უთანხმოებამ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მისი ერთიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. პარტიის დაშლის შემთხვევაში, ერთ ნაწილს, როგორც ჩანს, პარტიის სახელი, მეორეს კი საპარლამენტო რესურსი დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ორივე მხარე ცდილობს საბოლოო განხეთქილება არ მოხდეს, მათ შორის გავლებული წითელი ხაზები დღითიდღე უფრო აშკარა ხდება.
ენმ-ის ერთი ნაწილი დღეს პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებას გეგმავს, რათა ყრილობის მოსამზადებელი საორგანიზაციო ჯგუფის შექმნის და ფუნქციონირების საკითხი დააზუსტოს. ეს ის ჯგუფია, რომელიც მხარს პარტიის რეფორმირებას უჭერს. მეორე ჯგუფმა კი, რომელიც არსებული სისტემის შენარჩუნებას ემხრობა, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაში მონაწილეობზე უარი თქვა. მიზეზად კი, ის დაასახელა, რომ საორგანიზაციო ჯგუფის შექმნის საკითხი გადაწყვეტილია და რაიმეს შეცვლას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.
ენმ-ის ის ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ პარტიის დასავლური ტიპის პარტიად გარდაქმნის მომხრეა, მისი დაშლის თავიდან აცილებას აშკარად ცდილობს და დათმობებზეც მიდის. თუმცა, მეორე ნაწილი ამ დათმობას არ იღებს. შაბათს პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა და პარლამენტში უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ თანაპარტიელებს 20 იანვრისთვის დანიშნული პარტიის ყრილობის გადადება შესთავაზა, რათა "გადაწყვეტილება ნაჩქარევად და ემოციის ფონზე" არ მიეღოთ. მან ისიც თქვა, რომ თავად არანაირ პარტიულ თანამდებობაზე და მათ შორის პარტიის თავმჯდომარეობაზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს. ბაქრაძის შეთავაზებას მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და Facebook-ის საკუთარ გვერდზე ყრილობის გადადებაზე უარი განაცხადა.
ენმ-ის ერთი ჯგუფი ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე ამბობდა, რომ პარტიის მოდერნიზება და დასავლურ სტანდარტებზე გადასვლა აუცილებელი იყო. 2012 წლის არჩევნების შემდეგ კი, პარტიის ლიდერების ნაეწილი ამ საკითხის კიდევ უფრო აქტიურად აყენებდა. წინააღმდეგობები პარტიის მოწყობის მოდელის გარშემო საჯარო ბოლო არჩევნების შემდეგ გახდა, როდესაც პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი განიხილებოდა. დაძაბულობამ კულმინაციას ყრილობის ჩასატარებლად საორგანიზაციო საბჭოს შექმნის დროს მიაღწია. ენმ-ის წევრთა ჯგუფი, რომლებიც თავს მიხეილ სააკაშვილის ერთგულ მხარდამჭერებად მიიჩნევენ, აცხადებენ, რომ პარტიაში ყველაფერი უცვლელად უნდა დარჩეს და სააკაშვილის დაბრუნებამდე პარტიას თავმჯდომარე არ უნდა ჰყავდეს. ამასთან, მათ მეორე ჯგუფი, ე.წ.„ბოკერიას მომხრეები“, სააკაშვილის ღალატში და პარტიაში ძალაუფლების ხელში აღების მცდელობაში დაადანაშაულეს. ეს ყველაფერი განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამწვავდა, როდესაც იმის ნიშნები გამოჩნდა, რომ ე.წ. „მიშისტებმა“ „ბოკერიას გუნდის“ პარტიიდან საერთოდ ჩამოშორება გადაწყვიტეს.
პარტიის პოლიტსაბჭოს ბოლო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პარტიის ყრილობის მოსამზადებლად საორგანიზაციო ჯგუფი შეიქმნებოდა, რომელიც ე.წ. „მიშისტებმა“ ისე დააკომპლექტეს, რომ მეორე ჯგუფმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, რასაც ამ ჯგუფებს შორის ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა მოჰყვა.
