მიმდინარე წლის 6 ნოემბერს ქალაქ რუსთავში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კამპუსი გაიხსნა. კამპუსის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო თანდათან საერთაშორისო განათლების ჰაბად ყალიბდება. მისივე თქმით, ძალიან ბევრი ქვეყნიდან, სტუდენტები საქართველოში განათლების მიღებით არიან დაინტერესებულნი. „საქართველოში დღეს 10 ათასამდე უცხოელი სტუდენტია და აქედან ნახევარზე მეტი განათლებას სწორედ სამედიცინო მიმართულებით იღებს. ეს ადამიანები ყოველწლიურად 50 მილიონამდე ლარის კონტრიბუციას ახდენენ საქართველოში, რაც საქართველოს განათლების სისტემისათვის სასიცოცხლოდ საჭირო რესურსია“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ფაქტ-მეტრმა პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

უცხოელი სტუდენტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ. უწყების ინფორმაციით,

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საბუთების განხილვის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივ-ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა, რომლის საფუძველზეც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება ენიჭებათ. უნივერსიტეტში ჩარიცხვას კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს.

განათლების სამინისტროს მონაცემებით,

მოცემული მომენტისთვის საქართველოში 87 სხვადასხვა ქვეყნიდან 9 226 უცხოელი სტუდენტია რეგისტრირებული. ყველაზე მეტი სტუდენტი შემდეგი ქვეყნებიდან არიან: ინდოეთი (1 629 სტუდენტი), ერაყი (1 237 სტუდენტი), აზერბაიჯანი (3 514 სტუდენტი), ნიგერია (942 სტუდენტი), თურქეთი (679 სტუდენტი), შრი-ლანკა (102 სტუდენტი).

უცხოელი სტუდენტების თითქმის ნახევარი (3 686 სტუდენტი) სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია, მას მოსდევს ბიზნესის ფაკულტეტი (1 195 სტუდენტი), ეკონომიკის ფაკულტეტი (488 სტუდენტი) და ა.შ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოში რეგისტრირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის საშუალო მონაცემები მოგვაწოდა. აღნიშნული მონაცემების გასაშუალოების გზით მიღებული მაჩვენებლის მიხედვით, თითოეული უცხოელი სტუდენტი სწავლის საფასურის სახით ყოველწლიურად დაახლოებით 4 120 ლარს იხდის. თუკი აღნიშნულ მონაცემს უცხოელი სტუდენტების რაოდენობაზე გავამრავლებთ, ვნახავთ, რომ წლის განმავლობაში უცხოელი სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის სახით გადახდილი ყოველწლიური საშუალო თანხა დაახლოებით 38 მლნ ლარს შეადგენს.

დასკვნა

მოცემული მომენტისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 87 სხვადასხვა ქვეყნიდან 9 226 სტუდენტია რეგისტრირებული. სტუდენტების თითქმის ნახევარი სამედიცინო ფაკულტეტზეა ჩარიცხული. უცხოელი სტუდენტების მიერ სწავლის საფასურის სახით ყოველწლიურად გადახდილი თანხა საშუალოდ 40 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სწავლის ყოველწლიური საფასურის საშუალო მონაცემიდან ჩვენ მიერ გამოთვლილი თანხაა და თითოეული უცხოელი სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის სახით გადახდილი ზუსტი თანხობრივი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, აღნიშნული მაჩვენებელი მითითებულ თანხაზე მეტი ან ნაკლები იყოს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი