პარლამენტის სხდომაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა: „საქართველოში ყოველი სამი ადამიანიდან ორი კვდება თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებების გამო... ყოველი მეორე ბავშვი ან თვითონ ეწევა, საუბარია მოზარდებზე 6-დან 15-წლამდე, ან არის მეორადი მოწევის მსხვერპლი“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
აკაკი ზოიძე მთავრობის ახალ ინიციატივას თამბაქოს, ნავთობპროდუქტებისა და ალკოჰოლის აქციზის ზრდასთან დაკავშირებით მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მისი თქმით, ჯანმრთელობის დაფინანსების საერთაშორისო პრაქტიკა სწორედ ამ პროდუქტების აქციზიდან მიღებული შემოსავალია. დამატებითი რეგულაციები, მისივე ვარაუდით, ბიუჯეტს დაახლოებით 250 მილიონ ლარს მოუტანს, რაც ჯანმრთელობის დაზღვევაზე, პენსიებსა და სხვა სოციალურ საკითხებზე გადანაწილდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას თქმით, არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული გამოთვლების სპეციალური მეთოდიკა, რითაც თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით გარდაცვლილთა რაოდენობას ითვლიან. ამ სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოს მოწევისგან გამოწვეული დაავადებებით 11 ათასი ადამიანი იღუპება. 2015 წელს საქართველოში სულ49 121 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, ყოველი 5 გარდაცვლილიდან ერთის სიკვდილის შესაძლო მიზეზი თამბაქოს კვამლით გამოწვეული დაავადებებია. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მონაცემებში თამბაქო მხოლოდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორია. ლელა სტურუამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ კიბოს, დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკულ დაავადებათა ჩამოყალიბებაში თამბაქო ძალიან დიდ როლს თამაშობს. თუმცა, ამ დაავადებების მიზეზები მულტიფაქტორულია და მხოლოდ ამ მიზეზით არ არის გამოწვეული.
ESPAD-ის (the European School Survey Project on Alcohol and Drugs) 2015 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში, 16 წლამდე ბავშვებში, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი (სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც) 43%-ია. მოწევა ბიჭებში (54%) უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე გოგოებში (30%). ქართველი მოსწავლეების 12% რეგულარული მწეველია. ბიჭების 19%, ხოლო გოგოების 4% ყოველდღიურად მოიხმარს თამბაქოს. მოსწავლეთა 4%-მა კი განაცხადა, რომ რეგულარული მოწევა 13 წლის ან უმცროს ასაკში დაიწყო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16 წლამდე ბავშვების 60% თამბაქოს კვამლის მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, ანუ პასიური მწეველია. ლელა სტურუას თქმით, მსგავსი კვლევების ჩატარება 4-5 წელიწადში ერთხელაა რეკომენდირებული. რაც შეეხება აქციზის ფასის ზრდას, მისი ინფორმაციით, ეს თამბაქოს მოხმარების შემცირების ყველაზე ეფექტური გზაა. თუმცა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ფასის 10 ან 20-თეთრიანი ზრდა შესამჩნევ შედეგს ვერ მოიტანს. საქართველოში აქციზის გადასახადის მცირედით მომატების შემდეგ, წინა წლებში მწეველთა რიცხვი არ შემცირებულა. რა შედეგს მოიტანს მთავრობის ახალი რეგულაციები, შემცირდება თუ არა გაყიდვები და მწეველთა რაოდენობა, ამას 2020 წლისთვის ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს. ამჟამად კი, საქართველოში თამბაქოს მოხმარება მაღალია. მთელი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 34% მწეველია. აქედან, ქალების 7%, ხოლო მამაკაცების 57% სიგარეტს რეგულარულად მოიხმარს.
დასკვნა
აკაკი ზოიძის განცხადებით, „საქართველოში ყოველი სამი ადამიანიდან ორი კვდება თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებების გამო“. ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ საქართველოში ყოველი 5 გარდაცვლილიდან 1-ის სიკვდილის მიზეზი სიგარეტის მოწევის შედეგად გამოწვეული დაავადებებია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დაავადებების მიზეზებში თამბაქო ერთ-ერთი ფაქტორია და არა ერთადერთი.
რაც შეეხება 16 წლამდე ბავშვებს, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მათი 60% თამბაქოს კვამლის მეორადი ზემოქმედების მსხვერპლია, ანუ ყოველი მეორე ბავშვი არის პასიური მწეველი. თუმცა, ESPAD-ის 2015 წლის კვლევის მიხედვით, რეგულარული მწეველი 16 წლამდე ბავშვების 12%-ია.
ამრიგად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, აკაკი ზოიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.