25 ნოემბერს, საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ოთარ კახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ გიორგი მღებრიშვილს სისხლის სამართლის დანაშაულის სტატისტიკის გამოუქვეყნებლობის მიზეზები ჰკითხა. „დანაშაულის სტატისტიკა საქსტატს მიეწოდება, რომელიც კვარტალში ერთხელ აქვეყნებს სრულიად“, - განაცხადა პასუხად გიორგი მღებრიშვილმა.

ოთარ კახიძის განცხადებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე შესვლით მარტივად გადამოწმებადია.

„თქვენ საუბრობთ ჩასაფრებულის პოზიციიდან, კრიმინალი მომატებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საქსტატს სამ თვეში ერთხელ მიეწოდება სრული ინფორმაცია. ოფიციალურ გვერდზე რატომ არ დევს, ეს არ ვიცით. თქვენ თუ გნებავთ შეგიძლიათ გამოითხოვოთ, ეს ინფორმაცია საჯაროა და მოგეწოდებათ“, - განაცხადა მღებრიშვილმა (იხ. ბმული).

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადებები გადაამოწმა.

სისხლის სამართლის სტატისტიკის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" მიმართ პრეტენზია ოპოზიციამ ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს გამოთქვა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სისხლის სამართლის დანაშაულების დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება 2013 წლის მარტიდან 2014 წლის ივნისამდე პერიოდში შეჩერებული იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს ამის ვალდებულება არ გააჩნდა და სტატისტიკის ყოველთვე გამოქვეყნება მხოლოდ მათ კეთილ ნებას წარმოადგენდა. მთავრობის #219 დადგენილების თანახმად, ინფორმაციის საიტზე განთავსების ვალდებულება ნამდვილად არ ასებობს. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ თანახმად, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სამინისტრო ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გასცეს. აღსანიშნავია, რომ ფაქტ-მეტრმა აღნიშნული ინფორმაცია 2013-2014 წლებში არაერთხელ გამოითხოვა, თუმცა ჩვენი განცხადება ან უპასუხოდ რჩებოდა, ან სამინისტროსგან არასრულ ინფორმაციას ვიღებდით. ამ პერიოდში, ფაქტ-მეტრის გარდა დეტალური ინფორმაციის მიღება ვერც სააგენტო „ნეტგაზეთმა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ მოახერხეს (იხ. ფაქტ-მეტრის კვლევა).

2014 წლის ივნისიდან, "შსს-ს კეთილი ნებით", ყოველთვიური სტატისტიკის გამოქვეყნება კვლავ გაგრძელდა. თუმცა, აღნიშნული პრაქტიკა 2016 წლის იანვრის თვის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგშეწყდა. 2016 წლის 8 ნოემბერს, ფაქტ-მეტრმა კვლავ გამოითხოვა სტატისტიკური მონაცემები (მათ შორის 2016 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკური მონაცემები), თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარ ვებგვერდზე სტატისტიკის გამოქვეყნების ვალდებულება არ გააჩნია, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვანია სამინისტროს მიერ გაფორმებული მემორანდუმი, რომლითაც მან სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის მონაცემების გაგზავნის ვალდებულება იკისრა. კერძოდ, 2010 წლის 30 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 უწყებასთან (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, უზენაესი სასამართლო, სასჯელაღსრულების სამინისტრო, სტატისტიკის ეროვნული სამსახური) ერთად „სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ“ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც ანგარიშის გამოცემა ყოველთვიურად უნდა მოხდეს. შესაბამისად, თითოეულმა უწყებამ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მონაცემები ყოველთვიურად უნდა მიაწოდოს.

2012 წლის იანვრიდან, ერთიან ანგარიშში (რაზეც დღევანდელ სხდომაზე ოთარ კახიძეს გიორგი კვირიკაშვილმაც მიუთითა), შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არ არის ასახული. დაახლოებით ერთი თვის წინ ამ საკითხზე ფაქტ-მეტრი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დაუკავშირდა და ამ კონკრეტული სტატისტიკის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს ესაუბრა. თანამშრომლის განცხადებით, ამ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს მათთვის მონაცემები არ მიუწოდებია. საქსტატში კონკრეტული მიზეზები ვერ დაგვისახელეს, მათი ინფორმაციით, შესაძლოა პრობლემა აღრიცხვის სხვა მეთოდზე გადასვლამ გამოიწვია.

აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, ფაქტ-მეტრმა 8 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. ჩვენ იმ მიზეზების განმარტება მოვითხოვეთ, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

დასკვნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე სისხლის სამართლის დანაშაულთა სტატისტიკა 2016 წლის იანვრის შემდეგ არ გამოუქვეყნებია.

აღნიშნულ ინფორმაციას 2012 წლის იანვრიდან აღარც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 2010 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქსტატისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება იკისრა. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სამინისტრო თავის მხრივ ამ ვალდებულებას ასრულებს და მისთვის უცნობია, რატომ არ ხდება საქსტატის მხრიდან სტატისტიკის გამოქვეყნება. საქსტატი კი, ერთიან ანგარიშში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის გამოუქვეყნებლობას ტექნიკურ პრობლემას უკავშირებს.

ფაქტ-მეტრი აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებას ამ დრომდე ელოდება.

ამ ეტაპზე (საქსტატისა და შსს-სგან განახლებული ინფორმაციის მიღებამდე), ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ გიორგი მღებრიშვილის განცხადება არის მცდარი,ხოლო ოთარ კახიძის განცხადება -სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი