაობს. საინფორმაციო ცენტრებს უკავშირდებიან იმ საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები, რომლებსაც სოფლად სახლები აქვთ და სტუმრების მიღება შეუძლიათ. მეორე მხრივ, ტურისტები საინფორმაციო ცენტრების მეშვეობით მათთვის სასურველ მარშრუტზე ღამისთევისთვის შესაფერის ადგილს ირჩევენ.
წყარო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ხულოს საინფორმაციო ცენტრის ადმინისტრატორის, დავით შანთაძის ინფორმაციით, 2015 წელს ცენტრის მომსახურებით 1 134-მა ტურისტმა ისარგებლა, 2016 წელს (ნოემბრის მონაცემებით) 3 351-მა. ეს მონაცემები იმ ტურისტების რაოდენობას ასახავს, რომლებმაც განთავსების ადგილთან დაკავშირება მოითხოვეს. შანთაძისვე მოწოდებული ინფორმაციით, გაზრდილია განთავსების ადგილების (საოჯახო ტიპის სასტუმროების) რიცხვი, ტურისტულ მარშრუტებს კი ახალი მიმართულებები დაემატა.
დასკვნა
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ხიხანის, ქედის და მაჭახელას მარშრუტებით დაინტერესებული ტურისტების რიცხვი გაიზარდა. 2015 წელს ეს მონაცემი 2 603-ს უდრიდა, 2016 წელს კი - 5 151-ია, შესაბამისად, ზრდა 97%-ია. ხულოს საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 2016 წელს ტურისტების რიცხვი (2015 წელთან შედარებით) 1 134-დან 3 351-მდე გაიზარდა, ანუ თითქმის გასამმაგდა.
ამდენად, მამუკა ბერძენიშვილის განცხადება არის სიმართლე.