პირველი რეაქცია „ბოკერიას გუნდიდან“ სოციალურ ქსელში გაკეთებული მწვავე განცხადებები გახდა. დავით დარჩიაშვილმა ისიც კი დაწერა, რომ "ენმ ამთავრებს არსებობას... იმ ფორმით და შემადგენლობით, რითაც ქვეყნის მოდერნიზაციის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მცდელობასთან ასოცირდებოდა".
დავით დარჩიაშვილმა ფაქტ-მეტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის ადამიანები, „რომლებიც აჟღერებენ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც უნდა სააკაშვილს“, განსხვავებული აზრის განსაკუთრებული მიუღებლობით გამოირჩევიან. „ამ ყრილობის ჩატარებასაც ისე აპირებენ, როგორც მხოლოდ თავად უნდათ და სხვის აზრს არანაირად არ ითვალისწინებენ. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ ფორმით ყრილობის ჩატარება ძალიან იქნება მოკლებული ლეგიტიმაციას და საბოლოოდ მიიღებენ მხოლოდ იმას, რომ მიშა არის მთავარი“,- აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ვერანაირი საგნობრივი დიალოგის გამართვა ყრილობაზე ვერ მოხდება და „ისეთი პირი ჩანს, ვფიქრობ, ენმ ისეთი პარტია გახდება, რომელიც აღარ იქნება ასოცირებული იმ სულისკვეთებასთან, იმ იდეებთან, რაც ვარდების რევოლუციას უკავშირდება, იმ მოდერნიზაციის მცდელობებთან, რაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ხორციელდებოდა“.პოლიტსაბჭოს 24 წევრმა, ე.წ. „ბოკერიას ჯგუფიდან“, საგანგებო განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ შექმნილ საორგანიზაციო კომისიას ლეგიტიმაცია არ გააჩნია და პოლიტსაბჭოს მეორე ნაწილს შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს, რათა პარტიის საერთო ინტერესები არ დაზარალდეს.
ე.წ. „მიშისტების“ ჯგუფი კი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ფაქტ-მეტრთან საუბრისას ნინო კალანდაძემ თქვა, რომ არგუმენტი იმის თაობაზე, თითქოს ეს საორგანიზაციო კომისია არალეგიტიმურია, საფუძველს მოკლებულია. მისი თქმთ, კომისიაში თავისი წარმომადგენლების წარდგენა ნებისმიერ 5 კაციან ჯგუფს შეუძლია. „საორგანიზაციო კომისიის ერთადერთი მიზანი და მოტოვაცია არის ის, რომ 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობა სრულფასოვნად ჩატარდეს. ცხადია, პოლიტსაბჭოს შიგნით უმცირესობაში მყოფი ჯგუფი კმაყოფილი არ არის ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ დემოკრატია მოითხოვს იმას, რომ უმცირესობამაც მიიღოს უმრავლესობის მიერ დადგენილი წესები. უმრავლესობამ დაადგინა ეს წესი, რომ სწორედ ყოველი 5 კაციანი ჯგუფი წარადგენს თავის სასურველ წარმომადგენელს. 30-მა კაცმა [პოლიტსაბჭოს წევრმა] თავისი წარმომადგენლობა განსაზღვრა ამ 6 კაციანი ჯგუფით, რომელიც შეიძლება დამატებით შეივსოს უახლოეს დღეებში“, - აღნიშნა კალანდაძემ.
ჩიორა თაქთაქიშვილმა კი, ოპონენტთა მოთხოვნას „საბოტაჟი“ უწოდა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არ გადაიხედება.
საორგანიზაციო კომისიის დაკომპლექტების საკითხი პარტიის სამომავლო რეფორმირებას უკავშირდება. ფაქტობრივად, ამ ყრილობაზე უნდა გადაწყდეს, მიხეილ სააკაშვილი პარტიის არაფორმალურ ლიდერად დარჩება თუ არა.
