მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა: „საქართველომ მიიღო ბევრი საყვედური საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იმის გამო, რომ შეჩერდა ამ ცვლილებების მიღება. საქართველომ ამის გამო ორი წელი სანქციები მიიღო და ჩვენთან არ ტარდებოდა ევროსაბჭოს ეგიდით საერთაშორისო ფორუმები და ღონისძიებები“.
ფაქტ-მეტრი ამ თემაზე უკვე წერდა.ამჯერად გადავწყვიტეთ გადაგვემოწმებინა, ავალდებულებს თუ არა საქართველოს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, ან მასთან დადებული ხელშეკრულება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ცვლილებას.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 28 ნოემბერის გადაწყვეტილებით, პარლამენტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტის განხილვას განაახლებს.
საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებკანონი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი თვის შემდეგ მიიღო, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების და საკუთრების უფლების შეზღუდვებს ითვალისწინებდა. ცვლილების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხრიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან არის ნებადართული. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შეიძლება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის სპეციალური ნებართვა გაიცეს, თუ ეს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ან ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება.
2013 წელს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მომზადდა, რომელიც ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიცვლილებებს გულისმობდა.
დაგეგმილი ცვლილებებით, უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით დადგენილ წესს დაარღვევს, სასჯელი სისხლის სამართლებრივი სანქციის ნაცვლად ადმინისტრაციული წესით განესაზღვრება და პირველ ჯერზე 400 ლარით დაჯარიმდება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთი ქმედება პირმა ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდინა. ცვლილებებით ასევე განისაზღვრება, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში კანონით აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობას საქართველოს მთავრობა გასცემს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება იქნას გაცემული, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლამდე, ისე შესვლის შემდეგ. შესაბამისად, დამრღვევი პირი, რომელსაც მთავრობა ნებართვას დარღვევის შემდეგ მისცემს, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.
კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, ნორმის ადრესატებმა უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა არ იციან, რომ საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვა მოქმედებს. შესაბამისად, ასეთი პირებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ უსამართლო სადამსჯელო ღონისძიებად აღიქმება.
რაც შეეხება ეკა ბესელიას განცხადებას, "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში მას არ დაუკონკრეტებია ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლისგანაც საქართველომ „საყვედური მიიღო“. ფაქტ-მეტრი ეკა ბესელიასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მისგან კომენტარი ვერ მივიღეთ. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ეკა ბესელიამ თავის კომენტარში ახსენა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ბიუროა,რომლის გადაწყვეტილებითაც, ორი წლის განმავლობაში საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით შეხვედრები არ უნდა გაიმართულიყო. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ოფიციალურმა თბილისმა ორ რუს დეპუტატს - ვასილ ლიხაჩოვსა და სერგეი კალაშნიკოვს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა სტატუსით დასწრებაზე უარი უთხრა, რადგან მანამდე ისინი „დამკვირვებელთა“ სტატუსით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ. ამ გადაწყვეტილებას PACE -ში რუსეთის დელეგაციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
არგუმენტი, რომელსაც კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" იშველიებს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგს ეხება, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის რეკომენდაციის მსგავსად, მხოლოდ ზოგადი ფრაზით შემოიფარგლება და არაფერს ამბობს იმაზე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი რა მიმართულებით უნდა გადაიხედოს. ორივე დოკუმენტის შემთხვევაში საუბარია ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების ხელშეწყობაზე და არა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის დროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შეცვლაზე. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტიპარლამენტში 2013 წლის თებერვალში შევიდა. მაშინ, როდესაც ასოცირების დღის წესრიგი მხოლოდ 2014 წლის ივნისში დამტკიცდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ აღნიშნული ცვლილების ინიცირების მიზეზი ასოცირების დღის წესრიგი ვერ იქნებოდა.
კიდევ ერთ რეკომენდაციაში, რომელიც ვენეციის კომისიისმიერ არის გაცემული, კომისია საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ იმ ცვლილებებს მიესალმა, რომელთა მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის შერბილებაა. კომისია იქვე აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევისთვის დაწესებული სანქციები მთლიანად დეკრიმინალიზებული ყოფილიყო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ქვეშ მოქცეულიყო.
დასკვნა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ცვლილების ზოგად რეკომენდაციებს მართლაც შეიცავს, თუმცა, ამ რეკომენდაციებში ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ ვაჭრობის, მოგზაურობისა და ინვესტიციების წახალისების ხელშეწყობაზეა საუბარი და არა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ადმინისტრაციული სასჯელით შეცვლაზე. ასევე, ვენეციის კომისია საკუთარ დასკვნაში საქართველოს მთავრობის ინიცირებულ ცვლილებებს იწონებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო შესვლისთვის დაწესებული სანქციების შერბილების რეკომენდაციას იძლევა.
თუმცა, ზემოაღნიშნულ რეკომენდაციებს არ აქვთ სავალდებულო ხასიათი და ისინი ვერც „საყვედურებად“ ჩაითვლებიან, როგორც ამას ეკა ბესელია ამტკიცებს.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ეკა ბესელიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.