• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ულუკაევის საქმე - „სისტემური ლიბერალების“ დასასრული?

ულუკაევის საქმე - „სისტემური ლიბერალების“ დასასრული?

14 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსულ მედიაში სენსაციური და უპრეცედენტო ახალი ამბავი გავრცელდა - უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე რუსეთის ეკონომიკური

24/11/2016
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

14 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსულ მედიაში სენსაციური და უპრეცედენტო ახალი ამბავი გავრცელდა - უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე რუსეთის ეკონომიკური განვითარების მოქმედი მინისტრი ალექსეი ულუკაევი დააკავა. ულუკაევი სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ შენობაში დააკავეს, სადაც ის თითქოს 2 მლნ დოლარის ქრთამის ასაღებად პირადად მივიდა. ძალოვნების ცნობით, მინისტრმა ქრთამი ნაღდი ფულით აიღო.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ეს თანხა მინისტრმა „როსნეფტის“ მიერ სახელმწიფო კომპანია „ბაშნეფტის“ 50-პროცენტიანი წილის შესყიდვაზე ნებართვის საფასურად გამოსძალა. თავად ულუკაევმა დანაშაული არ აღიარა, სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად შინაპატიმრობა შეუფარდა (სასამართლოს განაჩენს იგი დაახლოებთ 2,5 მილიონ დოლარად შეფასებულ საკუთარ ბინაში დაელოდება). ვლადიმირ პუტინმა მინისტრი მისი დაპატიმრების შემდეგ თანამდებობიდან გადააყენა.

რუსული წყაროების ცნობით, ФСБ მინისტრს დიდხანს უთვალთვალებდა და ამ საქმეში „როსნეფტის“ უსაფრთხოების სამსახურიც მონაწილეობდა. ეს კი ბევრ რამეს ნათელს ხდის. კერძოდ, იმას, რომ ულუკაევს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, „როსნეფტის“ ხელმძღვანელი, პუტინის უახლოესი მეგობარი იგორ სეჩინი დაუპირისპირდა.

თავად დაკავების ფაქტმა ძალიან ბევრი ეჭვი გააჩინა. მართალია, ულუკაევის უწყება „როსნეფტის“ მიერ „ბაშნეფტის“ პრივატიზებაში მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდა, იმ საბაბით, რომ სახელმწიფო კომპანია ისევ სახელმწიფო კომპანიას არ უნდა შეესყიდა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და გარიგებაზე ნებართვა გასცა. თითქოს ქრთამის აღებისთვის საბაბიც არსებობდა. თუმცა, რუსეთში უკლებლივ ყველა დამოუკიდებელი კომენტატორის აზრით, ისეთი მასშტაბის ფიგურა, როგორიც ულუკაევი იყო, ასეთ თანხაზე - 2 მლნ დოლარი, „თავს არ გაიფუჭებდა“.

რუსეთში, რომელიც, საერთაშორისო კვლევების თანახმად, კორუფციის მასშტაბით, ფაქტობრივად, აფრიკის ჩამორჩენილი ქვეყნების დონეზეა (იგივე ულუკაევის ოჯახის წევრები ცნობილი პანამის ოფშორების მფლობელებს შორის აღმოჩნდნენ), მთავრობის წევრისგან კრისტალურ პატიოსნებას არავინ ელოდა. თუმცა გასაკვირი ისაა, რომ მინისტრმა იგორ სეჩინის, ანუ პირადად პუტინის წინააღმდეგ წასვლა გაბედა, თანაც ამხელა რისკზე, რუსეთის მმართველი ელიტის სტანდარტით, ძალზე მცირე თანხისთვის - „ჯიბის ფულისთვის“ წავიდა.

ამან გააჩინა ეჭვები იმის შესახებ, რომ ულუკაევის დაკავება რაღაც უფრო დიდი და მასშტაბური პროცესის ნაწილია. მით უმეტეს, რომ რუსულ სააგენტოებში, კომპეტენტურ წყაროებზე დაყრდნობით, გაჩნდა ცნობები ამ საქმეში შესაძლო ახალი ბრალდებულების შესახებ.

ამ დაკავებაში მნიშვნელოვანი გარემოება ისაა, რომ ულუკაევი ე.წ. „სისტემურ ლიბერალებს“ განეკუთვნება, ანუ იმ დაჯგუფებას პუტინის ხელისუფლებაში თუ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებში, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს ღია საბაზრო ეკონომიკას და დასავლეთთან კონფრონტაციასა და ქვეყნის იზოლაციას რუსეთისთვის საზიანოდ მიიჩნევენ. ამ დაჯგუფებას მიაკუთვნებენ ფინანსთა ყოფილ მინისტრ ალექსეი კუდრინს, კორპორაცია „როსნანოს“ ხელმძღვანელ ანატოლი ჩუბაისს, პრემიერ დმიტრი მედვედევს და ა.შ. ეს ადამიანები პუტინმა რეალურ ძალაუფლებასა და გადაწყვეტილებების მიღებას დიდი ხანია ჩამოაშორა, თუმცა გარკვეული ტექნოკრატული ფუნქციები მთავრობაში დაუტოვა.

