რუსთავი 2"-ის ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „თუ შევხედავთ ეკონომიკური განვითარების პარამეტრებს, ვნახავთ, რომ იქაც ვართ ერთ-ერთი ლიდერი რეგიონის მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ ზრდის მაჩვენებელი არ არის ოპტიმალური, ამასაც საერთო რეგიონული კონტექსტი განაპირობებს, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით...“
ფაქტ-მეტრმა ირაკლი კობახიძის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ქვეყნების ეკონომიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი აქვეყნებენ. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის წარმოდგენილი ანალიზი ამ მონაცემებს ეყრდნობა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყანათა რიგებში შეჰყავს.[1]ფონდის ოქტომბრის პროგნოზით, დსთ-ის ქვეყნების ეკონომიკა 2016 წელს 0,2%-ით შემცირდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს (- 2,7%) 2,5%-ით აღემატება. 2017 წლის პროგნოზით კი, 1,4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
ფონდის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2015 წელს 2.8%-ით გაიზარდა, რაც დსთ-ის ქვეყნებთან მიმართებით საშუალო მაჩვენებელია. 2015 წელს საქართველოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა სომხეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს დაუფიქსირდათ. 2016 წლის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა და 2,7% შეადგინა, თუმცა, ქვეყანამ წინა პოზიცია შეინარჩუნა. 2017 წლის გათვლით კი, საქართველო დსთ-ის ქვეყნებს შორის პოზიციებს იუმჯობესებს და (ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით უსწრებს რა სომხეთს) აღნიშნულ ჩამონათვალში მე-4 ადგილს იკავებს.
ცხრილი 1:
რეალური მშპ-ის პროცენტული ცვლილება დსთ-ის ქვეყნებში 2015-2017 წლებში
2015 | 2016 | 2017 | |
აზერბაიჯანი | 1,1 | -2,4 | 1,4 |
ბელარუსი | -3,9 | -3 | -0,5 |
თურქმენეთი | -6,5 | 5,3 | 5,4 |
მოლდოვა | -0,5 | 2 | 3 |
რუსეთი | -3,7 | -0,8 | 1 |
საქართველო | 2,8 | 2,7 | 4 |
სომხეთი | 3 | 3,2 | 3,4 |
ტაჯიკეთი | 6 | 6 | 4,5 |
უზბეკეთი | 8 | 6 | 6 |
უკრაინა | -9,9 | 1,5 | 2,5 |
ყაზახეთი | 1,2 | -0,8 | 0,6 |
ყირგიზეთი | 3,5 | 2,2 | 2,3 |
ვინაიდან ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა აქვს არჩეული, ლეგიტიმურია რეგიონის განხილვისას დსთ-ის გარდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც გავითვალისწინოთ. სავალუტო ფონდზე დაყდნობით, აღებულ საანგარიშო პერიოდში (2015-2017 წლები) აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკა იზრდება, შესაბამისად, 3.5, 3.2 და 3.1%-ით.
ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის დაბალი მონაცემია, 2,8%-იანი ზრდით ქვეყანა მხოლოდ ხორვატიასა და სერბეთს უსწრებს და ალბანეთთან ერთად ჩამონათვალში მეცხრე ადგილს იკავებს. 2016 წლის პროგნოზის მიხედვით საქართველოს მდგომარეობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მონაცემებთან მიმართებით უმჯობესდება, ხოლო 2017 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული რეალური მშპ-ის ნაზრდი აღმოსავლეთ ევროპის ყოველი ქვეყნის სავარაუდო ნიშნულზე მეტია, რაც ამ რეგიონში ლიდერობას ნიშნავს. თუმცა, თავის განცხადებაში ირაკლი კობახიძე არა სამომავლო პროგნოზებზე, არამედ არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
გრაფიკი 1:
რეალური მშპ-ის პროცენტული ცვლილება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 2015-2017 წლებში
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
მსოფლიო ბანკის მიხედვით, საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყანათა ჯგუფში ერთიანდება. რეგიონის ჯამური რეალური მშპ 2015 წელს 0,1%-ით შემცირდა. ივნისის მონაცემებით, 2016 წლის მაჩვენებელი 1,2%-ია, ხოლო 2017 წლის პროგნოზით ეკონომიკის 2,5%-იანი ზრდაა გათვალისწინებული.
