15644422_1387216354676283_1844479495_n 15681691_1387216574676261_629305690_o

ჩამტვრეული კიბე და იატაკი, ნესტიანი ოთახები, ჩამონგრეული კედლები - სამედიცინო დაწესებულების ჭერი იმდენად დაზიანებულია, რომ წვიმის დროს როგორც გარეთ, ისე წვიმს, რის გამოც პაციენტები და ექიმები შენობაში ქოლგით გადაადგილდებიან. ექიმების თქმით, ჭერიდან ქვეწარმავლები და მღრღნელებიც ჩამოდიან. შენობაში არც სასმელი წყალია, არც ტუალეტი და არც ბუნებრივი აირი. ამ პირობებში გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის ამბულატორიაში 6 მედიკოსი 3 500-ზე მეტ ადგლობრივს თითქმის 10 წელია ემსახურება.

ამბულატორიის შენობაში 3 სამედიციონო და ერთი ხელების დასაბანად მოწყობილი ოთახია. ერთ-ერთი ექიმის სამუშაო კაბინეტში ჭერი იმდენად დაზიანებულია, რომ ექიმი ელმირა ბაციაშვილი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოუწესრიგებლობის შემთხვევაში ფატალურ შედეგებს არ გამორიცხავს. მედპერსონალი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, ჯერჯერობით პრობლემაზე რეაგირება არ მომხდარა.

ცუდ ამინდში გასინჯვაზე მისულ პაციენტებს ექიმები ან უკან აბრუნებენ, ან თუ გაუმართლათ და თავსხმა წვიმა არ არის, ქოლგით ხელში ხვდებიან.

"

ჭერი ისეთ მდგომარეობაშია, ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოვარდეს და ან ჩვენ, ან პაციენტებს დაეცეს. როცა მომართვიანობა მაღალია და თან აცრის დღე ემთხვევა, პაციენტებმა არ იციან, სად შეეფარნონ, რომ არ აწვიმდეთ. ამ შენობიდან ღამე ვარსკვლავებს დათვლით. ზაფხულში ჭერიდან ხვლიკები და ვირთხებიც ჩამოდიან. ჯანდაცვის მინისტრს პირადად შევხვდი და შევჩივლე ჩვენი პრობლემის შესახებ. ადგილობრივ ხელისუფლებაზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ უშედეგოდ”, - განუცხადა ფაქტ-მეტრს ექიმმა ელმირა ბაციაშვილმა.

შექმნილი მდგომარეობის გამო შენობაში ანტისანიტარიაა. არც ის ოთახები არის მოწესრიგებული, სადაც პაციენტებს სინჯავენ და მედიკამენტებს ინახავენ.

"

არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილია აქ ვაქცინაციის ჩატარება. ეს კატასტროფაა. 21-ე საუკუნეში ასეთი ჯანდაცვის ობიექტი შეურაცხყოფა და სირცხვილია”, - აღნიშნავს ბაციაშვილი.

შენობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბულატორიის კეთილმოწყობას ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობაც.

"

ვითხოვთ, რომ ელემენტარული პირობები შეგვიქმნან. 21-ე საუკუნეში ნორმალური ამბულატორია უნდა იყოს, სადაც შეგვეძლება შვილები უსაფრთხოდ მივიყვანოთ, ავცრათ და თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ”, - უთხრა ფაქტ-მეტრს სოფელ ვეჯინში მცხოვრებმა სალომე ბაღათურიამ.

"

სად ხდება ასეთი რამ?! მოგვხედონ, ავადმყოფ ხალხს მოგვაქციონ ყურადღება, სირცხვილია”, - აღნიშნავს ოლია ზავრაშვილი.

"

გააკეთონ ისე, რომ სისუფთავე იყოს. ცოდოა ეს ხალხიც და ჩვენც. როცა თავსხმა წვიმაა ექიმები ვერ მუშაობენ და მიღებაზე უარს გვეუბნებიან”, - ამბობს ამავე სოფელში მცხოვრები სოსო სიბაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გივი გერგიძის განცხადებით, ვეჯინის ამბულატორიის აშენებას 2017 წელს გეგმავენ. მანამდე გამგებელი მედპერსონალს ალტერნატიულ შენობას სთავაზობს.

"

მე შევთავაზე მათ ალტერნატიული შენობა, ე.წ. ადმინისტრაციის შენობაში, სადაც ბევრად უკეთესი სიტუაციაა და არც წყალი ჩამოდის. დროებით ეს ზამთარი გავატაროთ იქ და გაზაფხულზე უკვე ვგეგმავთ თანამედროვე მსუბუქი კონსტრუქციებით ავაშენოთ ახალი შენობა”, - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

თუმცა, ამ შემოთავაზებაზე სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები უარს ამბობენ, რადგან შეთავაზებულ შენობაში მართალია წყალი არ ჩამოდის, თუმცა, მათი თქმით, სხვა მხრივ პირობები ახლანდელი ამბულატორიის შენობისგან არაფრით განსხვავდება.