ლიბერალური ფრთის საპირისპიროდ, პუტინის ხელისუფლებაში პირობითად „ძალოვანთა და მენავთობეთა“ ბლოკი არსებობს, რომლის გავლენა უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებისა და, ფაქტობრივად, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან დაპირისპირების დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ზოგიერთი კომენტატორი ულუკაევის საქმეს ლიბერალურ ფრთაზე ძალოვანთა შეტევის დასაწყისად, ან მათთვის გაგზავნილ შეტყობინებად მიიჩნევს. თანაც, ამ ამბავს „როსნანოს“ ოფისში ჩხრეკის ჩატარებაც დაემთხვა. კორპორაცია, რომელსაც, ასევე, „სისტემური ლიბერალი“ ჩუბაისი ხელმძღვანელობს, რუსეთში ნანოტექნოლოგიების დანერგვით არის დაკავებული. რუსული ნანოტექნოლოგიების შესახებ აქამდე არავის არაფერი სმენია, თუმცა ბიუჯეტი კორპორაციას სავსებით რეალური აქვს.

ზოგიერთი მიმომხილველი კი ულუკაევის ამბავს სეჩინის პირადი ძალაუფლების დემონსტრირებად მიიჩნევს. იგორ სეჩინი სპეცსამსახურებისა და ძალოვნების დაჯგუფების მფარველად ითვლება. არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლიბერალური რეფორმების მოდელის საპირისპიროდ, რომელსაც ალექსეი კუდრინი ლობირებს, ძალოვნებისა და მენავთობეების კლანი ქვეყანაში ცვლილებების საკუთარ მოდელს ამზადებს, ხოლო ულუკაევზე შეტევა გართხილება იყო იმ ძალებისთვის, რომლებიც ამ გეგმის შესრულებას ხელს უშლიან. გაჩნდა მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ ძალოვანთა დაჯგუფება „სისტემურ ლიბერალთა“ სრული „წმენდისთვის“ ემზადება, რათა ყველა სფეროზე კონტროლი დაამყაროს.

თუმცა, მაგალითად, ცნობილი პუბლიცისტი ანდრეი პიონტკოვსკი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში, უბრალოდ, სეჩინისა და ულუკაევის პირადი ინტერესები გადაიკვეთა და კონფლიქტი ამგვარად გადაწყდა. პიონტკოვსკის აზრით, „წმენდის“ ჩატარება პუტინის მართვის სტილს არ შეესაბამება, რადგან ის ყოველთვის დაპირისპირებულ ბანაკებს შორის ბალანსის შენარჩუნებას ემხრობა.

ამავე დროს, პოლიტოლოგი ტატიანა სტანოვაია ულუკაევის დაკავებაში იმის ნიშნებს ხედავს, რომ სეჩინთან მჭიდროდ დაკავშირებულმა ФСБ-მ და სხვა ძალოვნებმა სამოქალაქო ხელისუფლების საკუთარ კონტროლქვეშ მოქცევა დაიწყეს, რაზეც თანხმობა პირადად პუტინისგან მიიღეს. ფაქტობრივად, მთელ შიდა პოლიტიკას რუსეთის ლიდერი ძალოვნებს აბარებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ის პროცესები, რაც რუსეთში ვითარდება, გაუმჭვირვალეა, საჯარო პოლიტიკის სფეროს არ განეკუთვნება და იმაზე მსჯელობა, რა დგას კონკრეტულად ამა თუ იმ მოვლენისა და ქმედების უკან, რთულია.

თუმცა, სახეზეა გარკვეული ტენდენციები - პირველ რიგში, რუსეთის მზარდი იზოლაცია საგარეო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით რეპრესიული რეჟიმის გაძლიერება. ეკონომიკური კრიზისის პირობებში კი პუტინის წინაშე ძალაუფლების შენარჩუნების გრძელვადიანი ამოცანა დგას და მისი მთავარი მოკავშირეები ქვეყნის შიგნით ის ძალები გახდებიან, ვინც ამ ამოცანის უკეთ შესრულების გარანტიას მისცემენ. ლოგიკურად, პუტინის მთავარი დასაყრდენი, ამ მხრივ, ძალოვნები და უშიშროების სტრუქტურებია. ამიტომ ამ პირობებში რუსეთის ლიდერი შესაძლოა, „სისტემური ლიბერალების“ ბანაკს, რომელიც აქამდე რეჟიმის ლიბერალური ფასადისა და ერთგვარი ლეღვის ფოთლის ფუნქციას ასრულებდა, შეელიოს კიდეც და ქვეყანაზე კონტროლი საიმედო ძალოვნებს ჩააბაროს.

რუსეთის მეზობლებს ამგვარი სცენარი კარგს არაფერს უქადის - ეს მათ წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის გზაზე რუსეთის შიგნით თუნდაც მცირე შემაკავებელი ფაქტორის გაქრობას ნიშნავს.

დიმიტრი ავალიანი
დიმიტრი ავალიანი

ყველა სიახლე

  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა