საქართველოში მომხდარი დანაშაულების შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების მოპოვება და ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის რეალური სურათის დადგენა დღემდე პრობლემას წარმოადგენს. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საზოგადოებას კრიმინალის სტატისტიკას სრულად აწვდიან, რომლის თანახმადაც ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა არ გაუარესებულა. თუმცა, რეალურად, სახელმწიფო უწყებების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის მეშვეობით ამის გადამოწმება შეუძლებელია.
ბოლო დროს ჩატარებული არაერთი გამოკითხვა ცხადყოფს, რომ კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოსახლეობაში გარკვეული ეჭვები არსებობს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი, კრიმინალის დონის ზრდას კატეგორიულად გამორიცხავენ და პირიქით, წინა პერიოდებთან შედარებით, გარკვეული დანაშაულებების (მაგალითად, ყაჩაღობების რაოდენობის) მკვეთრ შემცირებაზეც აპელირებენ.
რას ეყრდნობა ხელისუფლების განცხადებები? არსებობს თუ არა ოფიციალური მონაცემები, რომლებიც ხელისუფლების განცხადებების გადამოწმების საშუალებას იძლევა?
რეგისტრირებული დანაშაულების შესახებ სულ სამი სახის სტატისტიკა არსებობს. დღესდღეობით, სახელმწიფოს ოფიციალურად მხოლოდ ორი სახის სტატისტიკის გამოქვეყნების ვალდებულება აქვს:
თუმცა, აღნიშნული ვალდებულება 2012 წლის იანვრის შემდეგ არ შესრულებულა - საქსტატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ყოველთვიური ერთიანი ანგარიში მეორე თავიდან იწყება და მხოლოდ სხვა უწყებების მონაცემებს მოიცავს, ხოლო შსს-ს ინფორმაციისთვის განკუთვნილი პირველი თავი, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, გამოტოვებულია.
სამთავრობო პროგრამით ასევე გათვალისწინებულია „სამართლებრივი სფეროს შესახებ“ კვარტალური სტატისტიკის გამოქვეყნებაც, სადაც სხვა სახის ინფორმაციასთან ერთად, შსს-ს მონაცემები რეგისტრირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით (დანაშაულების ძირითადი სახეების მიხედვით) უნდა იყოს ასახული. სწორედ ამ სახის ინფორმაციას შსს „დანაშაულის კვარტალურ სტატისტიკად“ მოიხსენიებს.
საქართველოს მთავრობის N215-ე განკარგულება „სტატისტიკური სამუშაოების 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“, დანართი 1:
თუმცა, კვარტალური სტატისტიკა საკმარის ინფორმაციას არ წარმოადგენს, რომელზე დაყრდნობითაც კრიმინოგენური სურათის დანახვა შესაძლებელი იქნებოდა, რადგანაც ის არ მოიცავს ინფორმაციას კონკრეტული დანაშაულების შესახებ. კერძოდ, ამ სტატისტიკით ვერ დავინახავთ კონკრეტულ კვარტალში ყაჩაღობის, მკვლელობისა თუ ქურდობის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა.
2016 წლის 16 დეკემბერს, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო, რაც სტატისტიკაზე დაფუძნებული პოლიციის ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციად გადაქცევას გულისხმობს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მომავალი წლის ბოლოსთვის სპეციალური ვებ-პორტალის შექმნა იგეგმება, რომლის საშუალებითაც რეალურ დროში ქვეყნის, რეგიონებისა და რაიონების მიხედვით კრიმინოგენური სიტუაციის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება გახდება შესაძლებელი. ხოლო, აღნიშნული პორტალის ამოქმედებამდე, შალვა ხუციშვილი შსს-ს ოფიციალურ გვერდზე სტატისტიკის ყოველთვიურად გამოქვეყნების პრაქტიკის გაგრძელებას დაგვპირდა.
ასევე, როგორც შეხვედრაზე გაირკვა, მინისტრის მოადგილე არ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქსტატის გვერდზე შსს-ს ყოველთვიური სტატისტიკა 4 წლის განმავლობაში არ ქვეყნდებოდა. მან პირობა დადო, რომ აღნიშნულ საკითხს საქსტატთან გაარკვევდა.
ფაქტ-მეტრი დანაშაულის სტატისტიკის თითოეული სახის თაობაზე დეტალურ კვლევას გთავაზობთ:
შსს-ს მიერ გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე (http://police.ge/ge/useful-information/statistics) დანაშაულის სტატისტიკას ორი სახით აქვეყნებდა: ა) მონაცემები შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიხედვით და ბ) ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემები (მასში შედის: შსს-ს, იუსტიციის, ფინანსთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებისა და უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების მონაცემები). დოკუმენტში მოცემულია როგორც კონკრეტულ პერიოდში (თვეების მიხედვით ცალ-ცალკე, ასევე რამდენიმე თვის ერთად) რეგისტრირებული დანაშაულების საერთო რაოდენობა და მათი გახსნის მაჩვენებელი, ასევე, დანაშაულები ცალკეული კატეგორიებისა და მუხლების მიხედვითაა ჩაშლილი.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული დანაშაულების წლიური (ისევე როგორც რამდენიმე თვის ერთად) სტატისტიკა კუმულატიურ მონაცემებს და არა ცალკეულ თვეებში რეგისტრირებული დანაშაულის არითმეტიკულ ჯამს ასახავს. თავის მხრივ, კუმულატიური სტატისტიკა საანგარიშო პერიოდში გარკვეული ცვლილებების (კვალიფიკაციის შეცვლა, ახალი დანაშაულის დამატება, დანაშაულის გახსნა, გამოძიების შეწყვეტა, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, საქმეების გაერთიანება/გამოყოფა/გადაგზავნა) გათვალისწინებით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელს ასახავს. მაგალითად, 2015 წლის იანვარში სულ რეგისტირებული 3 062 დანაშაული იყო, თებერვალში - 3 144, მარტში - 3 150. მათი არითმეტიკული ჯამი 9 356-ს უდრის, ხოლო იანვარ-მარტის კუმულატიური მონაცემების თანახმად, სულ 8 970 დანაშაულია რეგისტრირებული (386 დანაშაულით ნაკლები). ეს ნიშნავს, რომ 386-მა დანაშაულმა გარკვეული ცვლილებები განიცადა და იანვარ-მარტის პერიოდისათის სააღრიცხვო ობიექტს აღარ წარმოადგენს, თუმცა ჩვენთვის ამ ცვლილებების მიზეზები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნული სტატისტიკის სრულყოფილი სახით გამოქვეყნების შემთხვევაში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებოდა არა მხოლოდ რეგისტრირებულ დანაშაულთა ერთიანი რაოდენობა გაეგო (რაც კრიმინოგენური მდგომარეობის შესაფასებლად საკმარის ინსფორმაციას არ წარმოადგენს), არამედ კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებული ცვლილებები გაეანალიზებინა. ასევე, შეძლებდა ენახა, თუ რის ხარჯზე გაიზარდა ან შემცირდა დანაშაულთა საერთო რაოდენობა, გახსნის მაჩვენებელი და ა.შ.
სამწუხაროდ, პრობლემები შსს-ს სტატისტიკის სათანადო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში (მონაცემთა შეუსაბამობა, სტატისტიკის გამოუქვეყნებლობა) არსებობს, რამაც აღნიშნული სტატისტიკის მიმართ საზოგადოების ნაწილის უნდობლობა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლის აპრილში იანვარ-მარტის სტატისტიკა (ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემები) გამოაქვეყნა. აღნიშნულ სტატისტიკაში მხოლოდ რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა იყო მითითებული. შემდეგი სტატისტიკა 2013 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა, რომელიც შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიხედვით რეგისტრირებულ დანაშაულთა 7 თვის მონაცემებს მოიცავდა. დანაშაულები კატეგორიების მიხედვით არც ამ შემთხვევაში იყო ჩაშლილი. 2013 წლის 7 თვის მონაცემებით, შსს-ს ტერიტორიულ დანაყოფებში სულ 16 590 დანაშაული ფიქსირდებოდა. ამის შემდეგ, 2014 წლის ივნისამდე, დანაშაულის სტატისტიკა საერთოდ არ გამოქვეყნებულა.
