"რუსთავი 2"-ის ეთერში, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მისი პრეზიდენტობის პერიოდში დაწყებულ პროექტებთან დაკავშირებით განაცხადა:

„ბოლნისში დაწყებული გვქონდა კირხეს აღდგენა, ქუჩების ძველი ფასადების აღდგენა, ყველაფერი გააჩერეს, ბოლნისში ვაკეთებდით გერმანულ ცენტრს... მთლიანად ჩააგდეს ეს პროექტი“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

როგორც ფაქტ-მეტრს ბოლნისის გამგეობიდან აცნობეს, 2012 წლამდე ბოლნისში კირხეს (Die Kirche – ეკლესია გერმანულ ენაზე) რეაბილიტაცია არ დაწყებულა და არც შესაბამისი პროექტი დამტკიცებულა.

"ქალაქ ბოლნისში ისტორიული კირხეს რეაბილიტაცია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ფიზიკურად ვერ დაიწყებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კირხეს მრავალჯერ გადაკეთებულ ყოფილ შენობაში რამდენიმე ათეული წელია სპორტული სკოლა ფუნქციონირებს. იმისთვის, რომ 2012 წელს კირხეს აღდგენა დაეწყოთ, პირველ რიგში აუცილებელი იყო ახალი სპორტული კომპლექსის აშენება, რათა მომხდარიყო მოქმედი სპორტსკოლის სექციების გადატანა და შემდეგ დაეწყოთ კირხეს რეაბილიტაცია. ამისთვის, მინიმუმ საჭირო იყო შეექმნათ სპორტსკოლის მუშა პროექტი და თავად კირხეს რეაბილიტაციის პროექტი, რაც არ გაკეთებულა. ეს პროექტები ბუნებაში არ არსებობს“, - წერია ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომზადებულ საჯარო ინფორმაციაში. რაც შეეხება ბოლნისის ძველი ქუჩების ფასადების აღდგენას, გამგეობის ინფორმაციით, 2012 წელს გერმანული ისტორიული უბნის მხოლოდ ერთი კვარტლის რეაბილიტაციის სამუშაოები

დაიწყო. აღნიშნული სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციების (სანიაღვრე ქსელი, სასმელი წყალი, კანალიზაცია) და ერთი ქუჩის კეთილმოწყობის (ქვაფენილით მოპირკეთება, გარე განათება) სამუშაოებს მოიცავდა.

„2012 წელს განხორციელდა მხოლოდ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, 1 676 220 ლარის ღირებულებით, ხოლო 2013 წელს ქუჩის ქვაფენილით მოწყობისა და გარე განათების სამუშაოები - 1 757 730 ლარის ღირებულებით. 2015 წელს კი, მუნიციპალიტეტმა მიმდებარე ქუჩებზე განახორციელა სანიაღვრე ქსელების მშენებლობა. ხოლო, 2016 წელს მუნიციპალიტეტმა მერაბ კოსტავას ქუჩის გაგრძელებაზე, იქ სადაც 2015-2016 წლებში მოვაწყვეთ სანიაღვრე, საკანალიზაციო და სასმელი წყლის ახალი ქსელები, განახორციელა ქუჩის ქვაფენილით მოწყობის სამუშაოები. აგრეთვე მიმდინარეობს ათონის, წმინდა ნინოს, ლადო ასათიანისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები“, - აღნიშნულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებულ ინფორმაციაში.

ფაქტ-მეტრს გამოქვეყნებული აქვს სტატია ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ. სტატიაში მოყვანილია სატენდერო დოკუმენტები და კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები

 - ათონის, წმინდა ნინოს, ლადო ასათიანისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაციის თაობაზე.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ბოლნისში გერმანული ცენტრის შექმნის დაწყებაზეა საუბარი, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავსი ცენტრის მოწყობის მცდელობა არ ყოფილა და ამის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს.

ამ საკითხზე ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბოლნისის ორგანიზაციის წარმომადგენელს, გასულ არჩევნებზე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, სამირა ისმაილოვას ვესაუბრეთ. იყო თუ არა კირხეს რეაბილიტაცია დაწყებული, მას ზუსტად არ ახსოვს. რაც შეეხება ბოლნისის ძველი გერმანული კვარტლის რეაბილიტაციას, იგი აცხადებს, რომ ეს პროექტი სწორედ სააკაშვილის დროს დაიწყო და ახალი მთავრობის პირობებში გაჩერდა. ისმაილოვას ამის თაობაზე რაიმე დოკუმენტური მასალები არ გააჩნია, რადგან, მისი თქმით, საჯარო ინფორმაცია პასუხისმგებელმა უწყებებმა არ მიაწოდეს. რაც შეეხება გერმანული ცენტრის შექმნას, ისმაილოვა ამტკციებს, რომ  წინა ხელისუფლების დროს  ეს საკითხი დღის წესრიგში იდგა, თუმცა, როგორც მას ახსოვს, მხოლოდ იდეის სახით.

  დასკვნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, არც 2012 წლამდე და არც მას შემდეგ, კირხეს რეაბილიტაცია არ დაწყებულა. რაც შეეხება ქალაქის ძველი ქუჩების რეაბილიტაციას და ფასადების მოწყობას, 2012 წლამდე მიწისქვეშა კომუნიკაციები მხოლოდ ერთ კვარტალში მოეწყო, შემდეგ კი ძველი უბნების რეაბილიტაცია გაგრძელდა და ამჟამად ბოლნისის ძველ ქუჩებში ქვაფენილების დაგება მიმდინარეობს. რაც შეეხება ბოლნისში გერმანული ცენტრის მოწყობის გეგმებს, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წინა ხელისუფლების დროს ეს საკითხი მხოლოდ იდეის დონეზე განიხილებოდა.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია