TV პირველის" ეთერში, ფაქტ-მეტრის რუბრიკაში სტუმრობისას, თბილისის საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „თბილისში ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი 6-ჯერ არის გაზრდილი, განსაკუთრებით მოზარდებში“. ელისაშვილმა ონკოლოგიური დაავადებების გახშირება გარემოს დაბინძურებას დაუკავშირა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქსტატის მონაცემებით, რომელსაც სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აწვდის,საქართველოში სიმსივნით 46 800 ადამიანია დაავადებული. 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1.8-ჯერ არის გაზრდილი. 2002 წლის შემდეგ კი, სიმსივნით დაავადების მაჩვენებელი 6.6-ჯერ გაიზარდა.
გრაფიკი 1:
საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნეების რიცხოვნობა (ათასი) 2002-2015 წლებში
წყარო: საქსტატირაც შეეხება მოზარდებში (0-დან 14 წლამდე) სიმსივნის გავრცელებას, 2015
წლის მონაცემებით, სიმსივნით დაავადებულია 600 მოზარდი. ეს მაჩვენებელი უცვლელია წინა წელთან შედარებით. თუმცა, ბოლო 5 წლის განმავლობაში მოზარდებში სიმსივნის დიაგნოზი 6-ჯერ გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 2011 წლიდან ყოველწლიურად იზრდება.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,თბილისში 2015 წელს ონკოლოგიური დაავადებების 7 675 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3.5-ჯერ, 2013 წელთან შედარებით კი, 3.7-ჯერ არის გაზრდილი.
გრაფიკი 2:
ონკოლოგიური დაავადებების ახალი შემთხვევების რაოდენობა თბილისში
წყარო: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისიმსივნით დაავადებულთა რიცხვი განსაკუთრებით 2015 წელს გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, გასულ წელს სიმსივნეების ზრდის მაჩვენებლების ძირითადი ხვედრითი წილი უკავშირდება რეგისტრაციის გაუმჯობესებას. დაავადებათა სტატისტიკის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად, ასევე, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას და ექიმთან მიმართვიანობის ზრდას ასახელებენ.
2015წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში კიბოს პოპულაციური რეგისტრი დაინერგა, რაც გულისხმობს, რომ ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში მომუშავე სპეციალისტები ვალდებულები არიან ყველა პაციენტის მონაცემები კიბოს რეგისტრის ფორმაში შეიტანონ და ინფორმაცია ყველანაირ ავთვისებიან წარმონაქმნზე და ცენტრალური ნერვული სისტემის კეთილთვისებიან წარმონაქმნზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიაწოდონ. შესაბამისად, 2015 წელს აღრიცხვიანობის გაუმჯობესება მართლაც არის სიმსივნეების დიაგნოზის რიცხვის მკვეთრად ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.
კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015 წლის მონაცემებით,საქართველოში კიბოს ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია 30-დან 70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, შემთხვევათა 26% - 70 წელზე მეტ ასაკობრივ ჯგუფში. 0-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე შემთხვევათა მხოლოდ 1%, 15-დან 19 წლამდე მოზარდებზე კი 0.4% მოდის. შესაბამისად, ონკოლოგიური დაავადებები ბავშვებში და მოზარდებში ყველაზე ნაკლებადაა გავრცელებული.
2015წლის მონაცემებით, ახალი შემთხვევების უმეტესი ნაწილი არის სარძევე ჯირკვლის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების და სასუნთქი სისტემის და გულ-მკერდის ღრუს ორგანოების სიმსივნეები.
ალეკო ელისაშვილი სიმსივნეების გავრცელებას გარემოს დაბინძურებას უკავშირებას. ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი დაბინძურებული გარემო ნამდვილად არის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) მავნე ნივთიერებებით დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზად დაასახელა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, თბილისში ჰაერი ნამდვილად დაბინძურებულია. ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ატმოსფერულ ჰაერში გოგირდის დიოქსიდის, მტვრის და ოზონის საშუალოწლიური კონცენტრაცია გაიზარდა. ასევე, მცირედით გაიზარდა ნახშირჟანგის კონცენტრაცია. თბილისის გარემოს დაბინძურების 2015 წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჰაერში მტვრის კონცენტრაცია 0.77 მგ/მ3 იყო, რაც ზღვრულად დასაშვებ ნორმას (0.15 მგ/მ3) 5-ჯერ აღემატება. ჰაერში გოგირდის დიოქსიდის კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას 2.8-ჯერ აღემატება და 0.14 მგ/მ3-ს შეადგენს. ჰაერში ოზონის კონცენტრაცია 0.0469 მგ/მ3-ია, რაც ზღვრულად დასაშვებ ნორმას 1.5-ჯერ აღემატება. ჰაერში ნახშირჟანგის კონცენტრაცია 3.1 მგ/მ3-ს შეადგენს, ზღვრულად დასაშვები ნორმა კი 3 მგ/მ3-ია.
ჩვენ, ასევე, განცხადების ავტორს, ალეკო ელისაშვილს დავუკავშირდით. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ „მედიქლაბ ჯორჯიას“ ექიმების განცხადებას ეყრდნობოდა. ჩვენ ეს განცხადებამოვიძიეთ. „მედიქლაბ ჯორჯია“ აცხადებდა, რომ „ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში საგრძნობლად იმატა სიმსივნეების, სასუნთქი გზების დაავადებებისა და ალერგიების სიხშირემ“. ამის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად კი ეკოლოგიური პირობების გაუარესებას ასახელებდნენ. თავის მხრივ, „მედიქლაბ ჯორჯია“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას ეყრდნობოდა.
დასკვნა 2015წლის მონაცემებით, საქართველოში 46 800 ადამიანია სიმსივნით დაავადებული. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 1.8-ჯერ, ხოლო 2002 წელთან შედარებით 6.6-ჯერ არის გაზრდილი. სიმსივნის დიაგნოზის ყველაზე მაღალი ზრდა 2015 წელს დაფიქსირდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში მოზარდებში (0-დან 14 წლამდე) სიმსივნის დიაგნოზის რიცხვი 6-ჯერ გაიზარდა. კიბოს რეგისტრის მონაცემებით, 2015 წელს თბილისში ონკოლოგიური დაავადებების 7 675 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, 0-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის შემთხვევათა მხოლოდ 1%, 15-დან 19 წლამდე მოზარდებზე კი 0.4%.
ონკოლოგიურ დაავადებებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დავადება სასუნთქი სისტემის სიმსივნეებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით, დაბინძურებული ჰაერი მართლაც არის კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით კი, თბილისში ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებულია.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ 2015 წელს ონკოლოგიური დაავადებების მკვეთრი ზრდა მნიშვნელოვანწილად რეგისტრაციის გაუმჯობესაბამ განაპირობა. 2015 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში კიბოს პოპულაციური რეგისტრი დაინერგა. მანამდე კიბოს შემთხვევების სრულად (ერთიან სტატისტიკაში) აღრიცხვა ვერ ხერხდებოდა და არსებული სტატისტიკა არასრულყოფილი იყო. შესაბამისად, ამ ეტაპზე, 2015 წლის და წინა წლების სტატისტიკის ერთმანეთთან შედარება მართებული არ არის და ვერც იმას დავადგენთ, ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი რეალურად რამდენად გაიზარდა.
ამდენად, ალეკო ელისაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.