რომ "2015 წლის ბიუჯეტში აუთვისებელი დარჩა 1.35 მლნ ლარი და 2014 წელს 2 მლნ ლარი, ტრანსფერებიდანაც და ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც. ადგილობრივი ბიუჯეტი 11 მლნ ლარამდეა და ცენტრალურმა ბიუჯეტმა ის აუთვისებელი თანხა, 2 მლნ ლარი, უკან წაიღო, ანუ შეგვიმცირა ბიუჯეტი. ამ დროს, კასპში უამრავი პრობლემაა, უამრავი რაღაც არის გასაკეთებელი".
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისთანახმად, თვითმმართველი ერთეული დამოუკიდებელი იურიდიული პირია, რომელსაც თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები აქვს, გააჩნია ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი, საკუთარი ქონება და ბიუჯეტი.
თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს დამოუკიდებლად, მისივე პასუხისმგებლობით ახორციელებს. დამოუკიდებლობა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე, განხილვასა და დამტკიცებაზეც ვრცელდება. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისთანახმად, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი ადგილობივი ხელისულების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილებათა ერთობლიობაა და მას თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო) ამტკიცებს.
ზემოაღნიშნული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2013 წლის 21 ნოემბრის N30 დადგენილებისსაფუძველზე, თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რის მიხედვითაც ბიუჯეტში შემოსულობების გეგმა (სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერებისა (10.1 მლნ ლარი) და საკუთარი (7.5 მლნ ლარი) შემოსავლების ჯამი) 17.6 მლნ ლარით განისაზღვრა. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის შემოსულობების ფაქტობრივმა შესრულებამ 18.1 მლნ ლარი შეადგინა, ანუ ბიუჯეტი გეგმასთან შედარებით 500 ათასი ლარის გადაჭარბებით შესრულდა.
რაც შეეხება კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გადასახდელებს, გამგეობის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, გადასახდელების გეგმასა და შესრულებულ ფაქტს შორის სხვაობამ 2.7 მლნ ლარი შეადგინა. ანუ, ფაქტობრივი შედეგი გეგმას 2.7 მლნ ლარით ჩამორჩა და მუნიციპალიტეტმა აღნიშნული თანხა ვერ აითვისა. აუთვისებელი თანხიდან 1.8 მილიონ ლარს ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერებიდან შემოსული თანხა წარმოადგენს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფარ ხარჯებში ჩამორჩენამ 0.9 მლნ ლარი შეადგინა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დიდი ნაწილი მიზნობრივი ტრანსფერებია და მიუხედავად იმისა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მისთვის გამოყოფილი თანხის ეს ნაწილი ვერ აითვისა, იგი მას სხვა მიმართულეით ვერ გამოიყენებდა. თუმცა, რაც შეეხება საკუთარი შემოსავლებიდან დასაფარ ხარჯებს, ამ შემთხვევაში გამგეობას სრული თავისუფლება ჰქონდა, ბიუჯეტში ცვლილების შეტანით თანხისთვის სხვა მიმართულება მიეცა (იხ. ბიუჯეტი 2014). რაც შეეხება კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტს, საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N59 დადგენილებისთანახად, ბიუჯეტში შემოსულობების გეგმა (სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერებისა (5.3 მლნ ლარი) და საკუთარი შემოსავლების (7.7 მლნ ლარი) ჯამი) 12.9 მლნ ლარით განისაზღვრა. მუნიციპალიტეტის შემოსულობების ფაქტობრივმა შესრულებამ კი, 13.2 მლნ ლარი შეადგინა და ბიუჯეტი 218.9 ათასი ლარის გადაჭარბებით შესრულდა.
