პარლამენტში გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა: „ასეთი ეკონომიკური ზრდით, 3%-ზე ნაკლებით ან თუნდაც 3.5%-ით, ჩვენი ქვეყანა 100 წელი ვერ დაეწევა ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას, ანუ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა პრაქტიკულად ვერც კი უახლოვდება მათ კეთილდღეობას“.
ფაქტ-მეტრმა გიგა ბოკერიას განცხადება გადაამოწმა.
სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შედარებისთვის ყველაზე ზუსტი მაკროეკონომიკური ინდიკატორი ერთ სულ მოსახლეზე გამოთვლილი მთლიანი შიდა პროდუქტია (მშპ).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის ბიუჯეტის პროექტისმიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე გამოთვლილი მშპ-ის მოსალოდნელი მაჩვენებელი 2016 წლისთვის 3 772 დოლარს შეადგენს, რაც 2015 წლის ფაქტობრივ მონაცემზე 0.8%-ით მეტია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური (დათვლილი მიმდინარე ფასებში) მშპ-ის ზრდის ტემპი 2012-2016 წლებში შემცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა წინა წლებთან შედარებით ნელა იზრდება.
საყურადღებოა ისიც, რომ 2015-2016 წლების ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლების გამოთვლისას საქსტატმა მხედველობაში მიიღო 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგები, რომლის მიხედვითაც, 2002 წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 657 731 კაცით შემცირდა, რაც ბუნებრივად გაზრდიდა ერთ სულ მოსახლეზე ნომინალურ მშპ-ს. თუმცა, საქსტატს აღწერაზე დაყრდნობით არ დაუზუსტებია 2003-2014 წლების მონაცემები. ამდენად, ფაქტ-მეტრი ითვალისწინებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაჩვენებლებსაც, რომელიც საქართველოს ზოგადი დემოგრაფიული ტენდენციის მიხედვითაა შედგენილი.
გრაფიკი 1:
საქართველოს ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარი)
წყარო: საქსტატი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი2012-2016
წლებში რეალური მშპ-ის (ეკონომიკის) ზრდის ტემპი (გამონაკლისია 2014 წელი) მცირდებოდა. საქართველოს ეკონომიკა 2012 წელს 6.4%-ით, 2013 წელს 3.3%-ით, 2014 წელს 4.6%-ით, ხოლო 2015 წელს 2.9%-ით გაიზარდა. 2016 წელს კი, ეკონომიკის 2.7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, 2016 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბულგარეთია. მისი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 7 091 დოლარს შეადგენს.
ცხრილი 1:
ევროკავშირის ქვეყნების ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე და ეკონომიკური ზრდის ტემპი 2016 წლისთვის
ქვეყანა | ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე | ეკ. ზრდა, % | |
1 | ლუქსემბურგი | 105 829 | 3.5 |
2 | ირლანდია | 75 870 | 4.9 |
3 | დანია | 53 242 | 1.0 |
4 | შვედეთი | 51 603 | 3.6 |
5 | ჰოლანდია | 45 210 | 1.7 |
6 | ავსტრია | 44 561 | 1.4 |
7 | ფინეთი | 43 492 | 0.9 |
8 | გერმანია | 42 326 | 1.7 |
9 | ბელგია | 41 491 | 1.4 |
10 | გაერთიანებული სამეფო | 40 411 | 1.8 |
11 | საფრანგეთი | 38 536 | 1.3 |
12 | იტალია | 30 294 | 0.8 |
13 | ესპანეთი | 27 012 | 3.1 |
14 | მალტა | 24 297 | 4.1 |
15 | კვიპროსი | 23 424 | 2.8 |
16 | სლოვენია | 21 369 | 2.3 |
17 | პორტუგალია | 19 758 | 1.0 |
18 | ჩეხეთი | 18 325 | 2.5 |
19 | საბერძნეთი | 18 077 | 0.1 |
20 | ესტონეთი | 17 896 | 1.5 |
21 | სლოვაკეთი | 16 648 | 3.4 |
22 | ლიტვა | 14 899 | 2.6 |
23 | ლატვია | 14 140 | 2.5 |
24 | პოლონეთი | 12 309 | 3.1 |
25 | უნგრეთი | 11 902 | 2.0 |
26 | ხორვატია | 11 858 | 1.9 |
27 | რუმინეთი | 9 438 | 5.0 |
28 | ბულგარეთი | 7 091 | 3.0 |
საქართველოსგან განსხვავებით, ბულგარეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2012-2016 წლებში გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება. 2016 წელს ბულგარეთის რეალური მშპ-ის ცვლილების მაჩვენებელმა 3.0%-ს მიაღწია.
თუკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 2016 წლის მაჩვენებელზე დარჩება ან 3%-ს გაუტოლდება, ქვეყანა ბულგარეთს ვერასდროს დაეწევა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ეკონომიკური ზრდა 3.5%-იან ნიშნულს მიაღწევს, საქართველოს 131 წელი დასჭირდება, რათა გაუტოლდეს და გაასწროს ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლით. ხოლო, თუკი ბულგარეთის რეალური მშპ 2016 წლის დონეზე დარჩება და არ გაიზრდება, საქართველოს, 3.5%-იანი ეკონომიკური ზრდით, 18 წელი დასჭირდება მასთან გათანაბრებისთვის.
ზრდის იდენტური მაჩვენებლით საქართველო 34 წელში დაეწევა 26-ე ადგილას მყოფ ხორვატიას, 39 წელში დაეწევა 23-ე ადგილას მყოფ ლატვიას, 46 წელში - 23-ე ადგილას მყოფ ესტონეთს, 54 წელში - მე-15 ადგილას მყოფ კვიპროსს, 73 წელში - მე-5 ადგილას მყოფ ჰოლანდიას, 77 წელში - მე-3 ადგილას მყოფ დანიას, 97 წელში კი, ევროკავშირის ყველაზე მდიდარ ქვეყანას - ლუქსემბურგს. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ქვეყნები 2016 წლის მდგომარეობაში დარჩებიან.
დასკვნა
გიგა ბოკერიას განცხადების გადასამოწმებლად ფაქტ-მეტრმა ერთმანეთს საქართველოსა და ბულგარეთის (ევროკავშირის ყველაზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნის) ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლები შეადარა. შედარების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ეკონომიკური ზრდის დღევანდელი ტემპებით საქართველოსა და ბულგარეთს შორის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლები 131 წლის შემდეგ გათანაბრდება.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგა ბოკერიას განცხადება არის სიმართლე.