2015წლის მაჩვენებლით, რეგიონის მასშტაბით, საქართველოს რეალური მშპ-ის ცვლილების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია და საქართველოს მსოფლიო ბანკი რეიტინგში მე-15 ადგილს ანიჭებს. 2016 წლის პროგნოზით საქართველოს პოზიცია გაუმჯობესებულია და აღნიშნულ ჩამონათვალში მას მე-12 ადგილი უჭირავს. ხოლო, საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული 2017 წლის რეალური მშპ-ის ზრდით (4%), ქვეყანა მოლდოვასთან, კოსოვოსთან და მაკედონიასთან ერთად მე-4 ადგილს იკავებს და რეგიონის ლიდერთა შორის ექცევა.
ცხრილი 2:
რეალური მშპ-ის პროცენტული ცვლილება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში 2015-2017 წლებში
2015 | 2016 | 2017 | |
აზერბაიჯანი | 1,1 | -1,9 | 0,7 |
ალბანეთი | 2,6 | 3,2 | 3,5 |
ბელარუსი | -3,9 | -3,0 | -1,0 |
ბოსნია და ჰერცოგოვინა | 3,2 | 2,6 | 3,1 |
ბულგარეთი | 3,0 | 2,2 | 2,7 |
თურქეთი | 4,0 | 3,5 | 3,5 |
თურქმენეთი | 6,5 | 5,0 | 5,0 |
კოსოვო | 3,6 | 3,6 | 4,0 |
მაკედონია | 3,7 | 3,7 | 4,0 |
მოლდოვა | -0,5 | 0,5 | 4,0 |
მონტენეგრო | 3,4 | 3,7 | 3,1 |
პოლონეთი | 3,6 | 3,7 | 3,5 |
რუმინეთი | 3,7 | 4,0 | 3,7 |
რუსეთი | -3,7 | -1,2 | 1,4 |
საქართველო | 2,8 | 2,7 | 4,0 |
სერბეთი | 0,8 | 1,8 | 2,3 |
სომხეთი | 3,0 | 1,9 | 2,8 |
ტაჯიკეთი | 4,2 | 4,0 | 4,8 |
უზბეკეთი | 8,0 | 7,3 | 7,2 |
უკრაინა | -9,9 | 1,0 | 2,0 |
უნგრეთი | 2,9 | 2,6 | 2,4 |
ყაზახეთი | 1,2 | 0,1 | 1,9 |
ყირგიზეთი | 3,5 | 3,4 | 3,1 |
ხორვატია | 1,6 | 1,9 | 2,0 |
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, დსთ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საერთო ჩამონათვალში 2015 წელს საქართველომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით 24 ქვეყანას შორის მე-13 ადგილი დაიკავა. 2016 წლის პროგნოზით მდგომარეობა ანალოგიურია, რეალური მშპ-ის 2,7%-იანი ზრდით საქართველოს ისევ 12 ქვეყანა უსწრებს. 2017 წლის პროგნოზის მიხედვით კი, საქართველო (4,0%), უზბეკეთის (6,0%), თურქმენეთისა (5,4%) და ტაჯიკეთის (4,5%) შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს. მსგავსი შედეგებია მსოფლიო ბანკის მონაცემების განხილვის შემთხვევაშიც - 2015 წელს ქვეყანა მე-14, 2016 წელს მე-12, ხოლო 2017 წლის პროგნოზით მე-4 ადგილზეა.
ამდენად, რეალური მშპ-ის ზრდის 2015 და 2016 წლების მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო რეგიონში საშუალო ან საშუალოზე დაბალ რეიტინგულ პოზიციაზეა. 2017 წლის პროგნოზის გათვალისწინებით კი, საქართველო რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი უნდა გახდეს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი.[1] საქართველო 2009 წლის 18 აგვისტოდან თანამეგობრობის წევრი არ არის