რაც შეეხება კასპის მუნიციპალიტეტის გადასახდელებს 2015 წლის ბიუჯეტში, მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 2014 წლისგან განსხვავებით, 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ნაკლებად დეტალიზებული სახით მოგვაწოდა. თუკი პირველში, გადასახდელების ნაწილში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერები და საკუთარი შემოსავლები ჩაშლილად იყო მოცემული, ამჯერად დოკუმენტში შესრულებული ბიუჯეტის ჯამური ანგარიში იქნა მოწოდებული. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ ჯამურ ნაწილზე შეგვიძლია საუბარი. საკუთარი სახსრებითა და ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერებიდან დასაფინანსებელი პროექტებისთვის გეგმის სახით ჯამში 15.7 მლნ ლარი გამოიყო. გადასახდელების გეგმასა და შესრულებულ ფაქტს (13.9 მლნ ლარი) შორის გადახრამ 1.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივი შედეგი გეგმას 1.7 ლარით ჩამორჩა და მუნიციპალიტეტმა გეგმა ვერ შეასრულა (იხ. ბიუჯეტი 2015).ზემოხსენებული მიზეზიდან გამომდინარე, ვინაიდან ცნობილი მხოლოდ აუთვისებელი თანხის მთლიანი რაოდენობაა, იმის თქმა, თუ რა რაოდენობის თანხა დარჩა ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერიდან გამოყოფილი თანხიდან და რამდენი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, შეუძლებელია.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის კვლევის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის გეგმასა და შესრულებულ ფაქტს შორის გადახრამ დაახლოებით 2.7 მლნ ლარი შეადგინა. ანუ, ფაქტობრივი შედეგი გეგმას 2.7 მლნ ლარით ჩამორჩა და მუნიციპალიტეტმა ეს თანხა ვერ აითვისა. აუთვისებელი თანხიდან 1.8 მილიონ ლარს ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერებიდან შემოსული თანხა წარმოადგენს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფარ ხარჯებში ჩამორჩენამ 0.9 მლნ ლარი შეადგინა.
ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების აუთვისებელ ნაწილს მუნიციპალიტეტი სხვა მიმართულებით ვერ გამოიყენებდა, თუმცა საკუთარი შემოსავლებიდან დასაფარი ხარჯების განკარგვაში მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელია და მისი სხვა მიმართულებით გამოყენება კანონმდებლობით დაშვებულია.
კასპის 2015 წლის ბიუჯეტში საკუთარი სახსრებითა და ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერებიდან დასაფინანსებელი პროექტებისთვის გეგმის სახით ჯამში 15.7 მლნ ლარი გამოიყო. გადასახადების გეგმასა და შესრულებულ ფაქტს შორის სხვაობამ 1.7 მლნ ლარი შეადგინა. ამდენად, ფაქტობრივი შედეგი გეგმას 1.7 ლარით ჩამორჩა და მუნიციპალიტეტმა გეგმა ვერ შეასრულა. ვინაიდან მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის ბიუჯეტის შესრულებული ანგარიში სრულად არ მოგვაწოდა, იმის თქმა, თუ რა ოდენობის თანხა დარჩა ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერიდან გამოყოფილი თანხიდან და რამდენი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, შეუძლებელია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ ბექაურის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.რედაქტორის შენიშვნა: აღნიშნულ სტატიას გამოქვეყნების შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, „კასპის მუნიციპალიტეტის მიერ 2014-15 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილი ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით განხორციელდა და ცენტრალურ ბიუჯეტში თანხა აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო არ დაბრუნებულა, ბექაურის განცხადებისა და სტატიის დასკვნის წაკითხვის შემდეგ კი, მკითხველს დარჩება შთაბეჭდილება, თითქოს კასპის გამგეობა საქმეს არ აკეთებს, პროექტები უვარდება და ბიუჯეტს ვერ ითვისებს“.
გოჩიტაშვილმა განაცხადა, რომ „ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის აუთვისებელი ნაწილი სხვადასხვა პროექტის განხორციელებიდან დარჩენილი ნაშთებია, რომელსაც მუნიციპალიტეტი სხვა მიმართულებით ვერ გამოიყენებდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დარჩენილ თანხებს კი, გამგეობა მომდევნო წლის ბიუჯეტის შევსებამდე იყენებს“. ის, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების აუთვისებელ ნაწილს მუნიციპალიტეტი სხვა მიმართულებით ვერ გამოიყენებდა, კვლევის ძირითად ნაწილში ისედაც ეწერა, თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი შემოსავლებიდან დასაფარი ხარჯების განკარგვაში მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელია და, ბიუჯეტში ცვლილების შეტანით, შეეძლო საკუთარი ბიუჯეტიდან დარჩენილი თანხისთვის სხვა მიმართულება მიეცა.
რაც შეეხება ვერდიქტს, ფაქტ-მეტრი მას უცვლელად ტოვებს, რადგან ფაქტია, რომ მუნიციპალიტეტს 2014-სა და 2015 წლებში, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ისე ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილი სახსრებიდან, აუთვისებელი თანხები ნამდვილად დარჩა. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ გამგეობას მისთვის ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შესაძლებელია ბიუჯეტი თავიდანვე უფრო ზუსტად დაგეგმილიყო. ფაქტ-მეტრი მადლობას უხდის ბატონ გოჩას სტატიაზე გამოხმაურებისა და თავისი მოსაზრების გაზიარებისთვის.