2014 წლის ივნისიდან დანაშაულის სტატისტიკის (მხოლოდ შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიხედვით) გამოქვეყნება შინაგან საქმეთა სამინისტროს „კეთილი ნებით“ კვლავ განახლდა. „ეს სტატისტიკა სრული ობიექტურობით ასახავს სურათს და ჩვენ დღეიდან გპირდებით, ვიჩენთ რა კეთილ ნებას, სანდოობის მაღალი დონით მივაწვდით საზოგადოებას მაქსიმალურად ჩაშლილ სტატისტიკას, ყოველთვიური და წლიური შედარებებით. მე გპირდებით და მინისტრი გპირდებათ, რომ ასეთი რეალობა იქნება“, - განაცხადა შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ლევან იზორიამ.
მართალია, სტატისტიკის გამოქვეყნება განახლდა, თუმცა ამით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოების ნდობის დაბრუნება ბოლომდე ვერ შეძლო, რადგან სტატისტიკაში გარკვეული უზუსტობები შეინიშნებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღება ნეტგაზეთმა გაამახვილა. კერძოდ, 2014 წლის იანვარ-ივლისის (7 თვის) სტატისტიკაში, 2013 წლის იმავე პერიოდში ნაცვლად 16 590 დანაშაულისა (რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა), 18 170 დანაშაული იყო მითითებული. შესაბამისად, შსს-ს ორი ტიპის სტატისტიკას შორის, რომლებიც ერთი და იმავე პერიოდს ეხება, ცდომილება 1 580 დანაშაული იყო. სამინისტროს განმარტებით, ცდომილება დანაშულების დათვლის მეთოდოლოგიებს შორის სხვაობამ გამოიწვია (ძველი მეთოდოლოგიით უფრო ნაკლები დანაშაული რეგისტრირდებოდა). თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახალი მეთოდოლოგია 2013 წლიდან უკვე სრულყოფილად ამოქმედდა, შესაბამისად უცნობია, 2013 წლის 7 თვის მონაცემები ძველი მეთოდოლოგიით რატომ დათვალეს.
2015 წლის აპრილიდან შსს-მ არა მხოლოდ შსს ტერიტორიული დანაყოფების მონაცემების, არამედ ყველა უწყების მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო. თუმცა, აღნიშნული პრაქტიკა 2016 წლის იანვრის შემდეგ კვლავ შეწყდა და ამ დრომდე დანაშაულის სტატისტიკა შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 8 ნოემბერს ფაქტ-მეტრმა შსს-ს გამოუქვეყნებელი სტატისტიკის მოწოდების მოთხოვნით მიმართა, რაზეც 5 დეკემბერს ყველა საგამოძიებო უწყებაში რეგისტრირებულ დანაშაულთა იანვარ-სექტემბრის (თვეების მიხედვით) მონაცემები მიიღო. ფაქტ-მეტრი უახლოეს მომავალში აღნიშნულ მონაცემებს სათანადოდ დაამუშავებს და მკითხველს სრულ სურათს წარუდგენს.
შსს-ს ამ სახის სტატისტიკის საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება არ გააჩნია. თუმცა, საინტერესოა, საკითხის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მიუხედავად არაერთი ზეპირი დაპირებისა, რატომ არ აქვეყნებს უწყება სტატისტიკას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სრულყოფილი სახით მართლაც არსებობს.
2016 წლის 16 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს დანაშაულის სტატისტიკის არსებული მეთოდოლოგია გააცნო. აღნიშნულ შეხვერას ფაქტ-მეტრიც ესწრებოდა. შალვა ხუციშვილის განცხადებით, რადგან სტატისტიკის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, ამიერიდან სამინისტრო მას გამოაქვეყნებს.
