საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში ვიდეო გაავრცელა, სადაც ის რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთთან ღვინოსა და მინერალურ წყლებზე ემბარგო მისი ხელისუფლების (და არა ივანიშვილის) დამსახურებით მოიხსნა.
„ალბათ ბევრმა არ იცის, მაგრამ ღვინის ემბარგო მოიხსნა არა ივანიშვილის მთავრობის მიერ, არამედ იმ ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ ამერიკელებისა და შვეიცარიელების დახმარებით რუსებთან, 2012 წლის დასაწყისში. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოხსნა რუსეთმა ემბარგო იმიტომ, რომ მაშინ ავაღებინეთ ვალდებულება, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის სანაცვლოდ, ჩვენს ღვინოსა და მინერალურ წყლებს შეუშვებდა თავის ბაზარზე“, - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში. რუსეთმა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა 2006 წელს, რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშენკოს ბრძანებით, უხარისხობის მოტივით აკრძალა. ქართული ღვინისა და კონიაკის ექსპორტი რუსეთში 2013 წლის 12 ივნისს აღდგა. 2011 წლის 9 ნოემბერს საქართველომ და რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერესორმხრივ შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის შექმნის შესახებ. შეთანხმების თანახმად, საქართველოს და რუსეთს უნდა შეექმნათ სავაჭრო დერეფნები საზღვრის აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის და ზემო ლარსის მონაკვეთებზე, რომელთა დასაწყისში და ბოლოში მიმავალი ტვირთების მოძრაობას შვეიცარიული კომპანია გააკონტროლებდა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანზიაციაში (WTO) გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა.
2012 წლის 14 დეკემბერს, რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის მიზნით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს შორის ჟენევაში პირველი შეხვედრა შედგა. 2012 წლის 21 დეკემბერს, სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ რუსეთის მიერ ქართულ პროდუქტებზე ემბარგოს მოხსნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ანდრეი დენისოვმა ამავე გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული პროდუქციის რაიმე სახის დამატებითი კონტროლი აღარ იგეგმება და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებში რუსეთი WTO-ს წესებითა და ვალდებულებებით იხელმძღვანელებს.
ემბარგოს მოხსნამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა,რომ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები რუსეთს ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნას ავალდებულებდა, მოსკოვი მზად იყო ამ გადაწყვეტილების მისაღებად.
რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლას 1993 წლიდან ცდილობდა. მისთვის ბოლო დაბრკოლება საქართველოს უარი იყო. საქართველოს მიერ რუსეთის WTO-ში გაწევრიანებაზე ვეტოს მოხსნის შემდეგ, 2012 წლის 18 ივლისს, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება დამტკიცდა. ამავე წლის 22 აგვისტოს რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის 157-ე წევრი ოფიციალურად გახდა. WTO-ში გაწევრიანების შემდეგ რუსეთი ვალდებული გახდა, ამ ორგანიზაციის წევრებთან ცივილიზებული სავაჭრო ურთიერთობები დაემყარებინა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდების მე-5 ქვეთავის თანახმად, რომელიც ბაზრის წვდომასთან დაკავშირებულ ზოგად ვალდებულებებს ეხება,WTO-ში გაწევრიანების შემდეგ რუსეთი ვალდებული იყო, საერთაშორისო ნორმებს დაქვემდებარებოდა, ხოლო მანამდე არსებული სპეციფიური საიმპორტო ლიცენზია ან დამატებითი მოთხოვნები, რომელიც არ იყო შესაბამისობაში სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებთან, გაეუქმებინა. ასევე, რუსეთის WTO-ში გაწევრიანების შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ალკოჰოლი, ხე და ფარმაცევტული ნაწარმი, რუსეთის საბაჟოზე იმპორტიორებს ლიცენზია არ დასჭირდებოდათ და რუსეთი მათ დამატებით მოთხოვნებს ვეღარ დაუწესებდა.
