2016

წლის 4 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, რითიც ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ექსპრემიერის საქმის ექსპერტი ლევან ჩაჩუა უდანაშაულო იყო.

პროკურატურა ლევან ჩაჩუას სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ედავებოდა და მიიჩნევდა, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრებზე ექსპერტიზა 2005 წელს არაჯეროვნად განხორციელდა. შესაბამისად, მცდარი იყო დასკვნა, რომ გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა იყო. პროკურატურის საჩივარზე უარის თქმის შემდეგ, იურისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გაიზიარა ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია და ექსპრემიერის გარდაცვალების მიზეზად მხუთავი აირის გაჟონვა მიიჩნია. აღნიშნულ საქმეზე 2015 წელს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის საფუძველზე ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილ წევრებს - მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძეს წარედგინა. დღეის მდგომარეობით, საპატიმრო ორივე მათგანმა დატოვა.

უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სამართლებრივი მნიშვნელობის გარდა პოლიტიკური მნიშვნელობაც გააჩნია. ჟვანიას საქმე მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა შეთქმულების თეორიის და პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალებას წარმოადგენდა. პოლიტიკური ინტერპრეტაციებით ხშირად დღევანდელი ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრებიც გამოირჩეოდნენ, ამიტომ ფაქტ-მეტრმა ამ საქმეზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები შეკრიბა. ჩვენ მიერ მოძიებულ განცხადებებს, დღეის მდგომარეობით, პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია.

  • არჩილ კბილაშვილი - "ზურაბ ჟვანიას საქმეში ნამდვილად არის ახალი მტკიცებულებები, ახალი გარემოებები და, შესაბამისად, ახალი ვერსია".
არჩილ კბილაშვილმა ეს განცხადება 2013

წლის 17 ოქტომბერს გააკეთა, მაშინ ის საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა. ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ექსპრემიერის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიისგან რადიკალურად განსხვავებული სცენარის არსებობა არ გამორიცხა, რაც, მისი თქმით, მტკიცებულებების და გარემოებების „მრავალფეროვნებით“ იყო გამოწვეული.

ამ საქმის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა სხვა დროსაც ისაუბრა. 2013 წლის 26 ივნისს, გაზეთ „ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში მან განაცხადა,

 რომ საზოგადოება სულ მალე მიიღებდა პასუხს კითხვაზე - მოკლეს თუ არა ზურაბ ჟვანია. „დღეს რა კითხვაც აფიქრებს და აწვალებს საზოგადოებას - იყო ეს მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - ამ კითხვაზე მალე მკაფიოდ მიიღებთ პასუხს“, - აცხადებდა კბილაშვილი.

  • ბიძინა ივანიშვილი - "სააკაშვილის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, მათ შორის ზურაბ ჟვანიას საქმეზე".
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრის რანგში, 2013 წლის 22 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში

გააკეთა.

ჟვანიას გარდაცვალების შესახებ მან უფრო ვრცლად სამოქალაქო სექტორში გადანაცვლების შემდეგ ისაუბრა. გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას

 ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „არის ეჭვი, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოკლულია. ეჭვის საფუძველს იძლევა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და თუნდაც ის, რაც ხდებოდა ვაზაგაშვილის საქმეში“.

  • ეკა ბესელია - "შესაძლებელია, ჟვანიას გარდაცვალების სრულიად სხვა ვერსია გამოიკვეთოს".
2012 წლის  27 ნოემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ე.წ. „გახმაურებულ საქმეებზე“ ისაუბრა

და აღნიშნა, რომ სხვადასხვა საქმესთან ერთად ექსპრემიერის გარდაცვალების შემთხვევაც ხელახლა უნდა გამოძიებულიყო, ვინაიდან პროცესი ბურუსით იყო მოცული.

ეკა ბესელიამ ამ საკითხზე განცხადება მოგვიანებითაც გააკეთა. მან არ გამორიცხა,

 რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ საქმეში არსებული ნივთმტკიცებების ფალსიფიცირება და დანაშაულის კვალის წაშლა მოახდინა. აღნიშნული საკითხის შესახებ რაიმე კონკრეტული ფაქტი არც მას და არც პროკურატურას მოგვიანებით არ გამოუქვეყნებია.

  • ირაკლი ღარიბაშვილი - "ვუშვებ შესაძლებლობას, რომ საქმე თავდაყირა დადგეს".
თანაგუნდელების მსგავსად, ჟვანიას საქმის ხელახალი გამოძიების შესახებ განცხადება კიდევ ერთმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, მან საქმის „თავდაყირად დადგომის“ შესაძლებლობაც არ გამორიცხა, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალები არ დაუსახელებია.

მთავრობის მეთაურად ყოფნის დროს ღარიბაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების შესახებ არაერთი განცხადება გააკეთა. მათგან ყველაზე საინტერესოდ კი, შეიძლება ინტერნეტში ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ფოტომასალის გავრცელების შემდეგ გაკეთებული შეფასება მივიჩნიოთ. „პროკურატურა ინტენსიურად გააგრძელებს მუშაობას და ძალიან მალე გახდება ნათელი, რასთან გვქონდა საქმე. შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ  ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთება“, - ასე გამოეხმაურა

ირაკლი ღარიბაშვილი მაშინ ამ საკითხს.

საეჭვო დეტალები, რომლებზეც ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ ხშირად ამახვილებდა ყურადღებას, დღემდე გაურკვეველი რჩება, ვინაიდან აღნიშნული საკითხის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არც თავად პრემიერს და არც პროკურატურას არ გაუვრცელებია.

  • გოგლა ჟვანია - "ზურაბ ჟვანია მოკლეს და ამას პროკურატურა დაამტკიცებს".
აღნიშნულ საკითხზე ყველაზე რადიკალური მოსაზრებები გარდაცვლილი ექსპრემიერის ძმას და კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, გოგლა ჟვანიას გააჩნია. მედიასთან საუბარში მას არაერთხელ განუცხადებია, რომ  ის არ ენდობა ოფიციალურ ვერსიას და მიიჩნევს, რომ მისი ძმა პოლიტიკური მოტივების გამო მოკლეს. გოგლა ჟვანიამ აღნიშნულ თემაზე განცხადება რამდენიმე დღის წინაც გააკეთა და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ პროკურატურის სარჩელის წარმოებაში არმიღება და ლევან ჩაჩუას გამართლება მისთვის გაუგებარია. მისი თქმით, მესამე ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არსებითად არაფერს ცვლის.