თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის კომენტირებისას განაცხადა: „პროექტის შესწორებული ვარიანტი, რომელსაც ჩვენ კვირის ბოლომდე წარვადგენთ საკრებულოში, უკვე ითვალისწინებს 10%-იან შემცირებას ადმინისტრაციული ხარჯების. ჩვენ ისედაც შემცირებული გვქონდა 10 მილიონამდე და დამატებით კიდევ შევამცირეთ. ასევე, ბიუჯეტი ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების ფონდის 10%-იან შემცირებას“.
ფაქტ-მეტრი თბილისის მერის ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
თბილისის მერიამ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს საბოლოო დამტკიცებისთვის 2016 წლის 9 დეკემბერს დაუბრუნა. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დედაქალაქის ბიუჯეტი 801 302 000 ლარით განისაზღვრა და 2016 წლის ბიუჯეტთან შედარებით (847 926 000 ლარი) კლებამ 46 624 000 ლარი შეადგინა.
ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები შრომის ანაზღაურების და საქონელი და მომსახურების მუხლებშია გაწერილი. დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისთვის 87 670 200 ლარი, საქონელი და მომსახურებისთვის კი, 126 964 400 ლარია გათვალისწინებული.
ცხრილი 1:
საკრებულოს, მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურება 2016-2017 წლებში (ათასი ლარი)
შრომის ანაზღაურება | საკრებულო | მერიის ადმინისტრაცია | საქალაქო სამსახურები | გამგეობები | სულ |
2016 გეგმა | 6 865.4 | 5 503.0 | 19 722 | 16 250.9 | 96 900.3 |
2017 პროექტი | 6 618.4 | 4 886.1 | 16 354.9 | 13 361.6 | 87 670.2 |
სხვაობა | -247 | -616.9 | -3 367.1 | -2 889.1 | -9 230.1 |
თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურების მუხლი 2016 წლის ბიუჯეტის ანალოგიურ მუხლთან შედარებით 9 230 100 ლარით არის შემცირებული, რაც დაახლოებით 10%-ს შეადგენს.
რაც შეეხება საქონელი და მომსახურების მუხლს, მისი დაფინანსება 2016-2017 წლებში შემდეგნაირია:
ცხრილი 2:
საკრებულოს, მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების საქონელი და მომსახურება 2016-2017 წლებში (ათასი ლარი)
საქონელი და მომსახურება | საკრებულო | მერიის ადმინისტრაცია | საქალაქო სამსახური | გამგეობები | სულ |
2016 გეგმა | 6 240.1 | 6 348.6 | 1 170 | 3 406.2 | 135 616. 8 |
2017 პროექტი | 5 111.9 | 7 421.6 | 975 | 3 056.3 | 126 964. 4 |
სხვაობა | -1 128.2 | -927 | -195 | -349.9 | -8 652. 4 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2017 წელს საქონელი და მომსახურების მუხლის დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 8 652 400 ლარით არის შემცირებული.
რადგან ადმინისტრაციული ხარჯები შრომის ანაზღაურების მუხლის და საქონელი და მომსახურების მუხლის ჯამს წარმოადგენს, შესაბამისად, 2016 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ადმინისტრაციული ხარჯებისთვის 232 517 100 ლარი, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, 214 634 600 ლარია გამოყოფილი. შემცირებამ 17 882 500 ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 8%-ია.
დასკვნაადმინისტრაციული ხარჯები ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების და საქონელი და მომსახურების მუხლებში არის გაწერილი. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურების დაფინანსება 2016 წელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით (9 230 100 ლარით), მთლიანი ადმინისტრაციული ხარჯები კი დაახლოებით 8%-ით არის შემცირებული, რაც 17 882 500 ლარს შეადგენს.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით ნარმანიას განცხადება არის სიმართლე.