WTO-ს წესდებაში დიდი ადგილი ფიტოსანიტარული კონტროლის მექანიზმებს ეთმობა (რაც 2006 წელს ქართული და არამარტო ქართული ბოსტნეულის და ხორცპროდუქტების იმპორტის აკრძალვის მიზეზი იყო). რუსეთი ვალდებული იყო ეხელმძღვანელა საერთაშორისო სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების დადგენის მეთოდით და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის იმპორტზე უარი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეთქვა, თუ ცხოველური და მცენარეული პროდუქტები შესაბამისობაში არ იქნებოდა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით გათვალისეინებულ მოთხოვნებთან. ამავე ქვეთავის თანახმად, ქვეყნებისთვის, რომლებთანაც რუსეთი ცხოველური და მცენარეული პროდუქტების იმპორტზე 2013 წლის 1-ელ იანვრამდე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რუსეთს შეეძლო საბაჟო კავშირის მოთხოვნებისგან განსხვავებული დამატებითი ვეტერინარული სერტიფიკატი მოეთხოვა.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ყველა წევრს ერთნაირ პირობებში აყენებს და რუსეთის WTO-ში გაწევრიანების შესახებ შეთანხმებაში კონკრეტულად საქართველოს მიმართ აღებულ ვალდებულებებზე დოკუმენტი არ გაფორმებულა. თუმცა, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება მის მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების გათვალისწინებას და სავაჭრო სისტემაში არადისკრიმინაციულ ქმედებას გულისხმობდა, რაც საქართველოს, როგორც ამ ორგანიზაციის წევრს, პირდაპირ ეხებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ WTO-ს ვადებულებების ფარგლებში, რუსეთს ადრე თუ გვიან საქართველოსთვის ემბარგოს მოხსნა მოუწევდა, წინააღნდეგ შემთხვევაში ორგანიზაციის წესებს დაარღვევდა.
2013 წლის 22 იანვარს რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გენადი ონიშენკომ რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს მოლაპარაკებებში ჩართვისკენ და რუსეთში ჩასვლისკენ მოუწოდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა მოსკოვში ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხებზე 2013 წლის 4 თებერვალს იმსჯელეს. შეხვედრის დეტალების შესახებ 6 თებერვალს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ისაუბრა. ამავე წლის 12 ივნისს კი რუსეთში ქართული ღვინისა და კონიაკის პირველი პარტია შევიდა.როგორც ფაქტ-მეტრს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ემბარგოს მოხსნა რაიმე დოკუმენტით გამყარებული არ ყოფილა. მისივე განმარტებით, რუსეთმა ქართული პროდუქტები ბაზარზე ორმხრივი, არაფორმალური მოლაპარაკებების შედეგად დააბრუნა.
„რუსეთის მიერ საქართველოსთვის ემბარგოს მოხსნაზე არანაირი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ჩვენი თანამშრომლობის ფორმატი არაფორმალურია და დიალოგზეა დამყარებული. ამ შემთხვევაში აღნიშნული მოლაპარაკების საფუძველზე გაიხსნა რუსული ბაზარი. რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა დაუშვა ღვინოც და სხვა პროდუქტებიც, რადგან „დარწმუნდნენ“ მის ხარისხში. 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას ემბარგოს მოხსნასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მაშინ ხელშეკრულება საბაჟო მონიტორინგზე გაფორმდა, როდესაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შევუშვით“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
დასკვნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო ამ ორ ქვეყანას შორის 2012 წლის დასაწყისში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხსნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა.
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანზიაციაში (WTO) გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა. WTO-ს წევრობა კონკრეტული ქვეყნისთვის სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვან ვალდებულებებს გულისხმობს. ამდენად, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებები საქართველოს, როგორც WTO-ს წევრს, პირდაპირ ეხებოდა. თუმცა, ფაქტ-მეტრი ვერ დაადასტურებს, რომ რუსეთის WTO-ში გაწევრიანება ქართულ პროდუქტებზე ემბარგოს მოხსნის ერთადერთი მიზეზი იყო და რუსეთმა ემბარგო მხოლოდ აღნიშნული ვალდებულებების გამო გააუქმა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძის განმარტებით, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის ემბარგოს მოხსნა რაიმე დოკუმენტით გამყარებული არ ყოფილა და რუსეთმა ქართული პროდუქტები ბაზარზე ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ორმხრივი, არაფორმალური მოლაპარაკებების შედეგად, 2013 წლის 12 ივნისს დააბრუნა. ამდენად, ფაქტ-მეტრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.