სისხლის სამართლის ერთიანი სტატისტიკა
2010 წლის 30 აპრილს, ხუთ უწყებას (შსს, იუსტიციის სამინისტრო, უზენაესი სასამართლო, სასჯელაღსრულება, საქსტატი) შორის „სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ“ მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც უწყებებმა საქსტატისთვის მემორანდუმით გათვალისწინებული მონაცემების ყოველთვიური მიწოდების, ხოლო საქსტატმა კი, აღნიშნული მონაცემების დამუშავებისა და ერთიანი ანგარიშის სახით ყოველთვიური გამოქვეყნების ვალდებულება აიღეს.
მემორანდუმის თანახმად, ერთიან ანგარიშში შსს ყოველთვიურად რეგისტრირებულ დანაშაულის სტატისტიკას დანაშაულთა კლასიფიკაციის სტანდარტული სქემის შესაბამისად წარმოადგენს. კერძოდ, მოცემული უნდა იყოს რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობა, მათ შორის, ძალადობრივი დანაშაულები, განსაკუთრებით მძიმე, მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულები. დანაშაულთა სახეობები წარმოდგენილია სისხლის სამართლის კოდექსის თავების შესაბამისად და ყველაზე მეტად გავრცელებული დანაშაულები ცალკეა გამოყოფილი. შსს აგრეთვე ინფორმაციას გამოძიების ისეთი ეტაპების შესახებაც წარადგენს, როგორიცაა დანაშაულზე დაწყებული გამოძიების შეწყვეტა და დანაშაულის გადაკვალიფიცირება. გარდა ამისა, ერთიან სტატისტიკაში შსს მხრიდან წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია დაზარალებული პირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და ოჯახში ძალადობის ფაქტების შესახებ.
ერთიან ანგარიშში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები დადგენილი წესის შესაბამისად მხოლოდ 2010-2011 წლებში ქვეყნდებოდა, ხოლო 2012 წლის იანვრიდან დღემდე, შსს-ს სტატისტიკა არცერთ ყოველთვიურ ანგარიშში აღარ ასახულა.
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საქსტატს წერილობით მივმართეთ და უწყებას კონკრეტული კითხვები დავუსვით:
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქსტატს ყოველთვიურად უნდა მიაწოდოს სისხლის სამართლის სტატისტიკა, რომელიც საქსტატმა სხვა უწყებების მიერ მიწოდებულ მონაცემებთან ერთად ყოველთვიურ ერთიან ანგარიშში უნდა გამოაქვეყნოს;
- შსს-მ საქსტატს კვარტალურად უნდა მიაწოდოს მონაცემები (მათ შორის მონაცემები რეგისტრირებული დანაშაულების შესახებ), რომელიც საქსტატის კვარტალურ ბიულეტენში უნდა გამოქვეყნდეს.


- აწვდის თუ არა შსს საქსტატს მემორანდუმით განსაზღრულ მონაცემებს? თუ არ აწვდის, მაშინ როდიდან და რა მიზეზით შეწყდა ამ ინფორმაციის მიწოდება?
- ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ შსს-ს მხრიდან ინფორმაციის მიწოდება ყოველთვიურად ხორციელდება, მაშინ რატომ არ აისახება ის ერთიან ანგარიშში?
- რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა ძირითადი სახეების მიხედვით;
- მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა (მათ შორის გამოწვეული სიმთვრალით) და მათში დაზარალებულთა და დაღუპულთა რიცხოვნება;
- ხანძრების რაოდენობა და ხანძრის შედეგად დაღუპულთა და ტრავმირებულთა რიცხოვნება;
- ხანძრისგან განადგურებული შენობა-ნაგებობები და ხანძრების შედეგად დაღუპული მსხვილფეხა საქონელი;
- ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილი დაშაული;
- ოჯახურ ძალადობაში მონაწილე პირთა რაოდენობა, ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენიბა;
- დაზარალებულ პირთა სტატისტიკური მონაცემები სქესის, ასაკის, მოქალაქეობის მიხედვით.
თეგები: