რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, 2016 წლისთვის ქალაქში ინფრასტრუქტურული პრობლემები აღარ იარსებებდა. კანდიდატობის პერიოდში ჯირკველიშვილი გორელებს დაპირდა, რომ თითოეულ ქუჩას და სადარბაზოს მიაქცევდა ყურადღებას და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხებს მისი მერობის პერიოდში მაქსიმალურად გადაწყვეტდა. „უახლოესი ორი წლის განმავლობაში ქალაქ გორში აღარ იქნება გზების, წყალ-კანალიზაციის, ინფრასტრუქტურული პრობლემები, გაკეთდება ყველა ქუჩა, შევალთ ყველა სადარბაზოში“, -განაცხადა 2014 წლის არჩევნებამდე "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, შესრულდა თუ არა აღნიშნული დაპირებები.
"ქართული ოცნების" კანდიდატი ზურა ჯირკველიშვილი გორის მერი ოფიციალურად 2014 წლის 2 აგვისტოს გახდა. ინფრასტრუქტურული პრობლემების საჩვენებლად და დაგეგმილი პროექტების გაცნობის მიზნით, 2015 წლის ოქტომბერში მან მედიატური მოაწყო,სადაც აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობა მერიის უმნიშვნელოვანესი პროექტია.
გორის მერიის ინფორმაციით, 2015 წელს გორში 5.9 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, მათ შორის 2.8 მლნ ლარი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ გამოყოფილი თანხებია; 1.5 მლნ ლარი - წინა წელს დაწყებული პროექტების ღირებულება; 158 000 ლარი - ადგილობრივი ბიუჯეტის ეკონომიით მიღებული, ხოლო 419 000 ლარი - საპრემიო ფონდის შემცირებით მიღებული თანხა, რომელიც აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად მიიმართა.
მთლიანობაში, გასულ წელს რამდენიმე ათეული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის 50 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ორგანიზაციების თანადაფინანსებით. გორის მერიის განცხადებით, 2015 წელს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში ასევე სახურავების გადახურვა, ეზოების მოასფალტება, სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების, ლიფტებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია, საწვიმარი მილებისა და კარ-ფანჯრების გამოცვლა განხორციელდა.
ზურაბ ჯირკველიშვილი ქალაქის ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში განხორციელებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად სადგურის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობას მიიჩნევს, თუმცა, როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ 2011 წელს, წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 3.26 მლნ ლარი შეადგინა. თანხა კი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.
ამავე დასახლებაში, რამდენიმე ქუჩაზე, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ასფალტიც დაიგო. გორის მერის განცხადებით,რკინიგზის სადგურის დასახლებაში 4.5 მილიონი ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 დასრულდება.
მიუხედავად აღნიშნული პროექტებისა, ქალაქში ჯერ ისევ რჩება წყალ-კანალიზაციის, გზების და სხვა ინფრასტრუქტურული სახის პრობლემები, რასაც თავად მერიის პრესსამსახურშიც ადასტურებენ.
„კვერნაკზე გვრჩება წყალ-კანალიზაციის პრობლემა, ვოლოგდის დასახლებაში - შიდა გზები და წყალი, წმინდაწყლის და კომბინატის დასახლებებში შიდა გზები (კვარტალური), ცენტრში - კორპუსებს შორის შესასვლელი გზები, ხოლო ქალაქის მასშტაბით - წყალკანალის ქსელი (ცენტრალური ქსელიდან კორპუსების საერთო საკუთრებაში არსებულ ქსელამდე), ასევე სადგურის დასახლების დარჩენილი ქუჩები. ამ პრობლემებზე დაწყებულია მუშაობა, ზოგი უკვე პროექტირებულია და მომავალ წელს დავიწყებთ სამშნებლო სამუშოებს, ზოგის პროექტს ახლა ვამზადებთ და ეტაპობრივად მოვაგვარებთ. ეს ქალაქში არსებული მასშტაბური პრობლემების ზოგადი სურათია და, რა თქმა უნდა, საჭიროებები ამით არ ამოიწურება“, - განაცხადა მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ელზა მიქელაძემ.
ფაქტ-მეტრი აღნიშნულ დასახლებებში მაცხოვრებლებსაც გაესაუბრა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ დაპირების მიუხედავად, მათი პრობლემები ქალაქის თვითმმართველობამ დღემდე ვერ მოაგვარა. ყველაზე მწვავედ ისინი მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემის საკითხს განიხილავენ. გარდა მერიის მიერ დასახელებული პრობლემური დასახლებებისა, მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა პრობლემას სხვა დასახლებებსაც უქმნის. წვიმიანი ამინდებისგან მიყენებული ზარალი გორელებისთვის 2016 წელსაც აქტუალური თემა იყო. საკანალიზაციო სისტემის გარდა, გორში დღემდე აქტუალურია დაზიანებული გზების პრობლემაც. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ მაკრახიძე გორელების მიმართ კვლავ ანალოგიურ დაპირებებს გასცემდა.დასკვნა
ფაქტ-მეტრის მიერ მოკვლეული მასალებიდან ირკვევა, რომ 2014 წლიდან დღემდე, ზურაბ ჯირკველიშვილის მერობის პერიოდში, გორში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მართლაც შესრულდა, მათ შორის ზოგიერთი ცენტრალური ხელისუფლების მიერ იყო დაფინანსებული. გზების მოასფალტება გორში ძირითადად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ განხორციელდა, თუმცა ეს სამუშაოები ყველა ქუჩას არ შეხებია და პრობლემა ქალაქში მხოლოდ ნაწილობრივ მოგვარდა. გორში ქუჩების და სადარბაზოების ნაწილი რჩება, რომლებსაც დაპირებიდან ორი წლის შემდეგაც ინფრასტრუქტურული პრობლემები ისევ აწუხებთ. ის, რომ გზების, კანალიზაციის და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ყველა დასახლებაში არ განხორციელებულა, მერიაშიც ადასტურებენ.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯირკველიშვილის წინასაარჩევნო (2014 წელი) დაპირება ნაწილობრივ შესრულდა.