სააკაშვილის მომხრეები აპელირებენ იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებული ხმები სააკაშვილის პიროვნების ფაქტორის დამსახურებაა და ის, რომ პარტიამ არჩევნები ვერ მოიგო, ბოკერიას და მისი მხარდამჭერების ბრალია. თუმცა, ამის რეალურად დათვლა და გაზომვა ფაქტობრივად შეუძლებელია. პირადად მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების ნაწილში მხარდაჭერით უდაოდ სარგებლობს, თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ არჩევნების წინ სააკაშვილის მოწოდებებმა ენმ-ის მხარდაჭერაზე პიქირით, ნეგატიური გავლენა იქონია.
ენმ-ის ე.წ. რეფორმატორული ფრთა არჩევნებამდეც უკმაყოფილი იყო სააკაშვილის ქმედებებით, რომლებსაც, მათი აზრით, ნეგატიური შედეგი ჰქონდა, თუმცა, მაშინ ამას საჯაროდ არავინ ამბობდა. მაგალითად, უთანხმოება არსებობდა 2015 წლის მარტში აქციის ჩატარებისა და მისი დაანონსების ფორმაზე. მაშინ პარტიის ლიდერის აზრი, თანაგუნდელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პარტიის შიგნით იგივე წესების შენარჩუნებას ცდილობენ, რაც ე.წ. რეფორმატორებისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ, დავით დარჩიაშვილი ფაქტ-მეტრთან საუბრისას ამბობს, რომ ასეთ პირობებში პარტიაში დარჩენას აზრი არ აქვს.
„შესაძლოა, აქედან რამდენიმე კაცი ლეღვის ფოთლებად უნდოდეთ, მაგრამ არ ვიცი, აქედან ვინმეს ამის სურვილი თუ ექნება. მთავარი ისაა, რომ ასეთ ვითარებაში ჩვენ ვღალატობთ ევროპული პარტიის სტანდარტებს და იდეას. მე, რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ პარტიის მართვაში არ ყოფილა ხარვეზი... მაგრამ, 59 კაციანი პოლიტსაბჭოს არსებობის პირობებში თუ 6 კაცი გადაწყვეტს ყველაფერს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ყრილობა, ეს ევროპულ მოდელთან რანაირი მიახლოებაა ვერ გამიგია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამ შემთხვევაში კი, უკვე მნიშვნელოვანი ის არის, მთავარი ოპოზიციური პარტიის არსებობა როგორ გაგრძელდება.
ნინო კალანდაძე ამბობს, რომ პარტიის ნებისმიერ წევრს ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პარტიის დატოვების თაობაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაშლის საფრთხე ემუქრება. „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, იარსებებს და ერთგულია იმ ფასეულობებისა, რასაც ჰქვია დემოკრატიული აღმშენებლობა, ეფექტიანი ფუნქციონირება და ბიძინა ივანიშვილთან შეურიგებელი ბრძოლა... ამ ბრძოლაში ჩვენ ვიქნებით ერთიანები. თუ რამდენიმე ადამიანი ამ მოსაზრებას არ გაიზიარებს, ეს იქნება მათი თავისუფალი არჩევანი და ეს პარტიის ერთიანობაზე არ აისახება. მათ აღარ ექნებათ შანსი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იფუნქციონირონ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, დამოუკიდებელი პარტია შექმნან და ვერც ფრაქციის სახელით ვერ ისარგებლებენ. მათ ახალი პარტიის ჩამოყალიბება მოუწევთ“, -განაცხადა კალანდაძემ ფაქტ-მეტრთან საუბრისას.
„ბოკერიას მომხრეები“ ჯერჯეობით არ საუბრობენ იმაზე, აპირებენ თუ არა ახალი პარტიის შექმნას. თუმცა, არსებული კანონმდებლობით, მათ ენმ რომც დატოვონ და ახალი პარტია შექმნან, პარლამენტში მანდატებს შეინარჩუნებენ.