• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ცილისწამების კრიმინალიზაცია - მორიგი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე

ცილისწამების კრიმინალიზაცია - მორიგი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე

20/12/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
ჟურნალისტი წერს სტატიას, აკეთებს რეპორტაჟს, იწერს ინტერვიუს, ადამიანები სოციალურ ქსელში წერენ მოსაზრებებს, საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ ან, უბრალოდ, რაიმე ამბავს ყვებიან. ეს ზოგს მოსწონს, ზოგს - არა, ზოგი ჩხუბობს, ზოგი ილანძღება, ზოგი ირონიით პასუხობს, ზოგსაც საერთოდ არ აინტერესებს ან ყურადღებას არ აქცევს და ა.შ. ძალიან მალე კი, შესაძლოა, ამ ყველაფრისთვის ადამიანი 5 წლით ციხეში ჩასვან. იურისტთა ერთი ჯგუფის მირ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება სწორედ იმას გულისხმობს, რომ თუკი ვინმე რაიმე მოტივით ჩათვლის, რომ მეორემ მას რაღაცით შეურაცხყოფა მიაყენა, ამ ფაქტს სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორია უნდა მიენიჭოს და, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 2-5 წლიანი პატიმრობით უნდა დაისაჯოს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ იდეის ავტორები ვარდების რევოლუციამდელი ვითარების დაბრუნებას გეგმავენ, როდესაც კანონმდებლობა ადამიანების ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ბრალდებით პატიმრობით დასჯას ითვალისწინებდა, როგორც დღეს ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება. საქართველოში კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს მიიღეს. სწორედ ამ კანონით არის გარანტირებული, რომ ადამიანის ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯა არ შეიძლება. მაშინ ეს საკანონმდებლო ცვლილება დემოკრატიულ მონაპოვრად და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდა. ეს კანონი იყო ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რომლითაც საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი მედიის თავისუფლების  ნაწილში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ახლა კი, სამართლის სპეციალისტების ერთი პატარა ჯგუფი  სწორედ ამის შეცვლას ითხოვს.   რის შეცვლა უნდათ პარლამენტში უკვე შესულია საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კოდექსში 148-ე და 148 პრიმა მუხლები შემდეგი ფორმულირებით უნდა ჩამოყალიბდეს: „წინასწარი შეცნობით სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის სახელის გამტეხი, არასწორი, ცრუ მონაჭორის გავრცელება საჯაროდ, ან პრესის, ან სხვა რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით, ისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით, ან 20 000 ლარამდე ჯარიმით. განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება ან ცილისწამება, რომელსაც თან ერთვის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის, ან მასში მონაწილეობის ბრალდება – ისჯება ორიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან 50 000 ლარამდე ჯარიმით“. ინიციატივაში განსაზღვრულია ისიც, რომ ეს  უნდა შეეხოს კარიკატურებს და „უხამსი სიტყვების“ გამოყენებას. ასევე, ამ წესით, დასჯადი უნდა იყოს ეროვნულ და რელიგიურ თემებთან დაკავშირებული გამონათქვამები. ამ კატეგორიისთვის უფრო მძიმე სასჯელია გათვალისწინებული და ნათქვამია, რომ  ეს ქმედება უნდა დაისაჯოს  3-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან  70 000 ლარამდე ჯარიმით. აღსანიშნავია, რომ ასეთ მკაცრ სასჯელს ცილისწამებისთვის არ ითვალისწინებს იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნების კანონდებლობაც კი, სადაც ცილისწამება კრიმინალიზებულია. კერძოდ, რუსეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი უფრო მსუბუქია.   საკანონმდებლო წინადადებას არ ახლავს განმარტებითი ბარათი, თუ რატომ უნდა გახდეს ცილისწამება და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა, აღნიშნულია, რომ "ორივე ქმედების დასჯადად გამოცხადების აუცილებლობა დასაბუთებულია ჟურნალ „იურისტის“ პირველ ნომერში". ეს ჟურნალი იურისტებისთვისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის უცნობია. მის შესახებ მხოლოდ ის ინფორმაცია იძებნება, რომ  ჟურნალის პირველი ნომრის პრეზენტაცია 2016 წლის 26 ნოემბერს, ტექნიკურ უნივერსიტეტში უნდა გამართულიყო.   ვის  უნდა შეცვლა  რაც შეეხება თავად ამ პროექტის ინიციატორ ორგანიზაციას, ის ცოტა ხნის წინ არის დაარსებული, თუმცა, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის პრეტენზია აქვს. ორგანიზაცია, რომელიც რეესტრში „იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის“ სახელითაა რეგისტრირებული,  2016 წლის აპრილში შეიქმნა და მასში 30 იურისტია გაერთიანებული. ორგანიზაციის პრეზიდენტი შოთა ფაფიაშვილია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ლალი ფაფიაშვილის მამაა. შოთა ფაფიაშვილი 1985-1991 წლებში საქართველოს უმაღლესი სასამართლოს წევრი იყო, 1991-1992 წლებში მუშაობდა სახელმწიფო კონტროლის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, 1994-1998 წლებში კი საქართველოს შსს-ს აკადემიის უფროსის მოადგილე იყო, ხოლო 2004 წლამდე - საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის უფროსი. იგი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია, წლებია, აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში ეწევა. აქამდე ამ ორგანიზაციის მხრიდან არცერთ საკითხთან დაკავშირებით რაიმე აქტივობა არ დაფიქსირებულა. თუმცა, ორგანიზაციის დაარსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში იმაზე იყო საუბარი, რომ ეს ორგანიზაცია სამართლებრივ რეფორმებში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს.   საკანონმდებლო წინადადება და პარლამენტი პარლამენტში „იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის“ სახელით შესული დოკუმენტი კანონპროექტი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ  პარლამენტში მისი განხილვის დაწყებამდე გარკვეული პროცედურის გავლაა საჭირო. კანონმდებლობით, პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივით მიმართვის უფლება პარლამენტარებს, მთავრობას და მოქალაქეთა 200 ათასიან ჯგუფს აქვთ. არასამთავრობო ან სხვა სახის ორგანიზაციებს, რაც არ უნდა აკადემიური სახელი ერქვათ, ეს უფლება არ გააჩნიათ და შეუძლიათ, რომ საკუთარი  ინიციატივა პარლამენტში მხოლოდ საკანონმდებლო წინადადების სახით შეიტანონ. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას პარლამენტი ავტომატურად იწყებს, საკანონმდებლო წინადადების შემთხვევაში კი, ინიციატივას პარლამენტის ბიურო ან პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტებს, წამყვანი კომიტეტის მითითებით, 5 დღის ვადაში გადასცემს, რომლებიც მას 20 დღეში განიხილავენ. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ამ წინადადების ბედი იურიდიულმა კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს. პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შოთა ფაფიაშვილის ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადების განხილვა 12 დეკემბერს დაავალა. შესაბამისად, იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილება დაახლოებით 10 იანვრისთვის უნდა იყოს ცნობილი. კომიტეტის თავმჯდომარეს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს და მხოლოდ ის გვითხრა, რომ კომიტეტის სხდომას უნდა დაველოდოთ. მნიშვნელოვანია, რომ  ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პარლამენტს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სთხოვენ. რამდენიმე თვის წინ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის მაშინდელი მოადგილის, მანანა კობახიძის ძმა სკანდალში გაეხვა, თავად მანანა კობახიძე ამბობდა, რომ გამოხატვის თავისუფლებასა და ღირსების დაცვას შორის ბალანსი დარღვეულია. მისი ძმა კი აცხადებდა, რომ პარლამენტს კანონის გამკაცრების თხოვნით მიმართავდა. ამჯერად ამ საკითხზე მმართველი გუნდის ნაწილი საუბარს თავს არიდებს, ნაწილი კი ზოგად კომენტარს აკეთებს, რომ არავის, მათ შორის არც მედიას, სხვისი შეურაცხყოფის უფლება არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ  ჩუგოშვილი ჩვენთან საუბრისას პირდაპირ ამბობს, რომ ის ამ წინადადებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. "სრულიად დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა პარლამენტში ვერანაირი მხარდაჭერის მოპოვებას ვერ შეძლებს. გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ჩვენ ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს და ეს არათუ არ უნდა გაუარესდეს, არამედ ასე მაღალი სტანდარტის შენარჩუნებასა და კიდევ უფრო გამყარებაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ გამოვიარეთ ეპოქა, როცა ცილისწამება სისხლის სამართლებრივად დასჯადი იყო. ეს იყო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდი. ცილისწამების მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში გავაუქმეთ, როგორც საბჭოთა გადმონაშთი. ამ ცუდ წარსულში დაბრუნებაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ", - აცხადებს ჩუგოშვილი.   ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ასეთივე შეფასებები აქვთ ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მსგავსი  ცვლილების მიღება ცალსახად სიტყვის თავისუფლებაზე დარტყმა და მედიაზე ზეწოლისთვის ახალი ბერკეტი იქნება, რაც ქვეყანაში ავტორიტარიზმის საფრთხეს გააძლიერებს. საია-ის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "შეურაცხყოფის კრიმინალიზაციის იდეა აბსოლუტურად საწინააღმდეგოა თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის, რომელიც არის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი". მისივე თქმით, დღეს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება და "ეს არის გუშინდელი დღე ადამიანის უფლებებში". ნაცვლიშვილი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ეს წინადადება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის შეფასებით კი, "ამ იდეის ავტორები შორეულ საბჭოთა წარსულში არიან ჩარჩენილები და ფიქრობენ სწორედ ისე, როგორ საბჭოური მმართველობის დროს ფიქრობდა ხელისუფლება". შესაბამისად, მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტი ამ წინადადების კანონპროექტად ქცევას ვერ და არ დაუშვებს. „2004 წლის 24 ივნისს საქართველომ სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო მუხლი, რომელიც ეხებოდა ცილისწამებას დანაშაულის დაბრალებით. ბუნებრივია, თუკი ადამიანი თვლის, რომ ის სხვა პირის ქცევით ან გამოხატვით შეურაცხყოფილია, სრული უფლება აქვს  სამოქალაქო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს საკუთარი შელახული პატივის, ღირსებისა თუ რეპუტაციის სასამართლო წესით აღდგენა. თუკი თვლის, რომ განზრახ ცილისწამებით შეელახა ღირსება და პატივი აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტოს და დაადგინოს, აქვს თუ არა ადგილი ცილისწამებას, ვიმეორებ, ეს არის ღრმა საბჭოთა რეპრესიული წარსულის ნოსტალგია“, - ამბობს მშვენიერაძე.
თეგები:
გიორგი ცაგარეიშვილი
ოკუპაცის კანონპროექტი
კოოპერატიული ბინათმშენებლობა
იაგო ხვიჩია
ირაკლი ქადაგიშვილი
სტატუსშეჩერებული სტუდენტები
სამსონ გუგავა
შპს „ხელვაჩაურის წყალ“
რუსა მაჩაიძე
რუსა მაჩაიძე

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა