რომ ბათუმის აეროპორტის გადატანას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში გეგმავდა, რადგან, მისი თქმით, ბათუმისგან განსხვავებით, ეს ადგილი ორმხრივად მისადგომი იქნებოდა. ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აეროპორტის მშენებლობა დაწყებული იყო.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
აეროპორტი სოფელ მერიაში 1990 წლის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. როგორც აეროპორტის ყოფილი დირექტორი აცხადებდა, საბჭოთა კავშირის დაშლამდე იგი გამართულად მუშაობდა. 2012 წლის 27 ივნისს მომზადებულ სიუჟეტში,რომელიც "მეცხრე არხის" ეთერით გავიდა, ჩანს დაზიანებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და დაშლილი შენობები.
2010 წლის 28 სექტემბერს „გურია ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გურიის მაშინდელი გუბერნატორი აცხადებდა,რომ მოუთმენლად ელოდებოდა მერიაში აეროპორტის მშენებლობის დაწყებას.
2013 წლის 2 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ვერტმფრენით დაათვალიერებინასაქართველოში შეჩერებული პროექტები და აღნიშნა, რომ მერიის აეროპორტის მშენებლობა საპროექტო სამუშაოების დონეზე გაჩერდა.
ფაქტ-მეტრი დაუკავშირდა ყველა უწყებას, სადაც აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, აეროპორტების მართვის სააგენტოს, სადაც აცხადებენ, რომ მსგავსი პროექტი დაწყებული არ ყოფილა.
იყო თუ არა ბათუმიდან სოფელ მერიაში აეროპორტის გადატანის სამუშაოები დაწყებული, ამ კითხვაზე ვერც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გვიპასუხეს. გიორგი კანდელაკმა დაადასტურა, რომ ასეთი იდეა იყო, თუმცა სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია მას არ ჰქონდა. ფაქტ-მეტრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერს, ლევან ვარშალომიძეს დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, მერიის აეროპორტთან დაკავშირებით შესწავლის პროცესი იყო დაწყებული, კერძოდ, ტერიტორიის გასაცნობად და დასათვალიერებლად ადგილზე ჯგუფი იყო ჩასული.
დასკვნა
ბათუმის აეროპორტის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში გადატანასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საუბარი მართლაც იყო. ეს სატელევიზიო სიუჟეტებშიც დასტურდება, თუმცა სამუშაოები, ოფიციალურად, პროექტის დონეზეც კი, დაწყებული არ ყოფილა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.