ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების კანონპროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც 2016 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იცვლება.
ცვლილების შედეგად ბიუჯეტის შემოსავლები 8.2 მლნ ლარით მცირდება. შემცირება გრანტების გეგმის კლებითაა განპირობებული. მთავრობამ 2016 წლისთვის გამოყოფილი გრანტები სრულად ვერ აითვისა, ჩამორჩენა აქვს ბიუჯეტის მხარდამჭერ გრანტებში.
128მლნ ლარით იზრდება ბიუჯეტის ხარჯები, რაც ძირითად სოციალური (მათ შორის ჯანდაცვის) და სხვა ხარჯების ზრდითაა განპირობებული.
შემოსავლების შემცირების და ხარჯების ზრდის გამო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო (მიმდინარე შემოსავლების და ხარჯების სხვაობა) გაუარესდა. თუ თავდაპირველად 11.4 მლნ ლარის დადებითი სალდო იყო დაგეგმილი, ცვლილების შემდეგ 124.5 მლნ ლარის უარყოფითი სალდო იქნება.
36მლნ ლარით მცირდება ინფრასტრუქტურული ხარჯები, რაც საოპერაციო სალდოს 124.5 მლნ ლარიან დეფიციტს გარკვეულწილად აბალანსებს. ბიუჯეტის მთლიანი სალდო 613 მლნ ლარია. 2016 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 100 მლნ ლარით უარესდება.
ფინანსური აქტივების ცვლილების სალდო 82 მლნ ლარით უარესდება, რაც სახელმწიფოს მხრიდან გასაცემი სესხების 76 მლნ ლარით ზრდამ განაპირობა.
თუ მიმდინარე ხარჯებს და ფინანსურ/არაფინანსურ აქტივებზე გასაწევ ხარჯებს შევაჯამებთ, ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებებით, მთლიანი ხარჯები 153 მლნ ლარით იზრდება. შესაბამისად, იზრდება ბიუჯეტის დეფიციტიც და გაზრდილი დეფიციტის დასაფინანსებლად მთავრობა სახელმწიფო ვალის აღებასაც ზრდის. ბიუჯეტის კანონში შესატანი ცვლილებებით, მთავრობა 181 მლნ ლარით მეტს ისესხებს, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ვალის ზრდა საშინაო ვალის ზრდაზე მოდის. მთავრობას 200 მლნ ლარის სესხება ჰქონდა დაგეგმილი და გეგმას 380 მლნ ლარამდე ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ, როდესაც მთავრობამ საშინაო ვალის აღება 200 მლნ ლარამდე შეამცირა, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ დადებით მხარედ იმას ასახელებდა, რომ ეს ლარის კურსის სტაბილურობისთვის კარგი იქნებოდა.
რამდენიმე სამინისტროს, თავდაპირველი წლიური საბიუჯეტო გეგმა მნიშვნლოვნად ეზრდება. ესენია: ჯანდაცვის, თავდაცვის და ენერგეტიკის სამინისტროები. ჯამში, აღნიშნული სამინისტროების ბიუჯეტი 200 მლნ ლარით იზრდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა ჯანდაცვის პროგრამებზე დაგეგმილზე მეტი ხარჯების გაწევითაა განპირობებული. თავდაპირველად, საყოველთაო ჯანდაცვისთვის 570 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ 14 დეკემბრის მდგომარეობით ხარჯმა 616 მლნ ლარს მიაღწია. საბიუჯეტო კანონის ცვლილებით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 623 მლნ ლარამდე იზრდება, რაც წლის ბოლოდე საკმარისი არ იქნება და გარკვეული ხარჯები 2017 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა „შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის გაძლიერების“ პროგრამის დაფინანსების ზრდამ განაპირობა, რომელზეც დამატებით 82 მლნ ლარი გამოიყო.
ენერგეტიკის სამინისტროს ბიუჯეტი 69.5 მლნ ლარით იზრდება, რაც სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებაზე გაწეული ხარჯებით არის განპირობებული.
ყველაზე მეტად განათლების სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება - 23 მლნ ლარით. 10 მლნ ლარით მცირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. 2-2 მლნ ლარით მცირდება პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯები.
ცხრილი:
სახელმწიფო უწყებები, რომელთა ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იცვლება (მლნ ლარი)
უწყებები | პირვანდელი გეგმა | შეცვლილი გეგმა | სხვაობა |
თავდაცვის სამინისტრო | 670 | 750.4 | 80.4 |
ენერგეტიკის სამინისტრო | 135 | 204.5 | 69.5 |
ჯანდაცვის სამინისტრო | 3162 | 3202 | 40 |
პარლამენტი | 60 | 58 | -2 |
მთავრობის ადმინისტრაცია | 20 | 18 | -2 |
ფინანსთა სამინისტრო | 90 | 86.6 | -3.4 |
სასჯელაღსრულების სამინისტრო | 153.8 | 144.8 | -9 |
სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 321 | 311 | -10 |
განათლების სამინისტრო | 975 | 952 | -23 |