საქართველოს მასშტაბით, არასრულყოფილი სტატისტიკის თანახმად, ქუჩაში დაახლოებით 1 500 ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს. ამ პრობლემის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშიც არის საუბარი. არასამთავრობო სექტორი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს არასაკმარისად მიიჩნევს.

ფაქტ-მეტრმა ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული სერვისებისა და პროგრამების შესწავლა გადაწყვიტა. აღნიშნული კატეგორიის ბავშვების პრობლემებზე ზრუნვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2011 წელს

დაიწყო. უწყების მიერ შემუშავებული პროექტის მიზანი ბავშვებზე ზრუნვის სისტემაში მათი ინტეგრირებაა.

პროექტის ფარგლებში სათათბირო საბჭო შეიქმნა, რომლის წევრებიც სოციალური მომსახურების სააგენტოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა და განათლების სამინისტროების, თბილისის მერიის, სახალხო დამცველის და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლები გახდნენ. ჩამოთვლილ უწყებებს შორის კომპეტენციები შემდეგნაირად ნაწილდება:

ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო

ყველაზე დაუცველი ბავშვების დასახმარებლად მიმართულ საქმიანობას კოორდინირებს და მეთვალყურეობს, სახელმწიფო კონცეფციის შემუშავებას ხელმძღვანელობს, მობილური ჯგუფების სოციალურ მუშაკებს ასაქმებს, გამოყოფს ფინანსურ რესურსებს პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს.

იუსტიციის სამინისტრო ბავშვთა რეგისტრაციის საკითხებს აწესრიგებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილურ ჯგუფებსა და პოლიციას შორის მჭიდრო თანამშრომლობას ამყარებს. უზრუნველყოფს პოლიციის ინფორმირებას ყველაზე დაუცველი და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების შესახებ. ფინანსთა სამინიტროს სტაბილური სახელმწიფო დაფინანსების პასუხისმგებლობა აკისრია. განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრო ბავშვების ოფიციალურ საგანმანათლებლო სისტემაში ჩარიცხვას უზრუნველყოფს, მუშაობს საგანგებო საგანმანათლებლო საჭიროებათა მქონე ბავშვებთან, აფასებს მათ უნარებს, ამზადებს მათთვის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს და ბავშვების მიღწევებს სკოლაში მონიტორინგს უწევს. თბილისის მერია გამოყოფს შენობებს მომსახურების მიმწოდებელთათვის და უზრუნველყოფს, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს თბილისში ხელი მიუწვდებოდეთ ყველა იმ მიმართულებაზე, რომლის მიღების უფლებაც მათ აქვთ.

2016 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია მოწესრიგდება, გაადვილდება სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა. ამასთან, აღნიშნული სეგმენტის უფლებების დაცვისა და მათ მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობის შემთხვევაში, გაძლიერდება სოციალური მუშაკის როლი. კერძოდ, სოციალურ მუშაკს უფლება მიენიჭა, რომ ბავშვთა მიმართ ნებისმიერი ფორმით განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში მოძალადისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღოს.

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის მოქმედი სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მივმართეთ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს უფროსის, ხათუნა ჯიქიას განმარტებით, ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ამ მომენტისთვის სააგენტოს მხოლოდ მობილური ჯგუფების მიერ იდენტიფიცირებული ბავშვების შესახებ აქვს ინფორმაცია. მისი თქმით, 2014 წლიდან დღემდე მობილური ჯგუფების მიერ 692 ბავშვია იდენტიფიცირებული. მათგან სახელმწიფო პროგრამაში მხოლოდ 135 ბავშვია ჩართული. კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხერხდება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ზუსტი სტატისტიკის დადგენა, ხათუნა ჯიქია პასუხობს, რომ საკითხი კომპლექსურ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვი თავად არიდებს თავს კომუნიკაციას, მობილურ ჯგუფებს გაურბის და ვინაობის გამხელას ერიდება. ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში კი, პრობლემა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არქონაა, რაც მათი იდენტიფიცირების თვალსაზრისით წინააღმდეგობებს ქმნის. ასევე, მათი რაოდენობის მუდმივი ზრდა სრული სტატისტიკის წარმოებას აფერხებს.

ხათუნა ჯიქიას განმარტებით, მათი სახელმწიფო პროგრამაში სრულად ჩართვა გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული და ვერ მოხერხდება. გარდა იმისა, რომ ამის რესურსი  არ არსებობს, ბევრ ბავშვს სპეციალური დაწესებულებების რუტინასთან, წესებთან და რეჟიმთან შეგუება უჭირს. „მათ უნდა იარონ სკოლაში, ესაუბრონ ფსიქოლოგებს, სხავდასხვა აქტივობით დაკავდნენ, რისთვისაც ისინი მზად არ არიან. ამიტომ, ისეთ ცენტრებში სიარულს ამჯობინებენ, სადაც მხოლოდ მათი საკვებით უზრუნველყოფა ხდება, დამატებითი მოთხოვნებისა და შეზღუდვების გარეშე“, - ამბობს ხათუნა ჯიქია.

მისივე თქმით, მოზარდებს შეუძლიათ ე.წ. დღის ცენტრების მომსახურებით ისარგებლონ, სადაც ბავშვები საღამოს 6 საათამდე რჩებიან. დღის ცენტრში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ბავშვები სხვადასხვა ტიპის აქტივობებით არიან დაკავებულნი, სარგებლობენ კვებით და ფსიქოლოგის მომსახურებით. ასევე გათვალისწინებულია ინკლუზიური განათლების კომპონენტიც და მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ბავშვები ინტეგრირებულები იყვნენ. ამასთან, ფუნქციონირებს თავშესაფრები, სადაც სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული სერვისები იგივეა. ხათუნა ჯიქიას განმარტებით, მოცემული მომენტისთვის დღის ცენტრები და თავშესაფრები თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშია განთავსებული. ქუთაისში ერთი დღის ცენტრი მოქმედებს და მალე თავშესაფარიც გაიხსნება. რუსთავში - ერთი დღის ცენტრი და ერთი თავშესაფარი, თბილისში - სამი თავშესაფარი და 6 დღის ცენტრი. თბილისსა და ქუთაისში დღის ცენტრები გათვლილია 20-20 ბენეფიციარზე, რუსთავში კი 25 ბენეფიციარზე. ასევე, მოქმედებს World Vision-ის სადღეღამისო თავშესაფრებიც, რომლებიც 8-15 ბავშვზეა გათვლილი. თავშესაფარი, რომელიც ქუთაისში უნდა გაიხსნას, 10 ბავშვს მოემსახურება.

კითხვაზე, რატომ მხოლოდ ქუთაისი, თბილისი და რუსთავი? ხათუნა ჯიქია პასუხობს - „პირველ ეტაპზე შეირჩა ის ადგილები, სადაც უფრო მეტი ასეთი ბავშვი ფიქსირდება. ახლა გვინდა, რომ ბათუმი დავამატოთ“.

რაც შეეხება მობილურ ჯგუფებს, ხათუნა ჯიქიას განმარტებით, საქართველოს მასშტაბით, ჯამში სულ 4 მობილური ჯგუფი მუშაობს. მათგან 3 თბილისში, რომელიც რუსთავსაც ფარავს, და ერთი ქუთაისში. თითოეულ მობილურ ჯგუფს ჰყავს ერთი სოციალური მუშაკი, რომელიც მხოლოდ ე.წ. ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს ემსახურება. ჯგუფში ასევე შედის ფსიქოლოგი, მძღოლი და თანასწორ-განმანათლებელი.

ხათუნა ჯიქიას განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის შემდეგ, რომელიც ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის დოკუმენტაციის მოწესრიგებას გულისხმობს, პირადობის მოწმობის არქონის პრობლემა სოციალური მომსახურების სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფ სამ ბავშვს მოუწესრიგდა. მისივე თქმით, პროგრამის 2016 წლის ბიუჯეტი 810 000 ლარია და ეს მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით გასამმაგებულია.

სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი პროვაიდერის „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების მენეჯერი მაია მგელიაშვილი რადიო "თავისუფლებასთან"

საუბარში განმარტავს, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ბოლოს სამი წლის განმავლობაში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად გადადგმული ნაბიჯებისა, ის სერვისები, რომლებსაც სახელმწიფო მათ სთავაზობს, საკმარისი არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე კი, მიიჩნევს,

რომ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მთავარი პრობლემაა არა სოციალური სიდუხჭირე, არამედ დანაშაულებრივ მოქმედებათა შედეგია. „ქუჩაში მყოფი ბავშვების დიდი ნაწილი იძულებით მუშაობს, რასაც მათ მშობლები ან მესამე პირები აიძულებენ. მისივე თქმით, დოკუმენტების უქონლობა, რასაც სახელმწიფო ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემად ასახელებს, რეალურად ერთ-ერთი მცირე პრობლემაა და დოკუმენტების უქონლობა ბავშვისთვის რაიმე სერვისის მიწოდებაზე უარის თქმის მიზეზი არ უნდა ხდებოდეს.

ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ყურადღება გამახვილებულია სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშშიც.

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ამგვარი ბავშვების ძალადობისა და უგულვებელყოფისაგან დაცვის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება. ასევე, კვლავ პრობლემურია მათი განათლებისა და ჯანდაცვის უფლების უზრუნველყოფა, ასევე მათი იდენტიფიცირება და პირადი დოკუმენტაციის მოწესრიგება.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რიგ შემთხვევებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ თანამშრომლობს მიუსაფარ ბავშვთა უზრუნველყოფის ფარგლებში მოქმედ მობილურ ჯგუფებთან. ამასთან, განსაკუთრებით პრობლემურია რეფერირების პროცედურების განხორციელება, რაც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებთან მუშაობას და მათ საჭირო მომსახურებებში განთავსებას ართულებს.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ბოლო წლებში ხელისუფლების მხრიდან გადადგმული გარკვეული დადებითი ნაბიჯებისა, სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული სერვისები, ასევე სახელმწიფო პროგრამის მწირი ბიუჯეტი, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემის აღმოფხვრისათვის საკმარისი არ არის და ამ მიმართულებით ხელისუფლებას უფრო ქმედითი და შედეგიანი ნაბიჯების გადადგმა მართებს.

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია