„ლარის დევალვაციაზე, მის გაუფასურებაზე მინდა ვთქვა, რომ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, პრაქტიკულად ყველა ვალუტა, ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებისა, გაუფასურებულია. თუ პროცენტებში შევხედავთ, რაზეც ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებდნენ და ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, 100%-ზე მეტად გაუფასურდა ყველა ძირითადი ვალუტა: თურქული ლირა, უკრაინული გრივნა (200%-ზე მეტად გაუფასურდა) რუსული რუბლი (90%-ის ფარგლებში), აზერბაიჯანული მანათი (100%-ს ზევით). ქართული ლარი არის გაუფასურებული დაახლოებით 60-65%-მდე ფარგლებში“.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ვალუტის კურსი ხშირად იცვლება. შესაბამისად, როდესაც ლარის კურსის ცვლილება (დოლარის მიმართ) სხვა ქვეყნების ვალუტების ცვლილებას გვინდა შევადაროთ, მნიშვნელოვანია, თუ რა პერიოდს ავიღებთ ცვლილების პერიოდად (მაგალითად, ბოლო 1 წელი, 2 წელი, თუ სხვა პერიოდი). ვინაიდან შეუძლებელია ცალსახად განისაზღვროს თარიღი, როდესაც გაუფასურების პროცესი დაიწყო, საწყისი თარიღის შერჩევა გარკვეულ ბუნდოვანებას თავისთავად გამოიწვევს. ამავდროულად, გაუფასურების ტენდენცია, რომელიც დღემდე გრძელდება, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროის მონაკვეთში დაიწყო. სავალუტო რეჟიმიდან გამომდინარე ცალკეულ ქვეყნებში (მაგ. აზერბაიჯანი) საქართველოსთან შედარებით მანათის გაუფასურება დაგვიანებით აისახა ოფიციალურ რიცხვებში, რეგიონის სხვა ქვეყნების (უკრაინა, რუსეთი) ვალუტებმა კი გაუფასურება ლართან შედარებით ადრე დაიწყეს, ჯერ უკრაინის რევოლუციის, ხოლო შემდგომ, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში განვითარებული მოვლენების შედეგად. ვინაიდან ლარის გაუფასურების მიმდინარე პროცესი 2014 წლის ნოემბერში დაიწყო, საწყის თარიღად 2014 წლის 1 ნოემბრი განისაზღვრა.
რაც შეეხება ტერმინს - „რეგიონი“, აღნიშნული ტერმინი კონტექსტიდან გამომდინარე შეიძლება აღქმული იქნას როგორც მეზობელი ქვეყნები, თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით საქართველო, უკრაინასა და თურქმენეთთან ერთად, გაერთიანებულია დსთ-ის ქვეყნების ჯგუფში. როგორც სავალუტო ფონდი განმარტავს, ეს რეგიონული სიახლოვისა და ეკონომიკური სტრუქტურის მსგავსებითაა გამოწვეული. ცხრილი 1 ასახავს საქართველოს რეგიონის ქვეყნების ვალუტების კურსის ცვლილებას.
ცხრილი 1:
დოლართან მიმართებაში რეგიონის ქვეყნების ვალუტების კურსის ცვლილება
წყარო: შესაბამისი ქვეყნის ცენტრალური ბანკი
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2014 წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე (როცა პრემიერმა განცხადება გააკეთა) ლარის გაუფასურებამ 51.7% შეადგინა, რაც 13 ქვეყანას (IMF-ის მიერ განსაზღვრულ რეგიონს დამატებული თურქეთი) შორის მე-7 შედეგია. უშუალოდ მეზობლებს შორის ლარზე ნაკლებად გაუფასურდა სომხური დრამი (17.9%) და რუსული რუბლი (44.9%). თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსული რუბლის მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ივლისის მეორე ნახევრიდან დაიწყო, ჯამური გაუფასურება 73%-მდეა. აქვე აღსანიშნავია, რომ შუა აზიის ქვეყნებში ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებულ დონეზე შენარჩუნებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, ვინაიდან აღნიშნული ქვეყნები პრაქტიკულად მართვად სავალუტო რეჟიმს იყენებენ. თურქმენეთმა უცხოური ვალუტით ვაჭრობაზე ლიმიტებიც კი დააწესა. შესაბამისად, სრულიად საფუძვლიანად, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ოფიციალური გაცვლითი კურსი და ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი ერთმანეთისაგან განსხვავებულია.
ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას, დოლარის გლობალურ გამყარებასთან ერთად, აუცილებელია გავითვალისწინოთ ცალკეული ქვეყნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ფაქტორები. აზერბაიჯანული მანათის გაუფასურებას დიდწილად შეუწყო ხელი ნავთობის ფასის შემცირებამ. აღნიშნული ფაქტორი მნიშვნელოვანია რუსეთის შემთხვევაშიც, რასაც უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებში მონაწილეობა და დაწესებული სანქციების შედეგები დაემატა. თურქეთში ეკონომიკური პრობლემები რუსეთთან გართულებულმა ურთიერთობებმა, სამხედრო გადატრიალების მცდელობამ და ტერორისტულმა აქტებმა და მეზობელ სირიაში მიმდინარე მოვლენებმა შექმნეს. საქართველოს შემთხვევაში, რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას ბუნებრივია უარყოფითი გავლენა ჰქონდა ეკონომიკურ ვითარებაზე, თუმცა, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოში პრობლემები არ შექმნილა.
დასკვნა 2014წლის ნოემბრიდან მოყოლებული, გაუფასურების მასშტაბით ქართული ლარი რეგიონის 13 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა, უშუალო მეზობლებს შორის კი, სომხეთსა და რუსეთზე უარესი შედეგი აქვს. თუმცა, რიგ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, გაუფასურების ეტაპი ჯერ კიდევ 2014 წლის მესამე კვარტლის ბოლოდან დაიწყო, ხოლო შუა აზიის ცალკეულ სახელმწიფოებში, მართვადი სავალუტო რეჟიმისა და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ეროვნული ვალუტების გაუფასურების მაჩვენებელი სავარაუდოდ ოფიციალურად დაფიქსირებულზე მაღალია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად ლარზე ნაკლებად რეგიონის ქვეყნებიდან მხოლოდ სომხური დრამი და მოლდავური ლეი გაუფასურდა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 15 დეკემბრის შემდეგ, როდესაც პრემიერმა აღნიშნული განცხადება გააკეთა, ლარის კურსი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდა. ამ პერიოდში კი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მსგავსი ტენდენცია არ შეინიშნებოდა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.