მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი აბესაძემ საქართველოში კორუფციის თემაზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა: „აღარაფერს ვამბობ ქრთამის აღების იმ გახშირებულ შემთხვევებზე, რომელიც აისახა კიდეც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" გლობალური კორუფციის ბარომეტრის კვლევაში, სადაც მოსახლეობის კრიტიკულად ცოტა - 26%-იანი მასა ფიქრობს, რომ ხელისუფლება ეფექტურად ებრძვის კორუფციას. მაშინ, როდესაც, 2011 წლის მსგავსი კვლევით, მოსახლეობის 77% ფიქრობდა, რომ კორუფციას ხელისუფლება წარმატებით უმკლავდებოდა“.
ფაქტ-მეტრი ირაკლი აბესაძის ამ განცხადებით დაინტერესდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" გლობალური კორუფციის ბარომეტრი არის საზოგადოებრივი აზრის ყველაზე ფართო კვლევა, რომელიც ასახავს მოსახლეობის გამოცდილებას კორუფციასთან დაკავშირებით. გლობალური კორუფციის ბარომეტრის 2016 წლის რეგიონალური კვლევაევროპისა და ცენტრალური აზიის 42 ქვეყანაში ჩატარდა და გამოკითხვაში მონაწილეობა თითქმის 60 000-მა მოქალაქემ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კვლევა 2002 წლიდან ტარდება და კვლევის ფარგლებში დასმული შეკითხვები ყოველ წელს ერთმანეთის იდენტური არ არის. მაგალითად, 2011 წელს ჩატარებულ კვლევაშიდასმულ შეკითხვას, თუ რამდენად ეფექტურად ებრძვის ხელისუფლება კორუფციას, რესპონდენტები შეფასებას შემდეგი პასუხებიდან გამომდინარე აკეთებდნენ: ა) არაეფექტურად - 12%, ბ) არც თუ ისე ეფექტურად - 11% და 3) ეფექტურად - 77%. რაც შეეხება 2016 წელს ჩატარებულ კვლევას, შეფასება შემდეგი პასუხების მიხედვით მოხდა: 1) არ ვიცი - 22%, 2) საკმარისი არ მსმენია - 10%, 3) ძალიან კარგად - 3%, 4) კარგად - 23% 5), ცუდად - 24% და 6) ძალიან ცუდად - 17%. გამოკითხულთა ერთმა პროცენტმა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
წყარო: "საერთაშორისო გამჭვირვალობა"
შესაბამისად, 2011 წლისა და 2016 წლის კვლევების ამ ასპექტის პირდაპირი შედარება ვერ მოხერხდება. თუმცა, იმის თქმა შესაძლებელია, რომ 2011 წელს გამოკითხულთა 12% სახელმწიფოს ბრძოლას კორუფციასთან უარყოფითად აფასებდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია და 41% შეადგენს (თუ გავაერთიანებთ შეფასების ორ კატეგორიას - ცუდს 24% და ძალიან ცუდს 17%). რაც შეეხება გამოკითხულთა იმ ოდენობას, რომლებიც დადებითად აფასებენ სახელმწიფოს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, 2011 წელს გამოკითხულთა 77% თვლიდა, რომ სახელმწიფო კორუფციას ეფექტურად ებრძვის, ხოლო 2016 წელს 26% (თუ გავაერთიანებთ შეფასების ორ კატეგორიას კარგსა 23% და ძალიან კარგს 3%).
კორუფციის გლობალური ბარომეტრი ასევე იკვლევს კორუფციის მაჩვენებელს სახელმწიფო სერვისებში. 2016 წლის კვლევის თანახმად საქართველოში გამოკითხულთა 58% ჰქონდა შეხება საჯარო მომსახურების სფეროსთან. აქედან 7%-ს საჯარო მომსახურების მისაღებად ქრთამის გადახდა მოუწია, ეს მაჩვენებელი 2013 წელს 4% შეადგენდა.
მთლიან მოსახლეობაში მათი წილი, ვისაც ბოლო 12 თვის განმავლობაში ქრთამი მიუცია, 4%-ს შეადგენს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ევროპისა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებს შორის ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია და უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ შემდეგ ქვეყნებს აქვთ: გერმანია, სლოვენია, ესპანეთი, კვიპროსი და პორტუგალია.
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა
რაც შეეხება 2011 წელს, კორუფციის გლობალური ბარომეტრი ამ წელს კორუფციის მაჩვენებელს არც სახელმწიფო სერვისებში და არც ქრთამის მიცემის ფაქტების კუთხით არ იკვლევდა.
დასკვნა "საერთაშორისო გამჭვირვალობის" გლობალური კორუფციის ბარომეტრის 2016 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, სახელმწიფო სერვისებში კორუფციის მაჩვენებელმა 2013 წელთან შედარებით მოიმატა (3% პუნქტით) და 7% შეადგინა. ირაკლი აბესაძე მართალია, როდესაც ქრთამის მიცემის შემთხვევების მატებაზე მიუთითებს. თუმცა, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით ეს შედეგი კვლავაც კორუფციის დაბალი დონის მაჩვენებელია.
განსხვავებული სიტუაციაა სახელმწიფოს ანტიკორუფციული პოლიტიკის შეფასებაში. მიუხედავად იმისა, რომ 2011 და 2016 წლის კვლევებში შეფასების განსხვავებული კატეგორიები იყო, შესაძლებელია ითქვას, რომ მოსახლეობას სახელმწიფოს ანტიკორუფციული პოლიტიკა არ მოსწონს. თუ 2011 წელს გამოკითხულ მოქალაქეთა 77% სახელმწიფოს პოლიტიკას დადებითად აფასებდა, 2016 წლისთვის ეს მაჩვენებელი 26%-მდე ჩამოვიდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.