რომ თავის დროზე გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის აღება შეცდომა იყო და ამჟამად მისი დაბრუნების წინააღმდეგი ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია. „მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს სურვილი აქვს, რომ სტალინის ძეგლი თავის ქალაქში იდგეს, გუნდური ამბავია, ეს საკითხი ახლა მთავრობის გადასაწყვეტია“, - განაცხადა მაკრახიძემ.
ფაქტ-მეტრი დეპუტატის ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლი 2010 წლის 25 ივნისის, 01:00 საათზე აიღეს. მისი დემონტაჟი შპს „არქმშენ-სტუდია 2002“-მა შეასრულა.ამ კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაკრახიძე ქალაქ გორის დღევანდელი მაჟორიტარი დეპუტატის ძმაა, რომელიც მოხსნილ მონუმენტს ამ დრომდე თავისივე კომპანიის ეზოში მდებარე ღია სათავსოში ინახავს. 700 კგ-იანი, დაახლოებით 6 მეტრის სიმაღლის ძეგლი სახით მიწაზე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია განთავსებული. მის სანახავად ძირითადად ჟურნალისტები მიდიან.
მონუმენტის აღების შემდეგ, მაშინდელმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა, რომ გორის ცენტრალურ მოედანს სტალინის ძეგლის ნაცვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა და საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი სახელწოდებით - „ამაოებას არ ამოება“დაიკავებდა. მოგვიანებით, ადგილობრივმა საზოგადოებამ ეს იდეა დაიწუნა, იმ მიზეზით, რომ მსგავსი მემორიალის ცენტრში დადგმა და სკოლაში წასასვლელად გამოსული ბავშვებისთვის მისი ყოველდღე ნახვა მიუღებელი იქნებოდა, ამიტომ სტალინის ძეგლის ნაცვლად სხვა მონუმენტი აღარ დაუდგამთ.
საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე აღნიშნავდა,რომ ძეგლის აღების მოთხოვნით 2010 წლის 21 მაისს ადგილობრივ ხელისუფლებაში 1 671 მოქალაქის ხელმოწერა შევიდა.
გორის საკრებულოს მომდევნო თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, 2013წლის ბიუჯეტში წინა ხელისუფლების მიერ სტალინის ძეგლის მუზეუმის ტერიტორიაზე მონტაჟის ღირებულება 25 ათასი ლარით განისაზღვრა და ეს გადაწყვეტილება ვერ შეიცვლეობდა, რადგან მას წინ პეტიციის სახით 6 500 მოქალაქის ხელმოწერა უძღოდა. სტალინელებმა მონუმენტის დაბრუნებაში წვლილის შეტანა გადაწყვიტეს და ამ მიზნით საკუთარი ფონდიც შექმნეს.
მუზეუმის ეზოში (2013 წლის ბოლოს) კვარცხლბეკის მშენებლობა მართლაც დაიწყო, თუმცა პროცესი მალევე შეჩერდა. როგორც იმ პერიოდში გახდა ცნობილი, ხელისუფლებას ამ სამუშაოების შეჩერება ადგილზე ჩასულმა ევროპის სახელმწიფოების ელჩებმა სთხოვეს. პარალელურად, გააქტიურდა ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც გორის ცენტრალური მოედნისთვის (სადაც სტალინის ძეგლი იდგა) ევროპის მოედნის დარქმევას ითხოვდნენ. ამისთვის მათ ქალაქში გამოკითხვაჩაატარეს, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ გამოკითხული 800 რესპონდენტიდან მხოლოდ 27 უჭერდა მხარს იმას, რომ მოედანს სტალინის სახელი ეტარებინა.
სტალინის ძეგლის თემა 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში ისევ აქტუალური გახდა. ქალაქის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ და დღევანდელი მერი ზურა ჯირკველიშვილი ამომრჩეველს პირდებოდა,რომ თუ გორელების ნება იქნებოდა, მონუმენტის აღდგენას მერად არჩევის შემდეგ ხელს აუცილებლად შეუწყობდა.
არჩევნების შემდეგ გორის მერიის წარმომადგენელმა შალვა ტლაშაძემ ქალაქში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკითხვის შედეგების კომენტირებისას განაცხადა,რომ სხვადასხვა საკითხებთან ერთად მოქალაქეებმა სტალინის ძეგლის დადგმის შესახებ კითხვასაც უპასუხეს, რომლის მიხედვითაც, სტალინის ძეგლის დადგმას ქალაქისთვის პრიორიტეტულად მხოლოდ 2.1% მიიჩნევდა (კითხვარები 7 ათას ადამიანს დაურიგდა, რომელთაგან პასუხი მხოლოდ 500-მა გასცა).
2015 წლის 18 სექტემბერს, 6 წარმომადგენლისგან შემდგარი ა(ა)იპ "გორელებისგან" შესული წერილის საფუძველზე, მერიამ სტალინის ძეგლის აღდგენის საკითხი საკრებულოს სხდომაზე 2 ოქტომბერს დააყენა.განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეთა მხრიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე საკრებულოს უმრავლესობამ (12 - ერთის წინააღმდეგ) სტალინის ძეგლის დადგმას მხარი არ დაუჭირა.
ძეგლის დადგმის მოწინააღმდეგეების მთავარ არგუმენტს კი „თავისუფლების ქარტიის შესახებ“ კანონიწარმოადგენდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიაზე კომუნისტურ-ტოტალიტარული სიმბოლოების გამოყენება დაუშვებელია.
დასკვნაფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ 2010 წლიდან, ანუ ძეგლის აღების პერიოდიდან დღემდე ქალაქში საზოგადოებრივი აზრის სრულფასოვანი გამოკითხვა არ ჩატარებულა. ძეგლის აღების შემდეგ, ბოლო 6 წლის განმავლობაში, გორის საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები, ასევე აქტივისტები ქვეყნის სხვა რეგიონებიდან, როგორც სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით, ისე საწინააღმდეგო პოზიციით არაერთხელ გამოსულან.
გორის ცენტრალური მოედნიდან აღებული ქანდაკების სტალინის მუზეუმში დადგმის საკითხი 2015 წლის 2 ოქტომბერს ქალაქ გორის საკრებულომ განიხილა და მხარი არ დაუჭირა. მას შემდეგ, ამ საკითხზე გორელებისთვის აზრი აღარავის უკითხავს.
იოსებ მაკრახიძის განცხადება, რომ გორის მოსახლეობის 80%-მდე ძეგლის ძველ ადგილას დაბრუნებას უჭერს მხარს, რაიმე გამოკითხვას არ ეფუძნება და მხოლოდ დეპუტატის ვარაუდს წარმოადგენს, რაც, შესაძლოა, რეალობისგან ძალიან შორს იყოს.
ფაქტ-მეტრი იოსებ მაკრახიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.