ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა, გიორგი პაპიაშვილმა ტელეკომპანია "თრიალეთის" ეთერში განაცხადა: „ხაშურის მუნიციპალიტეტში მოქმედი 13 საბავშვო ბაღიდან 2013 წლამდე რეაბილიტირებული იყო მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი. დღეის მდგომარეობით კი, გვაქვს 10 რეაბილიტირებული და ორი ახლადაშენებული საბავშვო ბაღი“.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ა(ა)იპ "ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანების" ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტში სულ 13 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს (2013 წელს 12 იყო). ა(ა)იპ "ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანება" ხაშურის #1 - #13 საბავშვო ბაღებს და სოფელ ვაყის საბავშვო ბაღს 2015 წლიდან აერთიანებს. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით,საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია 2012-13 წლებში იაპონიის საელჩოდან მიღებული გრანტისა და ადგილობრივი ბიუჯეტის (303 169 ლარი) თანადაფინანსებით განხორციელდა.
2014წელს ხაშურის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ საბავშვო ბაღს ჩაუტარდა - ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მე-10 და მე-11 საბავშვო ბაღები ნაწილობრივ, მე-12 საბავშვო ბაღი კი სრულად გარემონტდა.
2015წელს, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მე-9 საბავშვო ბაღის ნაწილობრივი, ასევე მე-13 და სოფელ ვაყის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. ამავე წელს, რეგიონული განვითარების ფონდის მიერ მე-4 საბავშვო ბაღი სრულად, ხოლო მე-3 და მე-5 საბავშვო ბაღები ნაწილობრივ განახლდა. სოფლის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში კი, სოფელ ქვიშხეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო და, როგორც მუნიციპალიტეტში განაცხადეს, ამ ეტაპზე მხოლოდ საძირკველია ჩაყრილი.
ხაშურის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ნინო სუხიაშვილის განმარტებით, იმ ბაღებში, სადაც სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, შეიცვალა შენობის როგორც გარე ფასადი, ისე ინტერიერი. ხოლო, რაც შეეხება ნაწილობრივ რეაბილიტაციას, იქ მხოლოდ ის სამუშაოები ჩატარდა, რომლებსაც კონკრეტული საბავშვო ბაღები საჭიროებდნენ. "სადაც სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, არ შეცვლილა მხოლოდ ავეჯი, დანარჩენი, იქნებოდა ეს შენობის სახურავი, შიდა კომუნიკაცია, იატაკი, კედლები თუ სხვა, ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდა. ნაწილობრივი რეაბილიტაციის დროს კი, ზოგიერთ საბავშვო ბაღში შეიცვალა სახურავი, ზოგან, მაგალითად მე-5 საბავშვო ბაღში (საბავშვო ბაღს ორი კორპუსი აქვს) ახლა მხოლოდ ერთი კორპუსი რემონტდება, სადაც მხოლოდ შიდა კომუნიკაცია შეიცვალა", - განაცხადა ნინო სუხიაშვილმა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მე-5 საბავშვო ბაღის ნაწილობრივი, ასევე მე-3 და მე-9 საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე, მიმდინარეობს სოფელ ქვიშხეთისა და ხაშურის მე-6 საბავშვო ბაღის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახალი ბაღის მშენებლობა.
დასკვნა
ხაშურის მუნიციპალიტეტში 2013 წლამდე #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. 2014 წელს რეაბილიტაცია სამ საბავშვო ბაღს, 2015 წელს კი, ექვს ბაღს ჩაუტარდა. დანარჩენი საბავშვო ბაღების (#5, #3 და #9 საბავშვო ბაღები) რეაბილიტაცია კი მიმდინარე წელსაც გრძელდებოდა. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სოფელ ქვიშხეთისა და ხაშურის მე-6 საბავშვო ბაღის დემონტაჟი მიმდინარეობს და მათ ნაცვლად ახალი ბაღები აშენდება.
შესაბამისად, გიორგი პაპიაშვილის განცხადება არის სიმართლე.