კირქვის საბადოებს შორის მოქცეული დასახლება, რომელსაც სტატუსი არ გააჩნია, კასპის მუნიციპალიტეტში 35 წლის წინათ, ცემენტის ქარხნის მუშებისთვის აშენდა. დროთა განმავლობაში ადგილობრივთა რაოდენობა შემცირდა და დასახლებაში დღეს უკვე 12-მდე ოჯახი ცხოვრობს. იქაურ მოსახლეობას ხან „კარიერის“, ხანაც „საჩიტეს“ ბინადრებს ეძახიან, თუმცა, „სადაურები ვართ, მაინც არ ვიცით, რადგან მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, ჩვენთვის სტატუსის მონიჭებაზე არავინ ფიქრობს. ყოველ წელს გვპირდებიან, რომ პრობლემას გადაწყვეტენ, მაგრამ დაპირებას რა აზრი აქვს, მაინც არაფერი იცვლება“, - განაცხადა ადგილობრივმა ნათელა იმედაშვილმა.

იმის გამო, რომ „კარიერის დასახლებას“ ოფიციალური სტატუსი არ აქვს, ადგილობრივი მოსახლეობა წლებია, უმისამართოდ ითვლება, რის გამოც სახელმწიფო მომსახურების მიღებისას ხშირად დაბრკოლებებს აწყდება, იქნება ეს საცხოვრებელი სახლებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში რეგისტრაცია თუ სხვა.

თუმცა, მოსახლეობის ნაწილი, იმისთვის, რომ სახელმწიფო მომსახურების მიღებაში ხელი არ შეშლოდა, ნათესავების ოჯახებში ჩაეწერა.

„კარიერის“ მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ადგილობრივების ნაწილს პირადობის დამადასტურებელი მოწმობაც არ აქვს. მათი თქმით, დასახლებაში პირადობის დამადასტურებელი საბუთები მოსახლეობის იმ ნაწილმა აიღო, „ვინც მოახერხა და ნათესავებს მიეკედლა“. დარჩენილი ნაწილი კი, დღემდე უსაბუთოდაა.

მაგალითისთვის, ქარელიძეების ოჯახი თავდაპირველად ქალაქ კასპში ცხოვრობდა, თუმცა შემდეგ ბინის გაყიდვა და „კარიერის დასახლებაში“ გადასვლა მოუხდა. მათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები დაკარგეს, ახალს კი იმ მიზეზით არ აძლევენ, რომ ოფიციალური მისამართი არ აქვთ.

„ჩვენი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალურად დაუცველის დახმარებას უნდა ვიღებდეთ, მაგრამ პირადობა არ გვაქვს, მისამართი არ გვაქვს და ვინ რას მოგვცემს? როცა კომუნალურების გადახდაა, მაშინ აქაურები ვართ, გადასახადებზე ჩვენი უსტატუსობა არ მოქმედებს“, - განაცხადა ადგილობრივმა ნორა ქარელიძემ.

„კარიერის“ მაცხოვრებლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ თუკი დასახლებისთვის ცალკეული სტატუსის მინიჭება ვერ მოხდება, რომელიმე ახლომდებარე სოფელს მაინც შეუერთონ.

„თუ მათ არ იფიქრეს და მოაგვარეს პრობლემა, აბა ჩვენ, საკუთარი ძალებით რას შევძლებთ?“ - ამბობს ნათელა იმედაშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრი“ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა. კასპის გამგეობაში განაცხადეს, რომ დასახლებისთვის სტატუსის მინიჭება ვერ მოხერხდება, თუმცა განმარტეს, რომ პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზებზე

იმსჯელებენ.

გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დალი კორკომაშვილის განცხადებით, „ვინაიდან სოფლისთვის, ქალაქისა თუ დაბისთვის სტატუსის მინიჭება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით არის გათვალისწინებული, ამ დასახლებისთვის სტატუსის მინიჭება წარმოუდგენელია - სულ 12 ოჯახია დარჩენილი და შესაბამისად, მას ვერანაირი სტატუსი ვერ ექნება“.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა კი განაცხადა, რომ გამგეობასა და საკრებულოში დასახლებისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა როდის გადაწყდება საკითხი, დანამდვილებით არ იცის.

„ჯერ საჯარო რეესტრმა უნდა გადაწყვიტოს გადამისამართების საკითხი. თუმცა, თუ ეს ვერ მოხდება, საკრებულოს მომდევნო სხდომაზე „კარიერის დასახლების“ საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, დეპუტატები იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, როგორ მოგვარდეს პრობლემა. სავარაუდოდ, დასახლებას რომელიმე ახლომდებარე სოფელს, კავთისხევს ან ქვემო ხანდაკს მივუერთებთ და საკითხიც მოგვარდება“, - განაცხადა გოჩიტაშვილმა.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრობლემას იცნობენ, მეტიც, გამგებლის თქმით, „საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და პრობლემა მალე მოგვარდება“.

დაპირება სტანდარტულია, იმედის მომცემი, თუმცა, როდის და რა ფორმებით გადაწყდება „კარიერის“ თუ „საჩიტეს“ ბინადრების პრობლემა, დანამდვილებით არავინ იცის.