„სამი წლის წინ ბათუმი დასახელდა შშმ პირებისთვის ყველაზე ადაპტირებულ ქალაქად. ეს ნიშნავს, რომ დღეს ჩვენთან ყველაზე კარგი პირობებია ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარების კუთხით“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „პარსა“ მუშაობს, რომელიც 2012 წლიდან ინკლუზიური ტურიზმის ევროპული ქსელის ENAT-ის ასოცირებული წევრია.
საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებითა და უცხოელი კოლეგების ჩართულობით, „პარსამ“ ძირითადად სასტუმროებისა და კვების ობიექტების გარე და შიგა პერიმეტრები გამოიკვლია. შემოწმდა სასტუმროების საცხოვრებელი ნომრების, სველი წერტილების, კვებისთვის განკუთვნილი დარბაზების და ობიექტებამდე მისასვლელი გზების ხელმისაწვდომობა შშმ ტურისტებისთვის. როგორც ირკვევა, 16ადაპტირებული ობიექტია თელავში, მეორე ადგილზეა თბილისი - 15, ხოლო მესამეზე ბათუმი - 14 ობიექტით. შემდეგ მოდის სიღნაღი - 4, ანაკლია - 2, შემდეგ კი, ქობულეთი, წყალტუბო, სენაკი და ზუგდიდი თითო ობიექტით.
„პარსას“ დამფუძნებელმა თამარ მახარაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ კვლევა შვიდი წლის წინ (სპეციალურად შემუშავებული საერთაშორისო მეთოდით) დაიწყო. მისივე თქმით, მაშინ საქართველოში ადაპტირებული გარემო საერთოდ არ არსებობდა. წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მუშაობა ეტაპობრივად მიმდინარეობდა. სამი წლის წინ სპეციალისტებმა კვლევა ბათუმშიც ჩაატარეს და დაადგინეს, რომ გარკვეული უპირატესობა ინკლუზიური ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ბათუმს ნამდვილად აქვს, თუმცა სამუშაო ბევრია. ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტები უცხოელმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა შშმ პირებისთვის შედარებით ადაპტირებულად მიიჩნიეს. ამას ხელი შეუწყო ველობილიკების არსებობამ, რომლებზეც ეტლით მოსარგებლეებიც გადაადგილდებიან.
თამარ მახარაშვილის განცხადებით, წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ორგანიზაციამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვიზიტორებს უმასპინძლა.ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ინფოტურის ფარგლებში მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს, რამდენად ადაპტირებულია საქართველოში გარემო ინკლუზიური ტურიზმის მხრივ. ამ მიზნით ისინი სიღნაღს, თელავს, ყვარელს, გორს, ბორჯომს, რაბათს, ვარძიას, წყალტუბოს, ბათუმს სტუმრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად კომფორტული ტურის შედგენა სცადა, ბოლომდე ადაპტირებული გარემო მაინც ვერ შექმნა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ახალ მიმართულებას, ინკლუზიურ ტურიზმს, უკვე დიდი ყურადღება ეთმობა. თამარ მახარაშვილის აზრით, ბათუმს, თავისი ლანდშაფტიდან გამომდინარე, აქვს დიდი პოტენციალი, რომ შშმ ტურისტებისთვის ქვეყანაში ყველაზე საინტერესო და მიმზიდველ ადგილად იქცეს. ყველაზე დიდ სირთულეს იწვევს ის, რომ მაღალი კლასის სასტუმროებშიც კი მხოლოდ რამდენიმე ადაპტირებული ნომერია და ჯგუფის სტუმრობის შემთხვევაში ტურ-სააგენტოებს მათი სხვადასხვა სასტუმროში განთავსება უწევთ. ასევე არ არის ადაპტირებული საცურაო აუზები, ატრაქციონები, პლაჟზე ჩასასვლელები.
ჩვენ ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსს, ალექსანდრე თევზაძესაც დავუკავშირდით. მისი თქმით, ბათუმს ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის ყველა პირობა აქვს, თუმცა ჯერ მხოლოდ ზღვისპირა ზოლია ადაპტირებული. ძალიან ბევრია გასაკეთებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ისტორიულ ძეგლებთან მისასვლელი გზების ადაპტირებისთვის. ასევე, აუცილებელია ქალაქში შშმ პირებისთვის თავისუფლად ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი დანიშნულების სველი წერტილების მოწყობა. მნიშვნელოვანი პროექტებია განსახორციელებელი, რომ ბათუმმა შშმ პირებს რაც შეიძლება მეტი ტურისტული პროდუქტი შესთავაზოს. ამ თვალსაზრისით, „პარსას“ რეკომენდაციების და კონსულტაციების გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. თამარ მახარაშვილის თქმით, მათი ორგანიზაცია მზადაა, ტურისტულ სააგენტოებს ინკლუზიურ ტურიზმზე ორიენტირებული კადრების მომზადებაში დაეხმაროს.
დასკვნააღსანიშნავია, რომ საქართველოს დასახლებულ პუნქტებს შორის, რომლებიც კვლევის არეალში მოხვდა, ბათუმი ყველაზე ადაპტირებული არ არის და ის მხოლოდ მესამე ადგილზეა. კვლევები ცხადყოფს, რომ ძალიან ბევრი ტურისტული პროდუქტი ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი შშმ პირებისთვის. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარსას“ დამფუძნებლის, თამარ მახარაშვილის თქმით, ინკლუზიური ტურიზმის ევროპული ქსელის ENAT-ის წარმომადგენლები მართლაც მიიჩნევენ, რომ ბათუმს ადაპტირებული გარემოს შექმნის დიდი პოტენციალი აქვს.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა ბერძენიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.