ნოემბერს მთავრობამ პარლამენტში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტი წარადგინა. მომავალი წლის ბიუჯეტზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ისეთი საკითხები, როგორიცაა: ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი, ლარის კურსი, სახელმწიფო ვალი, ჯანდაცვა, სოციალური დახმარებები, პენსია, ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ა.შ.
2017წელს მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, აქამდე არსებული 3%-დან 2.7%-მდე შეამცირა. სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები კი გაისად 4%-ით გაიზრდება.
ბიუჯეტის პროექტში 2017 წლის ლარის სავარაუდო კურსად 2.50 არის დაფიქსირებული. თუმცა, კურსი ამ ნიშნულს უკვე აღემატება.
2017წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 11.5 მილიარდი ლარი იქნება. აქედან 8.8 მილიარდი საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რაც 2016 წლის საგადასახადო შემოსავლების გეგმას 840 მლნ ლარით აღემატება. მოგების გადასახადის რეფორმის გამო, 2017 წლის ბიუჯეტში ამ გადასახადით 300 მლნ ლარით ნაკლები შემოვა. თუმცა, მთავრობა საგადასახადო შემოსავლების ჯამური მოცულობის ზრდას საშემოსავლო გადასახადიდან 484 მლნ ლარით და აქციზის გადასახადიდან 615 მლნ ლარით მეტი შემოსავლის მიღებით გეგმავს. აქციზიდან შემოსავლების ზრდა ეფუძნება მთავრობის გეგმას პირველი იანვრიდან სიგარეტზე, საწვავზე და ავტომობილებზე აქციზის ზრდის თაობაზე. ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გადასახადი 60 თეთრით იზრდება, ხოლო 1 ტონა ბენზინზე 250 ლარით. ეს სიგარეტის და საწვავის გაძვირებას გამოიწვევს.
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს რაც შეეხება, ე.წ. ბიუროკრატიული (ადმინისტრაციული) ხარჯები 57 მლნ ლარით (2.3%-ით) იზრდება. ადმინისტრაციული ხარჯების ზრდას საქონლისა და მომსახურების შესაძენად მეტი თანხის გამოყოფა განაპირობებს. ცალკე აღებული სახელფასო ფონდი 50 მლნ ლარით მცირდება. ადმინისტრაციული ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 29%-დან 27.8%-მდე მცირდება.
156მლნ ლარით (59%-ით) იზრდება სუბსიდიები. სოციალური ხარჯები 253 მლნ ლარით იზრდება, თუმცა 2016 წლის გეგმა დაახლოებით 100 მლნ ლარით მოიმატებს და შესაბამისად, 2017 წელთან სხვაობა შემცირდება. გაზრდილი სოციალური ხარჯები უკვე გაზრდილი პენსიის და ჯანდაცვის ხარჯების დაფარვას მოხმარდება. პენსიის ზრდა 2017 წელს არ იგეგმება და ის თვეში 180 ლარის ოდენობით დარჩება.
ინფრასტრუქტურული (არაფინანსური აქტივების ზრდა) ხარჯები 250 მლნ ლარით (33%-ით) იზრდება და მილიარდ ლარს მიაღწევს.
ბიუჯეტის დეფიციტი (ვალდებულებების ცვლილება) 436 მლნ ლარით იზრდება და 1267 მლნ ლარი იქნება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-ია. ბიუჯეტის მთლიანი სალდო (რომლის მაქსიმალურ ზედა ზღვრად კანონით 3%-ია დადგენილი) - 541 მლნ ლარი (მშპ-ის 1.5%) იქნება.
ბიუჯეტის დეფიციტი 962 მლნ ლარის საგარეო და 305 მლნ ლარის საშინაო ვალის აღებით დაფინანსდება. ეს ნიშნავს, რომ 2017 წელს საქართვლოს სახელმწიფო ვალი 1 მილიარდ 267 მლნ ლარით გაიზრდება.
სახელმწიფო უწყებების დაფინანსების ცვლილებას რაც შეეხება (ცხრილი 1), ყველაზე მეტად (308 მლნ ლარით) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება. შემდეგ მოდის ეკონომიკის სამინისტრო 275.4 მლნ-იანი ზრდით. ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდას ანაკლიის პორტისთვის მიწების გამოსყიდვა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსების მატება განაპირობებს.
ყველაზე მეტად (63 მლნ ლარით) სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი მცირდება, რაც ძირითადად უფასო ხვნა-თესვის პროგრამების გაუქმებითაა გამოწვეული. ასევე, არ იგეგმება ყურძნის და ციტრუსის ფასის სუბსიდირება. პრობაციის და სასჯელაღსრულების სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 15 მლნ ლარით მცირდება.
ცხრილი 1:
სახელმწიფო უწყებები რომელთა დაფინანსება მნიშვნელოვნად იცვლება, მლნ ლარი
უწყებები | 2016 | 2017 | სხვაობა |
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო | 950 | 1258 | 308 |
ეკონომიკის სამინისტრო | 95.1 | 370.5 | 275.4 |
ჯანდაცვის სამინისტრო | 3162 | 3416 | 254 |
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 978 | 1161 | 183 |
თავდაცვის სამინისტრო | 670 | 748 | 78 |
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო | 90 | 137 | 47 |
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური | 100 | 118 | 18 |
საერთო სასამართლოები | 52 | 69 | 17 |
მთავრობის ადმინისტრაცია | 20 | 16.5 | -3.5 |
გარემოსა დაცვის სამინისტრო | 42.1 | 35.7 | -6.4 |
ფინანსთა სამინისტრო | 90 | 82.3 | -7.7 |
იუსტიციის სამინისტრო | 70.5 | 62 | -8.5 |
შინაგან საქმეთა სამინისტრო | 595 | 585 | -10 |
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო | 153.8 | 139 | -14.8 |
სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 321 | 258 | -63 |
2017
წლის ბიუჯეტში ისეთი ცვლილებები არის ჩადებული, რომელთა ნაწილი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ხელს შეუწყობს და ნაწილი პირიქით, შეანელებს. კერძოდ, ხელს შეუწყობს მოგების გადასახადის წესის ცვლილება, ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდა და მთლიან ხარჯებში ადმინისტრაციული ხარჯების წილის შემცირება. ნეგატიური გავლენა კი აქციზის გადასახადის ზრდას ექნება. ასევე, თუ გაზრდილი დეფიციტის მენეჯმენტი სწორად ვერ განხორციელდა, ანუ დეფიციტის ტვირთი თვეების მიხედვით არათანაბრად გადანაწილდა (ისე როგორც გასულ წლებში ხდებოდა), ეს ლარის გაუფასურებას და მაკროეკონომიკური სტაბილურობის დარღვევას გამოიწვევს. ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენა ექნება სახელმწიფო ვალის ზრდასაც, თუ ის მშპ-თან მიმართებაშიც გაიზრდება (ეს ლარის კურსზე და ეკონომიკური ზრდის ტემპზე არის დამოკიდებული). შესაბამისად, საბოლოო ჯამში დადებითი მხარეები გადაწონის თუ უარყოფითი, ეს ეკონომიკაში მიმდინარე სხვა პროცესებზე და ბიუჯეტის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.
2017 წლის ბიუჯეტი ე.წ. „ლარიზაციის“ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, რადგან დოლარში გაცემული სესხების ლარში გადაყვანის სუბსიდირება ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს. თავად „ლარიზაცია“ მიმართულია იმისკენ, რომ მომავალში ლარის გაუფასურებამ მოსახლეობა ნაკლებად დააზარალოს, მაგრამ მისი უარყოფითი მხარე ისაა, რომ ეკონომიკურ განვითარებაზე ნეგატიურად იმოქმედებს. მოსალოდნელია სესხებზე პროცენტის ზრდა, რასაც ეკომიკურ ზრდის ტემპზე ნეგატიური გავლენა ექნება.